#ჯანმრთელობა

თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ...

გაზიარება:

21-ე საუკუნეში აღარაფერი გვაკვირვებს, მითუმეტეს მედიცინის სფეროში, რომელიც უახლოეს ათწლეულში კიდევ უფრო მეტ გარღვევას გვპირდება. თუმცა, არსებობს პროცედურები, რომელთა ეფექტურობაც ჯერ კიდევ საკამათოა. მათ შორისაა თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლის პროცედურაც (რომლის შესახებაც მე პირადად აქამდე არაფერი ვიცოდი).

თვალის ფერის შეცვლა, ოპერაცია, ცისფერი თვალები

შესაძლებელია თუ არა თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლა?

ადამიანის თვალის ფერი საბოლოო შეფერილობას ბავშვობაშივე იღებს, შესაბამისად ყავისფერი, ცისფერი, მწვანე, თუ სხვა ტონალობის ბუნებრივი ფერი ადამიანს მთელი სიცოცხლის მანძილზე მიჰყვება. თვალის ფერის შეცვლის მიზნით ადამიანების დიდი ნაწილი კონტაქტურ ლინზებს იყენებს, რაც დროებითი გადაწყვეტაა. ისინი, კი ვისთვისაც ცისფერი თვალები (ხშირ შემთხვევაში ამ ფერის თვალებზე ვოცნებობთ) უნდათ რომ ჰქონდეთ, გაცილებით რადიკალურ ხერხებს მიმართავენ.

ახალი (სადაო) ქირურგიული პროცედურა, რომელიც თვალის ფერის სამუდამოდ შეცვლის საშუალებას იძლევა, სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება.

პრაქტიკა, რომელსაც ყველაზე ხშირად ცნობილი ადამიანები მიმართავენ, თვალის ფერს ბუნებრივი ირისის საშუალებით სულ რამდენიმე წუთში ცვლის. თუმცა პროცედურა დიდ რისკებს მოიცავს. ექიმები გვაფრთხილებენ, რომ თვალის შეცვლის ქირურგიულმა პროცედურამ თვალის მრავალი, მათ შორის მძიმე დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს.

თვალის ფერის შეცვლა, პროცედურა

რას გულისხმობს თვალის ფერის შეცვლის პროცედურა?

ირისის იმპლანტების თვალში განთავსება რამდენიმე წუთიანი პროცედურაა, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არალეგალურია, ამიტომ ცნობილი სახეები, რომლებიც ზემოხსენებულ ტექნიკას სულ უფრო და უფრო ხშირად მიმართავენ, ხშირად მას აშშ-ის საზღვრებს გარეთ, ლათინოამერიკულ ქვეყნებში იკეთებენ.

ირისის იმპლანტის ქირურგია თვალის ტრავმული დაზიანებებისა და სამედიცინო მდგომარეობების სამკურნალოდ შეიქმნა: ესენია ანირიდია, როდესაც თვალს მთელი ირისი აკლია და კოლობომა, როდესაც თვალში ირისის ნაწილის ნაკლებობაა. პროცედურა ხშირ შემთხვევაში ლოკალური ანესთეზიით კეთდება. ექიმი თვალის რქოვანაზე მცირე ზომის ჭრილს აკეთებს და მასში დაკეცილ ირისს ათავსებს. დაკეცილ ირისს რქოვანას ქვეშ მოთავსების შემდეგ შლიან, რომ მან რეალური ირისი დაფაროს.

მწვანე თვალები, თვალის ფერის შეცვლა, ოპერაცია

მიუხედავად პროცედურის სამედიცინო დანიშნულებისა, ქირურგიულ ჩარევას კოსმეტიკური მიზნებით სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი მიმართავს. კვლევები გვაჩვენებს, რომ ადამიანებს, რომლებმაც თვალის შეცვლის ქირურგიული პროცედურა ჩაიტარეს, ხშირ შემთხვევაში შემდეგი გართულებები უვითარდებათ: მხედველობის დროებითი, ან სამუდამოდ დაკარგვა; გლაუკომა (თვალის შიგნით მომატებული წნევის გამო); კატარაქტა; რქოვანას დაზიანება; რქოვანას შეშუპება; უვეიტი, თვალის ანთების ფორმა, რომელიც იწვევს სიწითლეს, ტკივილს და მხედველობის დაბინდვას.

ღირს თუ არა ირისის გადანერგვის პროცედურის გაკეთება?

არა! ამ ეტაპზე პროცედურა საკმაოდ ბევრი რისკის შემცველია, თუმცა დარწმუნებულები ვართ, რომ რამდენიმე წელიწადში თვალის შეცვლის პროცედურის უსაფრთხოდ ჩატარება უკვე შესაძლებელი იქნება, მანამდე კი მათ, ვისაც საკუთარი თვალის ფერი დიდად არ მოსწონს, ან უბრალოდ სიახლეს ეძებს, ფერადი კონტაქტური ლინზების გამოყენებას ვურჩევთ (თუმცა ამ შემთხვევაშიც ჯობს კონსულტაცია თვალის ექიმთან გაიაროთ).

ზევით