როდესაც ავღანელ ქალებს სიტყვის, გამოხატვის და განათლების უფლება გააჩნდათ

გაზიარება:

„ქალებს უფლებები აღარ ექნებათ“ - ეს გახლდათ ავღანელი ქალის ცრემლნარევი კომენტარის ყველაზე ემოციური მომენტი მას შემდეგ, რაც ექსტრემისტმა თალიბებმა ავღანეთის დედაქალაქში შესვლა და ხელისუფლების ხელში ჩაგდება წინააღმდეგობის გარეშე მოახერხეს. ქალებმა ავღანეთში თავისუფლება კიდევ ერთხელ დაკარგეს და აღმოჩნდენ იმ სასტიკი რეალობის წინაშე, რომელიც კარგად დავიწყებული წარსული უნდა ყოფილიყო.

თუმცა, ავღანელი ქალებისთვის წარსული მხოლოდ თალიბებთან არ ასოცირდებოდა, მათ ნათელი მოგონებებიც გააჩნდათ, როდესაც ქალებს სიტყვის, გამოხატვის, ჩაცმისა და განათლების თავისუფლება ჰქონდათ, როდესაც თავად ირჩევდნენ სახლიდან იმუშავებდნენ თუ ოფისიდან, როდესაც მათ სახეებსა და ღიმილს ჩადრი არ ფარავდა.

განათლება

1962 წლით დათარიღებულ ფოტოსურათზე ქაბულის უნივერსიტეტის მედიცინის ორი სტუდენტი ქალია აღბეჭდილი, რომლებიც პროფესორის ლექციას ყურადღებით უსმენენ. ამ დროს ქალები აქტიურ როლს ასრულებდნენ ავღანეთის საზოგადოებაში, მათ ჰქონდათ განათლების მიღებისა და მუშაობის სრული უფლება.

ქუჩის სტილი

კიდევ ერთი ფოტოსურათი, რომელიც 1962 წლით თარიღდება ქაბულის ქუჩებშია გადაღებული, ფოტოზე აღბეჭდილი ქალების სტილში დასავლური გავლენა ნათლად ჩანს. ავღანეთში ქალების ჩაცმის კულტურა მას შემდეგ შეიცვალა, რაც 1990-იან წლებში ძალაუფლება ფუნდამენტალისტი თალიბების ხელში აღმოჩნდა და ქვეყანაში, ქალისთვის, ჩადრის ტარება სავალდებულო გახდა.

თანაბარი უფლებები ყველასათვის

1970-იან წლებში, ავღანეთის საგანმანათლებლო ცენტრებში ქალი სტუდენტების ხილვა ჩვეულებრივი მოვლენა გახლდათ, რასაც ვერ ვიტყვით იმ რეალობაზე, რომელიც 20 წლის შემდეგ დადგა ქვეყანაში და ქალებს განათლებაზე წვდომა არა მხოლოდ შეეზღუდათ, არამედ მთლიანად აეკრძალათ. 2001 წელს, თალიბების რეჟიმის დამხობის შემდეგ სიტუაცია ისევ შეიცვალა და 2003 წლის კონსტიტუციით ქალებსა და მამაკაცებს განათლების მიღების თანაბარი უფლება მიეცათ. 

სამწუხაროდ, რეალობა 18 წლის შემდეგ კვლავინდებურად იცვლება და თალიბებიც, ხელისუფლების ხელში ჩაგდების შემდეგ, ქალებს განათლების უფლებას ისევ წაართმევენ.

კომპიუტერული მეცნიერებები ადრეული ასაკიდან

ფოტოზე გამოსახულია საბჭოთა ინსტრუქტორი, რომელიც ქაბულის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში კომპიუტერულ მეცნიერებებს ასწავლის. 10 წლის განმავლობაში, 1979 წლიდან 1980 წლის ჩათვლით, კომპიუტერული მეცნიერებები ავღანეთში, როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის ისწავლებოდა.

სკოლა ყველასთვის

ფოტოსურათზე ქაბულის საშუალო სკოლის მოსწავლეები არიან ასახული, თალიბების ოკუპაციის შემდეგ ქალებს არა მხოლოდ უმაღლესი, არამედ საშუალო განათლების მიღებაც აეკრძალათ. ამიერიდან, ქალებს მუშაობა მხოლოდ სახლის პირობებში შეეძლოთ.

კლასობრივი სტრუქტურა

1981 წლით დათარიღებულ ფოტოსურათზე ხედავთ ქალს ჩადრის გარეშე შვილებთან ერთად, მსგავსი სცენების ხილვა ავღანეთში რამდენიმე წელიწადში წარმოუდგენელ მოვლენად იქცა, მართალია თალიბების რეჟიმი დაემხო, თუმცა ქალების უფლებები ისეთი აღარასოდეს ყოფილა, როგორც უწინ, მათ ყოველდღიურად უწევდათ ბრძოლა თანაბარი უფლებებისთვის, რაც დღევანდელ რეალობაში და ხელისუფლების სათავეში თალიბების მოსვლის შემდეგ, სრულიად წარმოუდგენელ მისიად იქცა.

ზევით