#კულტურა #ცნობილები

ბელა ჰადიდი ADIDAS-ის წინააღმდეგ

გაზიარება:

15 ივლისს, Adidas-მა ლეგენდარული SL 72 ბოტასების სარეკლამო კამპანია ჩაუშვა, მის მთავარ სახედ კი ნახევრად პალესტინელი მოდელი, ბელა ჰადიდი დაასახელა. ზუსტად რამდენიმე დღეში კი ბრენდმა რეკლამა მედიიდან ამოიღო და ბოდიშიც მოიხადა. მიზეზი კი ამ სპორტული ფეხსაცმლის კავშირია 1972 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებთან.

ბელა ჰადიდი, bella hadid, Adidas SL 72, ადიდასი

რა მოხდა 1972 წლის ოლიმპიურ თამაშზე?

სპორტული ფეხსაცმლის ეს მოდელი პირველად 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადაზე გამოჩნდა, რომელიც სისხლიანი ასოებით ჩაიწერა არა მარტო სპორტის, არამედ მსოფლიო ისტორიაში. პალესტინური ტერორისტული ორგანიზაცია "შავი სექტემბერი" ოლიმპიურ სოფელში შეიჭრა და სასტიკი ტერაქტი მოაწყო. ტერორისტებმა ისრაელის ოლიმპიური გუნდის წევრები ჯერ მძევლად აიყვანეს, ხოლო შემდეგ სასტიკად გაუმკლავდნენ.

ბელა ჰადიდი, bella hadid, free palestine

სკანდალი

ბელა ჰადიდი, ნახევრად პალესტინელი მოდელი, ომის დაწყების დღიდან, ოჯახთან ერთად პალესტინელების მხარეს დგას. ის სოციალურ ქსელებში პალესტინელების მიმართ ძალადობასა და გენოციდზე აქტიურად წერს. ბელას ადიდასის კამპანიაში ჩართვას ებრაელი საზოგადოების მწვავე რეაქცია მოჰყვა. X პლატფორმაზე ამერიკის ებრაულმა კომიტეტმა ამ ფაქტის შესახებ ტვიტი გამოაქვეყნა. AJC-ი მიუნხენის ოლიმპიადაზე მომხდარ ტერორიზმზე საუბრობს და ადიდასის გუნდს უდიდესი შეცდომის დაშვებაში ან “ცეცხლის” გამიზნულად გაჩენაში სდებს ბრალს.

ამ განცხადების შემდეგ, ადიდასმა მეილის მეშვეობით საჯარო ბოდიში მოიხადა და ბელა ჰადიდი კამპანიიდან გააქრო. გერმანული ბრენდის ამ ნაბიჯს მაშინვე უარყოფითი რეაქცია მოჰყვა. ამას დაემატა ჯონათან გრინბლატის ტვიტი, რომელშიც ის ბელა ჰადიდს ჰამასის პროპაგანდისა და ანტისემიტური დეზინფორმაციის გამტარებლად ახასიათებს. ჯონათანი ანტისემიტიზმის საწინააღმდეგო ორგანიზაციის, ADL-ის აღმასრულებელი დირექტორია. ჯონათანის პასუხად ბრიტანელ-ამერიკელი ჟურნალისტი მეჰდი ჰასანი წერს, რომ არასწორია დავაბრალოთ ბელას ის, რაც წლების წინ წინაპრებმა ჩაიდინეს. ყველა ასეთი ქმედება ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და ანტი-პალესტინური რასიზმია.

პასუხის პასუხი

ბელა ჰადიდმაც არ დააყოვნა პასუხი და მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ადიდასის წინააღმდეგ სარჩელის მოსამზადებლად ადვოკატები უკვე დაიქირავა. თავად მოდელს საჯარო განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.

bella hadid, adidas SL 72 campaign
ფოტო:Gotham / GC Images

ადიდასი ბელა ჰადიდისა და კამპანიის სხვა წევრებს ბოდიშს კიდევ ერთხელ უხდის და კამპანიასთან დაკავშირებით ცვლილებების შეტანას აანონსებს. რა სახის იქნება ეს ცვლილებები ჯერ უცნობია. ადიდასი გერმანული ბრენდია, რომელიც მთელ მსოფლიოში სხვადასხვა ეროვნების, რასის, ასაკის, სქესისა თუ ცხოვრების სტილის ადამიანებთან თანამშრომლობს. ბუნებრივია, უშეცდომო არავინაა, თუმცა იყო თუ არა ბელა ჰადიდის კამპანიაში ჩართვა გულუბრყვილო შეცდომა, ამას სავარაუდოდ მოდელის მიერ წამოწყებული სასამართლო პროცესები დაგვანახებს. 

ზევით