#მუსიკა

ხატია ბუნიათიშვილი - ველური ხელების პატრონი

გაზიარება:

„ის ველური ხელების პატრონია", - შვეიცარიული გამოცემა Le Temps

მასზე არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც ბევრს საუბრობენ. მის შემოქმედებაში მომხდარი სიახლე როგორც ქართული, ასევე მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებების მთავარი თემა ხდება. ბუნიათიშვილის სახელთან პროფესიონალიზმი, აღიარება და მსოფლიო წარმატება ასოცირდება. ხატია იმ საამაყო ქართველების სიაში შედის, რომელთა შემოქმედების დამსახურებით საქართველო მსოფლიოს კულტურულ რუკაზე მოინიშნა.

khatia buniatishvili

33 წლის ხატია ბუნიათიშვილი მსოფლიოდ აღიარებულია. საკუთარი ნიჭით, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკით, განსხვავებული მანერით, ქარიზმით და გამორჩეული სილამაზით, ახალგაზრდა ქალმა მსოფლიოს მუსიკალური სამყარო აალაპარაკა. თუმცა, სანამ წარმატებასა და დიდ აღიარებას მოიპოვებდა, გოგონამ საქართველოდან, ძალიან გრძელი და რთული გზა გაიარა.

ხატია ბუნიათიშვილი 1987 წლის 21 ივნისს, ბათუმში დაიბადა. მან ფორტეპიანოზე დაკვრა სამი წლის ასაკში ისწავლა. ექვსი წლიდან კი საკონცერტო საქმიანობა დაიწყო. ორკესტრთან ერთად, პირველად სწორედ მაშინ დაუკრა.

 გარდა იმისა, რომ ასეთი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია, ის ყველაფერში საინტერესოა – აზროვნებს სხვანაირად და არაორდინარულია .

khatia buniatishvili

ხატია თითქმის 20 წელია, რაც ევროპის ქვეყნებში, აზიის, ამერიკისა და ავსტრალიის კონტინენტებზე კონცერტებს მართავს. მისი სახელი ისეთ ცნობილ საკონცერტო დარბაზებთანაა დაკავშირებული, როგორებიცაა: Carnegie Hall ნიუ-იორკში, Wigmore-Hall და Royal Albert Hall ლონდონში, Musikverein ვენაში, ბერლინის ფილარმონია, მონაკოს ოპერა და სხვა.

ვირტუოზი პიანისტი 1999 წლიდან მსოფლიო მასშტაბით კონცერტებს მართავს და მონაწილეობს ისეთ მუსიკალურ ფესტივალებში, როგორებიცაა: Verbier Festival, Menuhin Festival Gstaad და სხვ. ის არაერთი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, მთავარი პრიზიორი და  ჯილდოს მფლობელია.  

როდესაც ხატია პიანინო უკრავს, მსმენელი მის ცეცხლოვან ემოციას და ქარიზმას შეიგრძნობს.

ხატია ბუნიათიშვილი სცენაზე ხასიათის მიხედვით იმპროვიზირებს და დირიჟორებს მუდამ გამოწვევის წინაშე აყენებს. მას დღეს უკვე შეუძლია, რომ თავს უფლება მისცეს და რეპერტუარი იმის მიხედვით შეარჩიოს, თუ რა უყვარს. პიანისტს კომპოზიტორებიდან ლისტი განსაკუთრებულად უყვარს და 2012 წელს პირველი დისკი სწორედ მას მიუძღვნა. მისი ეს ალბომი, იმ წელს გამოშვებულ დისკებს შორის საუკეთესოდ აღიარეს.

​​khatia buniatishvili

ხატია ბუნიათიშვილი მთელ მსოფლიოში ახალგაზრდა პიანისტებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხელოვანია. მის მიერ შესრულებული ლისტის ნაწარმოების მიმოხილვისას, სხვადასხვა მუსიკალური გამოცემა მისთვის  საქებარ სიტყვებს არ იშურებს. შვეიცარიული გამოცემა Le Temps წერდა, რომ ის „ველური ხელების“ პატრონია, Guardian-ი კი ბუნიათიშვილს მომავლის ერთ-ერთ უდიდეს პიანისტად მოიხსენიებს. ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, რომ ის ტემპს უგულებელყოფს და ფორტეპიანოსთან განსაცვიფრებელ რისკს არ უშინდება.

ხატია ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს და საქმიანობს. სწორედ საფრანგეთის პირველმა არხმა დაასახელა ქართველი პიანისტი 2016 წლის საუკეთესო მუსიკოს ქალად. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად დატვირთული საკონცერტო განრიგისა, ხატიას ქართველი მსმენელი არასოდეს ავიწყდება და როცა ამის შესაძლებლობა ეძლევა, სამშობლოშიც მართავს კონცერტებს და ჰონორარის არასდროს იღებს ამაში.

ზევით