#მოდა

5 ფაქტი, რომელიც Gucci-ს Love Parade ჩვენების შესახებ უნდა იცოდეთ

გაზიარება:

გასულ ღამეს, ლოს-ანჯელესში, ჰოლივუდის ბულვარზე Gucci-მ და მისმა შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა ალესანდრო მიკელემ ნამდვილი ზეიმი გამართეს. 2022 წლის გაზაფხულის კოლექციის ჩვენებები, ცნობილი სახეები, ზღაპრული სილუეტები, მითოლოგიური ღმერთები და წითელი ხალიჩის ელეგანტურობა, გაიგეთ 5 ფაქტი, Gucci-ს Love Parade ჩვენების შესახებ.

1. ჰოლივუდური ექსტრავაგანტულობა

საგულდაგულოდ დაგზავნილი მოსაწვევი, რომელიც სტუმრებს ჰოლივუდის ბულვარზე შესახვედრად ეპატიჟებოდა - Meet me on Hollywood Boulevard - თავიდანვე მიიჩნიეს ხელოვნების პატარა ნიმუშად, თუმცა ის, რაც მნახველს 2022 წლის გაზაფხულის შოუზე ელოდა, ნამდვილად წარმოუდგენელი და დაუკერებელი გახლდათ. ალესანდრო მიკელეს შოუში იყო ყველაფერი - სექსუალურობა, ელეგანტურობა და მცირედი ეპატაჟიც.

2. მდიდარი სტუმართა სია

იტალიური მოდის სახლის ჩვენების წინა რიგებში საპატიო ადგილი მალევე დაიკავეს დაკოტა ჯონსონმა, სიენა მილერმა, ბილი აილიშმა, მაილი საირუსმა და ელის როსმა, თუმცა ჩვენების დამსწრე საზოგადოების გარდა Gucci-მ პოდიუმზე გამოსული ცნობილი ადამიანების რაოდენობითაც აალაპარაკა ყველა. ერთმანეთის მიყოლებით ალესანდრო მიკელეს ახალი ქმნილებებით შემოსილნი პოდიუმზე ჯარედ ლეტო, მაკალეი კალკინი, ჯოდი ტერნერ-სმიტი და კოდი სმიტ-მაკაბი ვიხილეთ.

3. ჰოლივუდი - ბერძენი ღმერთების ადგილი

გასული ღამის ჩვენებით, ალესანდრო მიკელემ ნამდვილად განიზრახა, რომ ჰოლივუდის ბულვარი მითოლოგიური ამბებით, ისტორიული მოვლენებითა და ბერძენი ღმერთებით შეემკო და დიზაინერს ეს ჩანაფიქრი ნამდვილად გამოუვიდა. მისი დიზაინებისა და სილუეტების გამომხატველობითმა სინთეზმა და იმან, თუ ვის მოარგო ესა თუ ის ქმნილება ალესანდრომ, ზუსტად თქვა სათქმელი, რომლის თქმაც მას ასე ძალიან სურდა.

ნაზი აბრეშუმის ქსოვილები, მბზინავი დეტალები, კოვბოური ქუდები და ელეგანტური კოსტუმები - ალესანდრომ ძალები არ დაიშურა, რათა 80-იანი წლების ჰოლივუდური გლამური გაეცოცხლებინა

4. ხმამაღალი სექსუალურობა

ფემინურობისა და სექსუალურობის მიქსის დამალვით ალესანდრო მიკელე არასოდეს გამოირჩეოდა, Gucci-ს კრეატიული დირექტორის ხედვით ქალურობა მთელი თავისი დიდებულებით იმდენად ექსპრესიულია, რომ მას ტანსაცმლის ფენებს შორის არაფერი ესაქმება, ეს არის მერილინ მონროს ჰოლივუდი, თამამი და თავდაჯერებული, როგორც გასული საუკუნის ამერიკული ოცნება.

5. წითელი ხალიჩის სილუეტები

2022 წლის გაზაფხულის კოლექციაზე თითოეული სტილისა და ხასიათის სილუეტი გახლდათ წარმოდგენილი, მათ შორის კი საპატიო ადგილს წითელი ხალიჩის დიზაინები იკავებდნენ, რომელთა ხილვის შემდეგ ცნობილებმა ალბათ უკვე წარმოიდგინეს, რომელ საჯარო ღონისძიებაზე მოირგებდნენ ამ უმშვენიერეს ერთეულებს და როგორ სიცოცხლეს შესძენდნენ მათ ალესანდროს შემდეგ.

ზევით