გაიგეთ მეტი დიზაინისა და არქიტექტურის კვირეულის შესახებ

TAD არის კულტურული, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პლატფორმა, რომელიც საქართველოში 2020 წლიდან არსებობს და ჩვენი ქვეყნის მრავალ სტუდენტს აერთიანებს. დიზაინისა და არქიტექტურის კვირეული დღეს დაიწყო, ის 18 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. The Diary-ის რედაქცია კვირეულის დამფუძნებელს, მარიამ ბოჭორიშვილს გაესაუბრა და ის უკეთ მოგვიყვება ამ ღონისძიების შესახებ დეტალებსა და შემქმნელების დასახულ მიზნებზე.

როგორც ვიცით, ყოველწლიურად ვითარდება კვირეული, რა გზა გაიარეთ დღემდე და რა სიახლეებს სთავაზობთ სტუდენტებს?

მარიამი: სანამ დაარსდებოდა TAD WEEK, არსებობდა თბილისის არქიტექტურული კვირეული. ამ კვირეულის დაარსების იდეა 2020 წელს გაჩნდა, მაშინ მე საგარეო საქმეთა სამინისტროს პროგრამის ფარგლებში საქართველოს ახალგაზრდა ელჩის სტატუსით იტალიის რესპუბლიკაში ვიმყოფებოდი. სწორედ ამ დროს გაჩნდა იდეა, შეგვექმნა არქიტექტურული კვირეული თბილისში. მე ვიყავი მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის მაგისტრი, სწორედ ამან განაპირობა, რომ ჩვენი კვირეულის მთავარი პარტნიორი სწორედ ეს სასწავლებელი გამხდარიყო. შემდეგ უკვე ჩემი იდეა თბილისის მერიის წარმომადგენლებს გავუზიარე, სწორედ ის გახლავთ ჩვენი მთავარი პარტნიორი საქართველოს მხრიდან. 2020 წელს პანდემიამ ჩვენც შეგვიშალა ხელი და იმდენად მასშტაბური ვერ გამოვიდა კვირეული, თუმცა ძალები აღვიდგინეთ და მეტიც, კვირეულს დიზაინის ნაწილიც დაემატა. TAD Week გაცილებით მეტი სფეროს მომცველი გახდა. დღეს უკვე ის აერთიანებს არქიტექტურის, დიზაინის, ურბანისტიკის, კულტურული მემკვიდრეობის და ხელოვნების სხვა სფეროს პროფესიონალებს, სტუდენტებსა თუ სამთავრობო და არასამთავრობო ინსტიტუციებს.

მოგვიყევით თქვენს პირად მოტივაციაზეც, რატომ გადაწყვიტეთ ამ საქმისთვის მოგეკიდათ ხელი?

მარიამი: ასეთი საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოში ჩვენამდე არ არსებობდა, შესაბამისად სტუდენტებისთვის ძალიან სასიხარულო სიახლე იყო. იმას, რომ კვირეულმა უდიდესი წვლილი შეიტანა მათ განვითარებაში ისიც მოწმობს, რომ ხშირად მხვდებიან სხვადასხვა გარემოში ჩვენი კვირეულის მონაწილე სტუდენტები და აშკარად თავიანთ პროფესიულ გზაზე წინ მიიწევენ. შარშან იმდენად კმაყოფილები იყვნენ სტუდენტები, რომ წელს რეგისტრაციის დაწყებიდან რამდენიმე საათში სრულიად შეივსო ადგილები. მოტივაციას სწორედ ასეთი ენთუზიაზმით აღსავსე ახალგაზრდები გვაძლევენ. თანაც მე რომ ვფიქრობ, რამდენად მაგარი იქნებოდა ჩემი სტუდენტობის პერიოდში ასეთი შესაძლებლობის ქონა, ესიც მაძლევს ძალას, რომ ამ პროექტის განვითარებისთვის მაქსიმალური გავაკეთო.

არქიტექტურის კვირეული 2023 წელს

მოგვიყევით კვირეულის პროცესზეც, როგორი სახის ღონისძიებებია დაგეგმილი?

მარიამი: კვირეულზე დასასწრებად მოსწავლეები მთელი საქართველოს უნივერსიტეტებიდან მოდიან. მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი მსოფლიოს არქიტექტურული უნივერსიტეტებიდან ათეულშია შესული, სწორედ ამ უნივერსიტეტის პროფესიონალები ჩაუტარებენ სამუშაო შეხვედრებსა და ლექციებს ქართველ სტუდენტებს. ერთ-ერთი საინტერესო მიმართულება, რომელზეც ჩვენს კვირეულზე გვექნება საუბარი, ურბანული ჯანმრთელობაა. ის აერთიანებს არამხოლოდ ეკოლოგიას, არამედ მენტალური და ფიზიკური ჯანმრთელობის საკითხებს, რომლებიც, თავის მხრივ საინტერესოდაა დაკავშირებული კულტურულ მემკვიდრეობასთან. Stefano Capolongo, ურბანული ჯანმრთელობის სპეციალისტია, მილანის უნივერსიტეტში, სწორედ ის გამართავს ამ საკითხზე საინტერესო შეხვედრებს.

სტეფანო კაპოლონგო, მილანის პოლიტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი

ასევე მოწვეული გვყავს Andrea Rebeck, კულტურული მემკვიდრეობის, რესტავრაცია-კონსერვაციის სპეციალისტი. ამ თემებზე საუბარი კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სტუდენტებს ხშირად არ აქვთ მოტივაცია ამ საქმეს მოჰკიდონ ხელი, არადა საქართველოსთვის კრიტიკულად საჭიროა ამ სფეროს პროფესიონალები. ყველას ჩამოთვლას ვერ შევძლებ ალბათ, იმდენი საინტერესო, ადგილობრივი და უცხოელი სპეციალისტი დაესწრება ჩვენს კვირეულს.

მედიკოსებიც კი იქნებიან მონაწილეთა შორის, რადგან ვისაუბრებთ საავადმყოფოების არქიტექტურაზე, მათ სწორად დაგეგმარებაზე. ეს სფერო არ ისწავლება ჩვენს ქვეყანაში, არადა დამეთანხმებით, ძალიან საჭიროა. სწორედ ჩვენ ვიყავით პირველები, ვინც ამაზე ხმა ამოვიღეთ.

2023 წლის კვირეულში მონაწილე სტუდენტები

სამომავლოდ რა გეგმები გაქვთ?

მარიამი: სამომავლოდ გვსურს მეტი ქვეყანა მოვიცვათ და მეტი სპეციალისტი ჩამოვიყვანოთ საქართველოში. ამასთანავე, შევეხოთ სხვა მნიშვნელოვან თემებს, გავაცნოთ ახალი ტერმინები სტუდენტებს და ავამაღლოთ ცნობიერება საჭირო საკითხების ირგვლივ. 

ზევით