იმანის სადებიუტო სუნამო - სასიყვარულო წერილი დევიდ ბოუის

გაზიარება:

სილამაზის ინდუსტრიაში არაერთი ცნობილი ადამიანის სადებიუტო ხაზს იხილავთ. თავის მოვლის, მაკიაჟისა და პარფიუმერიის ბრენდები ერთი მეორის მიყოლებით ჩნდება ბაზარზე. არც 90-იანი წლების საკულტო მოდელის, იმანის პირველი სუნამოს ანონსი ყოფილა გამონაკლისი. მოდელი ხომ 1994 წლიდან ჩანს სილამაზის ბაზარზე Iman Cosmetics-ის წყალობით, თუმცა სადებიუტო სუნამოს შექმნის საბაბი და მნიშვნელობა ნამდვილად აღმოჩნდა ემოციური.

იმანმა სადებიუტო სუნამოს Love Memoir-ი უწოდა და ძნელი მისახვედრი არ არის, ვის მიუძღვნა იგი - მისი ცხოვრების სიყვარულს, ლეგენდარულ დევიდ ბოუის. როგორც იმანი ამბობს, ის დიდხანს ფიქრობდა სუნამოს შექმნაზე, თუმცა ყოველთვის თავს იკავებდა, რადგან ეს ზედმეტად პირადულად მიაჩნდა. ახლა კი გაბედა და გარდაცვლილ მეუღლეს „სასიყვარულო მოგონება“ მიუძღვნა. 

„5 წელი გავიდა, მეგონა ჩემი გლოვა წარსულში დარჩა, თუმცა ვცდებოდი. მთელი ეს პერიოდი უბრალოდ ჩვენს ქალიშვილს ვეხმარებოდი ამბის გადატანაში. მივხვდი, რომ არ არსებობს ადგილი გასაქცევად, ამ ტკივილს ვერსად დაემალები და მაშინ მივხვდი, როგორ იქცა ყველა სევდიანი მოგონება ბედნიერებად“ - იმანი.

დევიდ ბოუის გარდაცვალების შემდეგ, იმანმა გადაწყვიტა მომღერლის საყვარელი სუნამო Tom Ford Noir Extreme ეტარებინა და ამ გზით ეგრძნო მეუღლესთან კავშირი. მაგრამ, ერთ დღესაც მოდელმა გააცნობიერა, რომ მას ამაზე მეტი სჭირდებოდა და მეუღლის ხსოვნისთვის სხვა გზით უნდა მიეგო პატივი.

„მინდოდა ჩემი და ჩემი მეუღლის სამი ათწლეულის ურთიერთობისთვის მიმეგო პატივი. სუნამო ვერ იქნებოდა ტრენდული, ის ხომ დიდი ისტორიის მატარებელია და წარსული გააჩნია“ - იმანი.

იმანმა დევიდის ყველა საყვარელი ნიუანსი გააერთიანა. მათ შორის ბერგამოტისა და ფლორენციის სურნელი, სადაც წყვილმა ათწლეულების წინ იქორწინა. სუნამო ერთდროულად დრამატული და მსუბუქია, თუმცა ყველაზე მძაფრად მასში ნოსტალგია იგრძნობა. იმანის "სასიყვარულო მოგონების" - სადებიუტო სუნამოს შეძენა მსურველებს ონლაინ უკვე შეუძლიათ. სუნამოს ღირებულება 84$-ია.

Love Memoir by IMAN

ყიდვა 

ზევით