#ცნობილები #სპორტი

ჟიზელ ბუნდჰენის გამარჯვების, სიყვარულისა და მხარდაჭერის წერილი ტომ ბრედის

გაზიარება:

მსოფლიოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი წყვილის ტიტული ჟიზელ ბუნდჰენმა და ტომ ბრედიმ, არა მხოლოდ მათი მომხიბვლელი ვიზუალის, არამედ სიყვარულისა და მხარდაჭერის გამო დაიმსახურეს, რომელიც წყვილს ერთი-მეორის მიმართ ამოძრავებს. ტომი ყოველთვის საყვარელი მეუღლის გვერდით იდგა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტებში, ასევე იყო ჟიზელიც. არც გასულ კვირას გამართული Super Bowl-ის მატჩი ყოფილა გამონაკლისი.

ტომ ბრედიმ გასულ კვირას, თავის საფეხბურთო კარიერაში ისტორიული თამაში გამართა და Super Bowl-ის მეშვიდედ მოგებით, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად დაამტკიცა, რომ ის საუკეთესო მოთამაზე, ლიდერი და წინამძღოლია, სადაც არ უნდა თამაშობდეს. 43 წლის ასაკში, კიდევ ერთი NFL-ის ბეჭდის მოგებით, ტომმა კუთვნილი პატივისცემა დაიმსახურა.

მაშინ, როდესაც ტომ ბრედის სახელის ისტორიაში დიდი ასოებით ჩაწერას მისი გულშემატკივრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ზეიმობენ, ჟიზელ ბუნდჰენი ქმარს საოცრად ემოციურ წერილს უძღვნის:

„ვულოცავ Bucs გასული საღამოს წარმოუდგენელ გამარჯვებას!!! ძალიან ბევრ ადამიანს არ სჯეროდა, რომ თქვენ ამას შეძლებდით, მაგრამ თქვენ ყველას აჩვენეთ, რომ დროის სწორი მენეჯმენტით, საქმისადმი თავდადებულობით, ერთი-მეორის რწმენითა და გუნდური მუშაობით ყველაფერი შესაძლებელია.

გილოცავ ჩემო სიყვარულო! წლების განმავლობაში ვხედავდი, თუ რამდენ განსაცდელს გადააწყდი, იქნებოდა ეს ფიზიკური თუ ემოციური. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ შენ ხარ ყველაზე თავდადებული, ფოკუსირებული და მენტალურად ძლიერი ადამიანი, რომელსაც ოდესმე შევხვედრივარ.

ეს წელი გამოწვევებით იყო აღსავსე და შენი ნახვა ახალ გარემოში, ის თუ როგორ დებდი ზედმეტ დროს, რათა შენი თანაგუნდელები გაგეცნო და გაგემხნევებინა, როგორ მუშაობდი ახალ მწვრთნელებთან პატივისცემითა და ზრდილობით, როგორ დგებოდი ყოველ დილას ადრე და არასოდეს დაგიჩივლია არაფრის გამო, შენ უბრალოდ აგრძელებდი შენს მიზანზე ფოკუსირებას და იმავდროულად ცდილობდი ყოფილიყავი საუკეთესო ლიდერი. ძალიან ვამაყობ იმ პიროვნების, რომლადაც იქეცი და მახარებს შენს სახეზე ღიმილის დანახვა. ახლა ჩვენ ბედნიერები ვართ იმით, რომ ჩვენთან მეტი დროის გატარებას შეძლებ (შემდეგ სეზონამდე მაინც). შენ, ეს წარმატება დაიმსახურე! მიყვარხარ“.

სუპერმოდელი ჟიზელ ბუნდჰენი და სპორტსმენი ტომ ბრედი ერთმანეთს 2006 წელს შეხვდნენ, როგორც წყვილი აღნიშნავს, ეს ერთი ნახვით შეყვარება იყო და მათ ზუსტად იცოდნენ, არც ერთი დღის გატარება აღარ სურდათ ერთმანეთის გარეშე. ჟიზელმა და ტომმა 2009 წელს იქორწინეს, მალევე სამყაროს მათი პირველი საერთო შვილი ბენჟამინ რეინი მოევლინა, 2012 წელს კი ოჯახში გოგონა, ვივიან ლეიკი გაჩნდა. არა ერთი სირთულის და წინაღობის მიუხედავად, ჟიზელსა და ტომს არასოდეს დაუკარგავთ ერთმანეთი, რწმენა და ის დიდი კავშირი, რომელსაც მათი ოჯახი ჰქვია.

ზევით