დაბადების დღეს გილოცავთ მისტერ გვასალია!

გაზიარება:

საქართველოს ლაჟვარდოვანი ნაპირის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქში, სოხუმში დაბადებული დიზაინერი დღეს მსოფლიო მოდის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სახეა. აფხაზეთის ომი და საქართველოში გატარებული ბნელი 1990-იან წლები, დემნა გვასალიამ საკულტო ბრენდებთან თანამშრომლობით მიღებულ გამოცდილებასთან გააერთიანა და საბოლოოდ საინტერესო შემოქმედებად გარდაქმნა. დემნას კოლექციების ინსპირაცია ხშირად საკუთარი წარსული ხდება, დიზაინერის სუპერ პოპულარობას კი ის ფაქტი განაპირობებს, რომ იგი ხალხისთვის ქმნის – იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც სამოსით საკუთარი სათქმელის, პროტესტის გამოხატვა სურთ. დემნასეულმა ხედვამ მოდის ტრადიციული გაგება სრულიად შეცვალა, დემნა არის ის ადამიანი, რომელიც დღეს მოდის მიმართულებებს ქმნის. 

დემნას კარიერაში საკმაოდ ხმაურიანი ბრენდებია, მათ შორის Balenciaga, Maison Margiela, Louis Vuitton, Marc Jacobs და Vetements, ეს ბოლო კი, რომელიც  მან საკუთარ ძმასთან ერთად 2014 წელს დააფუძნა, წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს დღესაც კი, მიუხედავად იმისა, რომ დემნა ბრენდის კრეატიულ ნაწილში აღარ მონაწილეობს. დიზაინერის რეზიუმეში, განსაკუთრებულად გამოსაკვეთია  2015 წლის ოქტომბერი, როდესაც ის საკულტო მოდის სახლის Balenciaga კრეატიულ დირექტორად დაინიშნა და მსოფლიო მოდის აღიარება მიიღო. დიზაინერის დებიუტი მოდის სახლის ფარგლებში პარიზის მოდის კვირეულზე, 2016 წლის გაზაფხულზე შედგა.  
Demna gvasalia

მე ვიქნებოდი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უბედური ადამიანი, - დემნა

90-იანი წლების საქართველოს რომ დავუბრუნდეთ, 1997 წელს დემნამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩააბარა. როგორც დიზაინერი აღნიშნავს, მას ეკონომიკური კარიერა რომ გაეგრძელებინა, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე უბედური ადამიანი იქნებოდა.

თსუ-ში სწავლის დამთავრების შემდეგ, 2001 წელს დემნა გვასალია, რომელსაც მომავალში მოდის ტრადიციული გაგება სრულიად უნდა გადაეტრიალებინა, ოჯახთან ერთად დიუსელდორფში, გერმანიაში გადავიდა საცხოვრებლად, ძალიან მალე კი კი ბელგიაში გაეშურა და Royal Academy of Fine Arts-ის მოდის დიზაინის მაგისტრი გახდა. სწორედ აქ დაიწყო დემნა გვასალიას ცხოვრების ახალი თავი, რომელსაც თითოეული ჩვენგანი გაფაციცებით ადევნებს თვალს, განა ვინ უნდა თქვას ჩვენი სათქმელი საერთაშორისო ასპარეზზე ასე ხმამაღლა, თუ არა დემნაისნაირმა ქართველებმა.


 

ზევით