HBO-მ And Just Like That-ს მეორე სეზონი დაუმტკიცა

ახლა უკვე ოფიციალურად,  HBO Max-მა გასულ ღამეს დაადასტურა, რომ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული სერიალის Sex and the City-ს სექუელი And Just Like That, რომელიც არც ორიგინალის მსგავსი პოპულარობით და არც აღიარებით არ სარგებლობს, მე-2 სეზონით გაგრძელდება.

სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი ჩვენს ეკრანებზე ისევ დაბრუნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ დიდებული ოთხეულის მეოთხე წევრის კიმ კატრალის (სამანტა ჯონსი) ჩანაცვლებას სერიალის შემქმნელები რამდენიმე ახალი პერსონაჟის შემოყვანით შეუპოვრად ცდილობდნენ, ბუნებრივია მისი ადგილის დაკავება ვერავინ შეძლო და ამას არც And Just Like That-ის მეორე სეზონიდან მოველით.

აღფრთოვანებული ვარ იმ ფაქტით, რომ შემიძლია ამ ბრწყინვალე პერსონაჟების შესახებ მეტი ისტორია მოვყვე - განაცხადა AJLT-ის აღმასრულებელმა პროდიუსერმა მაიკლ პატრიკ კინგმა.

And Just Like That-მა 50 წელს გადაცილებული ქალების ცხოვრების პერსპექტივიდან, საკულტო სერიალის ჩვენი რჩეული პერსონაჟების თანამედროვე სამყაროში შეგვახედა და გვაჩვენა თუ როგორ ცდილობენ ქერი, მირანდა და შარლოტა ახალ რეალობასთან ადაპტაციას, რა კომპრომისებზე წასვლა და ზოგჯერ რა საფასურის გადახდა უწევთ მათ ამ გზაზე. მე-2 სეზონი ალბათ ამ თემების სიღრმისეული გაგრძელება იქნება და ვინ იცის, კიდევ რა სიურპრიზებს უნდა ველოდოთ მათგან?

ჯერჯერობით ახალი სეზონის შესახებ, დამატებითი დეტალები უცნობია, გადაღებების დაწყების პარალელურად, საშუალება გვექნება მეტი დეტალი შევიტყოთ  And Just Like That-ის რიგით მეორე სეზონის შესახებ.

ზევით