#კინო

Behind Her Eyes - უქმეებზე ერთი ამოსუნთქვით სანახავი სერიალი

გაზიარება:

Behind Her Eyes - Netflix-ის ბრიტანული მინი-სერიალია, რომელიც 2021 წლის თებერვლის მეორე ნახევარში გამოვიდა და სულ რაღაც ორ კვირაში, მაყურებლის მონუსხვა და ყველაზე პოპულარუს სერიალებს შორის კუთვნილი ადგილის დაკავებაც მოახერხა. სასიყვარულო სამკუთხედის შესახებ გადაღებულმა 6 სერიამ ეკრანებთან მიგვაჯაჭვა და განა, რა შეიძლება ვნახოთ უქმეებზე ერთი ამოსუნთქვით, თუ არა Behind Her Eyes?

ფსიქოლოგიური თრილერი მარტოხელა დედის, ლუიზას ისტორიას გვიამბობს, რომელიც უფროსთან და ფსიქიატრთან დევიდთან გააბამს რომანს, მალევე კი დევიდის ცოლს - ადელს გაიცნობს და მასთან მეგობრობას იწყებს. სწორედ ეს უკანასკნელი პერსონაჟია Behind Her Eyes-ის ყველაზე მნიშვნელოვანი პერსონაჟი და საკვანძო ფიგურა.

აწმყოში მიმდინარე მოვლენების პარალელურად, მაყურებელი დევიდისა და ადელის ბუნდოვანებით მოცული წარსულის დეტალებსაც ეცნობა და ნელნელა სერიალში ახალი პერსონაჟებიც ჩნდებიან, ისეთივე მნიშვნელოვანი და საყურადღებო, როგორიც სასიყვარულო სამკუთხედში შემავალი ინდივიდები.

Behind Her Eyes - სარა პინბოროს, ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვითაა გადაღებული, რომელმაც სერიალზე, არანაკლები პოპულარობა მოიპოვა მკითხველში. მედიასთან საუბრისას, სარამ აღნიშნა, რომ სერიალის ხილვის შემდეგ შხაპი მიიღო, დიდხანს იფიქრა და მაინც ვერ წარმოედგინა, რომ ეს დიდებული დასასრული თავადვე შექმნა.

დამაინტრიგებელი, ჩახლართული და მისტიკით მოცული სერიალის შექმნაში მონაწილეობა დიდი ბრიტანეთის დედოფლის ელისაბედ II-ის მმართველობის წლებზე გადაღებული სერიალის, The Crown-ის პროდიუსერებმა მიიღეს, რეჟისორად კი მუსიკოს ბონოს ქალიშვილი - ივ ჰიუსონის მოგვევლინა.

თუ კი მისტიკის, ზებუნებრივი მოვლენების, ჩახლართული სიუჟეტისა და კომპლექსური პერსონაჟების დიდი მოყვარული ბრძანდებით, მაშინ წინ დიდი სიამოვნება გელით, განსაკუთრებით კი ფინალურ სერიაში.

ზევით