#კინო

აგვისტოს თვის მნიშვნელოვანი პრემიერები

გაზიარება:

კინოსტუდიებმა ზაფხულის ბოლო თვე გემრიელ ლუკმად მოიტოვეს. დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, ჩვენი საყვარელი სერიალების მომდევნო სეზონებს ვიხილავთ. სერიალებთან ერთად, აგვისტოში არაერთი საინტერესო ფილმების პრემიერაცაა ჩანიშნული. The Diary კი გამზადებულ August Must watch სიას გთავაზობთ. 

Emily in Paris

ემილი კუპერის პარიზული თავგადასავალი მეოთხე სეზონით გრძელდება. სერიების პირველ ნაწილს 15 აგვისტოს, მეორეს კი 12 სექტემბერს ვიხილავთ. გახსოვთ რა მოხდა მესამე სეზონში? რა აღარ ვიხილეთ: სასიყვარულო სამკუთხედები, ახალი წყვილები, დანგრეული ურთიერთობები, ნიშნობის ჩაშლილი წვეულება... თუმცა, რა გასაკვირია, ეს ხომ ემილის პარიზული ცხოვრებაა. მეოთხე სეზონში ემილის გონება ისევ ორ ადამიანზე, ალფისა და გაბრიელზე ფიქრებს აქვს მოცული. გაბრიელი ყოფილი შეყვარებულისგან, კამისგან შვილს ელოდება, ალფიმ კი ემილისა და გაბრიელის ურთიერთების შესახებ ყველაფერი გაიგო. მინდისა და სილვის ცხოვრებაშიც პრობლემები იჩენს თავს. პარიზს დრამა ძალიან უხდება და სწორედ ამ ჩახლართული ამბების გამოა, რომ ეკრანებს ვერ ვწყდებით ხოლმე.

3 აპრილს ისიც გავიგეთ, რომ მეოთხე სეზონში საფრანგეთის პირველ ლედის, ბრიჯით მაკრონს ვიხილავთ.

emily in paris, ემილი პარიზში
ფოტო:netflix
The Lord of the Rings: The Rings of Power

იცოდით, რომ ბეჭდების მბრძანებელი დღესდღეობით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული სერიალია?! გასაოცარი ეფექტებითა და გამოსახულებებით განებივრებული მაყურებელი 29 აგვისტოს მეორე სეზონის პრემიერას სულმოუთქმელად ელის. სერიალის მეორე სეზონში საურონის აღზევებასა და ძალაუფლებისთვის დაუნდობელ ბრძოლას ვიხილავთ. საულონის როლს კვლავ ჩარლი ვიკერსი მოირგებს. ამ სეზონის სიუჟეტი "ჰობიტამდე" და "ბეჭდების მბრძანებლამდე" ათასობით წლით ადრე ვითარდება. შოუ პირველივე სერიებიდან ადამიანის შავ-ბნელი ბუნების სიღრმეებში შეგვახედებს და პერსონაჟებს უკეთ გაგვაცნოს. საურონი ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვის და შუახმელეთში დაძაბულობის შექმნას ცდილობს. მეორე სეზონზე სამმა ქალმა იმუშავა, რეჟისორები შარლოტ ბრენდსტრომი, სანა ჰამრი და ლუიზ ჰუპერი იყვნენ.

The Umbrella Academy

The Umbrella Academy მეოთხე და ბოლო სეზონით 9 აგვისტოს დაგვიბრუნდება. სერიალი ჯერარდ უეისა და გაბრიელ ბას კომიქსებზეა დაფუძნებული და სუპერძალების მქონე და-ძმებზე მოგვითხრობს. თითოეულ მათგანს განსაკუთრებული ნიჭი აქვს. მაგალითად კლაუსს გარდაცვლილებთან საუბარი შეუძლია, ფაივი კი ტელეპორტაციის უნარითაა დაჯილდოებული. მეოთხე და დასკვნით სეზონში კულმინაციებით, შავი იუმორით, კომპლექსური ურთიერთობებით და ოჯახური დრამებით დატვირთული სიუჟეტი გველოდება. ამჯერად, ჩვეული 10 სერიის ნაცვლად, მხოლოდ 6 ეპიზოდი გამოვა. შეგახსენებთ, რომ მესამე სეზონის ბოლოს მთავარი გმირები ძალებს კარგავენ და სრულიად ახალ დროში იღვიძებენ. ახალი იდენტობა, უძლურობის შეგრძნება და შეცვლილი რეალობა - ასეთი დასაწყისი აქვს მეოთხე სეზონს, რომელშიც ჰარგრივზების ოჯახი სამყაროს აპოკალიფსისგან გადარჩენას ბოლოჯერ ეცდება.

Only Murders in the Building

აგვისტოში "Only Murders in the Building"-ის მეოთხე სეზონის პრემიერაც გველის. Hulu-ს სერიალი პოდკასტის წამყვანებსა და მოყვარულ გამომძიებლებზეა. მთავარ როლებში კვლავ სელენა გომესი, სტივ მარტინი და მარტინ შორთი იქნებიან. ამ სეზონში ვიხილავთ ისეთ ვარსკვლავებს, როგორებიც არიან ევა ლონგორია, მერილ სტრიპი, ზაქ გალიფიანაკისი, მელისა მაკ-კართი და სხვები. ამჯერად სერიალის შეუცვლელი ტრიო აფერ ისთ-საიდზე მომხდარ მკვლელობას იძიებს. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ მკვლელის რეალური სამიზნე ჩარლს ბრაზო, სტივ მარტინის პერსონაჟი იყო. მეოთხე სეზონი 17 აგვისტოს იქნება ხელმისაწვდომი.

It Ends With Us

ამერიკელი მწერლის, კოლინ ჰუვერის რომანი "It Ends With Us" ბესტსელერების თაროზე საპატიო ადგილს 2016 წლიდან იკავებს. ახლა კი წიგნის ეკრანიზაციას, ბლეიკ ლაივლის მონაწილეობით ვიხილავთ. ფილმი ახალგაზრდა ქალის, ლილი ბლუმის ამბავზეა. ლილი ბოსტონში ყვავილების მაღაზიას ხსნის, როდესაც ნეიროქირურგ, რაილი კინკეიდს გაიცნობს. მათი ბედნიერი სიყვარულის ისტორია რამდენიმე წუთში ნამსხვრევებად იქცევა. ეს არის დრამატული ამბავი ბავშვობის სიყვარულის, ოჯახური ძალადობის, წარსულის ტრავმისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის შესახებ. ასე რომ, ჩვენი რჩევა იქნება, 8 აგვისტოსთვის ხელსახოცები მოიმარაგოთ, რადგან ერთ-ორი ცრემლი აუცილებლად ჩამოგვარდებათ.

Trap

Warner Bros.-ის ახალი ფილმი Trap 2 აგვისტოს გამოდის. მხოლოდ ტრეილერი ისეთი შთამბეჭდავია, რომ ფილმის ყურების სურვილს ასმაგად გაგიმძაფრებთ. Trap ნაიტ შიამალანის ფსიქოლოგიური ტრილერია, რომელშიც მთავარი პერსონაჟის, კუპერის როლს ჯოშ ჰარნეტი ასრულებს. კონცერტზე შვილთან ერთად წასული მამა გაიგებს, რომ ღონისძიება სერიული მკვლელის, The Butcher-ის დასაჭერად მოწყობილი მახეა. უცებ კი მაყურებლისთვის გასაკვირად ვიგებთ, რომ კუპერი თავადაა სერიული მკვლელი.

Blink Twice

თუ “Saltburn” ან “Don’t Worry Darling” მოგეწონათ, ეს ფილმი თქვენთვისაა. ზოი კრავიცის, როგორც რეჟისორის სადებიუტო ფილმის პრემიერა 23 აგვისტოსაა ჩანიშნული. ამერიკული ტრილერი ნაომი აკის პერსონაჟის, ფრიდას შესახებ მოგვითხრობს. ფრიდა ერთ საღამოს მილიარდერ ბიზნესმენს გაიცნობს, რომელსაც ჩენინგ ტატუმი თამაშობს. მილიარდერი სლეითერ კინგი ფრიდას თავის კუნძულზე გამართულ წვეულებაზე ეპატიჟება. ფრიდა იქ თავის მეგობართან ერთად მიდის. ზღაპრული დასვენება ნელ-ნელა ცუდ სიზმარში გადაიზრდება, რომელიც ფრიდას მეგობრის გაუჩინარებით იწყება და საბოლოოდ რეალობას კოშმარად აქცევს.

Alien: Romulus

თუ სამეცნიერო ფანტასტიკისა და საშინელებათა ჟანრები გიზიდავთ, 16 აგვისტო კალენდარზე აღნიშნეთ, რადგან წინ Alien ფრენჩაიზის ნაწილის, Alien: Romulus-ის პრემიერა გველის. სიუჟეტი კოსმოსის ახალგაზრდა კოლონიზატორების ჯგუფის ირგვლივ ვითარდება. ფილმი კოსმოსის საშიშ მხარეს, კლაუსტროფობიულ და ეჭვებით გაჟღენთილ გარემოს ასახავს. რეჟისორი ურუგვაელი ფედე ალვარესი გახლავთ. 

 

 

ზევით