ცხოვრება ახალი ფურცლიდან: 5 ჩვევა, რომელიც ამ ორშაბათიდან უნდა გაითავისოთ

გაზიარება:

ჩვენ ყოველდღიურად ვაძლევთ საკუთარ თავებს პირობას, იმის შესახებ, რომ აუცილებლად დავიწყებთ ვარჯიშს, თანაც რაც შეიძლება მალე, წავიკითხავთ თაროზე შემოდებულ წიგნს, თავს მოვაბამთ რთულ დავალებას ან სულაც ჩვენს მიზნებს რეალობად ვაქცევთ, ამ დავალებებს კი ყოველი კვირის დასაწყისისთვის გადავდებთ და ჩვენთვის ჩუმად ვიმეორებთ "ორშაბათიდან ვიწყებ".

ორშაბათი ხშირად ჩვენ ჯადოსნურ საწყისად გვევლინება და ამ სიტუაციის ჩვენდა სასიკეთოდ გამოყენება რთული სულაც არ არის. თუ კი დღევანდელი დღიდან ჩვენს ცხოვრებას 5 ახალ ჩვევას შევმატებთ, ის შედეგს სულ მალე გამოიღებს და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების საშუალებასაც კი მოგვცემს.

1. არ დაიტოვოთ ყველაფერი გონებაში

დასახულის მისაღწევად ყველაზე მთავარი მიზანზე ფოკუსირებაა, იმაზე რაც ნამდვილად ღირებული და მნიშვნელოვანია, თუმცა ისიც ვაღიაროთ, რომ თანამედროვე სამყაროში გონების გაფანტვის და ხშირად დროის ფუჭად კარგვის ათეულობით მეთოდი არსებობს.

იმისათვის, რომ თქვენმა კვირამ ნაყოფიერად ჩაიაროს, გირჩევთ, აპრობირებულ ხრიკს მიმართოთ და ბლოკნოტსა თუ მობილურში დღის/კვირის გეგმა ჩამოწეროთ. დაწერეთ რას ელით ამ კვირიდან, მის დასასრულს კი დააკვირდით, რისი შესრულება მოახერხეთ წარმატებით, რა დარჩა შეუსრულებელი და რატომ?

2. დაგეგმეთ დრო სწორად

რა საერთო შეიძლება ჰქონდეთ ელონ მასკსა და ბილ გეითს? - დიახ, თქვენ მართალს ბრძანებთ, ისინი საოცარი პროდუქტიულობით გამოირჩევიან, რაც პირველ ყოვლისა, დროის სწორი მენეჯმენტის დამსახურებაა.

ყველაფერი ძალიან მარტივადაა, დაყავით თქვენი დრო ინტერვალებად, იმის მიხედვით თუ რა სირთულის სამუშაოს კეთება მოგიწევთ დღის განმავლობაში, მათი შესრულების შემდეგ დაასაჩუქრეთ საკუთარი თავი და აუცილებლად გამოყავით დრო დასვენებისთვის.

3. ნუ იდარდებთ წარუმატებლობის შემთხვევაში - გამოიტანეთ დასკვნები

ალბათ ყველას გვსმენია პოზიტიური აზროვნების უსაზღვრო მნიშვნელობის შესახებ ჩვენს ცხოვრებაში, თუმცა ხშირად წარუმატებლობის დროს პოზიტივზე ფოკუსირება საკმაოდ რთული ხდება, თუმცა არა შეუძლებელი. თქვენ შეგიძლიათ, ყოველი მარცხისგან რაღაც ახალი ისწავლოთ, გამოიტანოთ საჭირო დასკვნები და აღარასოდეს გაიმეოროთ დაშვებული შეცდომები.

4. მოუყევით სხვებს თქვენი მიზნების შესახებ

მეგობრები ისე დაგეხმარებიან დასახული მიზნების მიღწევაში, რომ თავად მოსმენის გარდა სხვა მნიშვნელოვანი დავალების შესრულება არც კი მოუწევთ. როგორც კალიფორნიის უნივერსიტეტის კვლევებიდან ვიგებთ, ადამიანები, არა მხოლოდ მაშინ აღწევენ სასურველს, როდესაც ყველაფერი ფურცელზე გადააქვთ, არამედ მაშინაც როდესაც თავიანთი სამომავლო გეგმების შესახებ საყვარელ ადამიანებსაც უზიარებენ.

5. დააჯილდოვეთ საკუთარი თავი

ნუ დაელოდებით შექებასა თუ ჯილდოს სხვებისგან, ამის გაკეთება თავადაც შეგიძლიათ. რთული სამუშაოს შესრულების შემდეგ მიირთვით გადამალული ტკბილეული, როგორც ჯილდო, უყურეთ საყვარელი სერიალის ახალ ეპიზოდს ან სულაც შეიძინეთ ის ნივთი, რომლის ყიდვაც დიდი ხნის განმავლობაში გსურდათ. მთავარია, თქვენი ჯილდო უარყოფითად არ აისახებოდეს თქვენს საქმეზე.

წარმატების მთავარი საიდუმლო ხომ საკუთარი თავის სიყვარულში იმალება, თუ კი თქვენ საკუთარ თავს გააბედნიერებთ, მომდევნო დღეს ორმაგი ენთუზიაზმითა და შემართებით დაიწყებთ.

 

ზევით