ანა ჯაფარიძის საოცარი დებიუტი პარალიმპიადაზე

პარიზში პარალიმპიური თამაშები ოფიციალურად გაიხსნა. პირველივე დღეს, საქართველოს სახელით მოასპარეზე ანა ჯაფარიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ანა ჯაფარიძე, პარიზის პარალიმპიადა
ფოტო: ზაქარია ჭელიძე

ქართველი პარატაეკვონდოისტები პარალიმპიადაზე პირველად ასპარეზობენ. ქართული დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წევრი ანა ჯაფარიძე პარატაეკვონდოისტია, რომელმაც მსოფლიო მასშტაბის შეჯიბრებაზე დებიუტი წარმატებით დააგვირგვინა. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ანამ ეგვიპტელი პარასპორტსმენი დაამარცხა და საქართველოს პირველი მედალი მოუპოვა.

Jackie Chan, ჯეკი ჩანი, ანა ჯაფარიძე, პარიზის პარალიმპიადა
მედალოსნებს ჯილდო ჯეკი ჩანმა გადასცა. ფოტო: Georgian Paralympic Committee

დაჯილდოების ცერემონიაზე ანას კუთვნილი ჯილდო ცნობილმა მსახიობმა, ჯეკი ჩანმა გადასცა. პირველი შეხვედრა ქართველ პარასპორტსმენს აშშ-ს წარმომადგენელთან ჰქონდა, მეოთხედფინალში ვიცე-ჩემპიონი მერიემ ბეთულ ჩავდარი დაამარცხა, ნახევარფინალში კი ირანელ პარასპორტსმენთან დამარცხდა.

ჯეკი ჩანი, პარიზის პარალიმპიადა, Jackie Chan
ჯეკი ჩანის BeReal პარალიმპიადიდან

ანა ჯაფარიძე ქართველი პარასპორტსმენების გზას ღირსეულად აგრძელებს და რიგით მესამე ხდება, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო. ტოკიოს თამაშებიდან ნინა თიბილაშვილი და ინა ქალდანი სახლში ვერცხლის მედლებით დაბრუნდნენ. ანა კი ისტორიაში პირველად, პარალიმპიადიდან ბრინჯაოს მედლით დაგვიბრუნდა.

ანა ჯაფარიძე, პარიზის პარალიმპიადა
ანა ჯაფარიძე პარალიმპიური თამაშების კვალიფიკაციის მიღების შემდეგ

„უკეთესი შედეგის მიღწევაც შემეძლო, მაგრამ ამჯერად ბრინჯაოს მედალს დავკმაყოფილდები, უკეთესი შედეგებისთვის კი მომავალში ვიბრძოლებ. მინდა, ეს ჯილდო ჩვენი ტაეკვანდოს კლუბის პატარა წევრს, ლუკა ლაშხს მივუძღვნა, რომელიც ახლა საავადმყოფოშია. ჩვენი გუნდის სხვა წევრებს ვუსურვებ დიდ წარმატებას და საქართველოს სახელისა და დროშის მაღლა აწევას“ - ამბობს ანა პირველ არხთან ინტერვიუში.

ანა საქართველოს მთავრობისგან დაპირებულ პრიზს - 250 000 ლარს მიიღებს.

ზევით