#მოდა

ახლა უკვე ოფიციალურად - კიმ კარდაშიანი BALENCIAGA-ს სახეა

გაზიარება:

ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, კიმ კარდაშიანი ფრანგული მოდის სახლის, Balenciaga-ს ცოცხალ სარეკლამო კამპანიად გვევლინებოდა. კიმი თითქმის ყოველდღიურად ირჩევდა დემნა გვასალიას სამოსს და ირგებდა ყველგან, წითელ ხალიჩებსა და ღამის შოუებში, კარდაშიანის ქუჩის სტილი სრულად Balenciaga-სგან შედგებოდა და მხოლოდ დროის საკითხი იყო, როდის ვიხილავდით კიმს მოდის სახლის ახალ სახედ.

ეს დღეც დადგა - კიმ კარდაშიანი ახლა უკვე ოფიციალურად, Balenciaga-ს სახეა. რეალითი შოუს ვარსკვლავმა ბრენდის ახალ კამპანიაში მიიღო მონაწილეობა და ფოტოგრაფ სტეფ მიტჩელის ობიექტივში საკუთარი სტილისა და დემნა გვასალიას შემოქმედებითი ხედვის ზუსტი თანხვედრით, ბრენდის ახალი სამოსი წარადგინა.

კიმ კარდაშიანთან ერთად, Balenciaga-ს ახალ კამპანიაში მონაწილეობა მიიღეს მოდელებმა: ტომი ბლუმ და მარი აგნეს დიანმა. სტეფ მიტჩელის ობიექტივში აღმოჩნდა ფრანგი კინოს საკულტო სახე, იზაბელ ჰუბერტიც, რომელსაც წითელ ხალიჩებზე ხშირად დაინახავთ Balenciaga-ს კაბებში გამოწყობილს.

შეგახსენებთ, რომ კიმ კარდაშიანის და დემნა გვასალიას გახმაურებული თანამშრომლობა Met Gala-ს პომპეზური გამოჩენიდან დაიწყო, როდესაც დიზაინერმა და მისმა ახალმა მუზამ წითელ ხალიჩაზე სრულიად შავ კოსტიუმებში მისვლა გადაწყვიტეს. ამ დროს მოდის სამყარომ უკვე იცოდა, რომ კიმისა და დემნას თანამშრომლობა ერთჯერადი არ იქნებოდა და კიდევ დიდი ხნით გაგრძელდებოდა; ისინი არც შემცდარან.

ზევით