ქართველი ვარსკვლავები მსოფლიო აღიარებით

მიუხედავად იმისა, რომ პატარა ერი ვართ, ძალიან ბევრი და ნიჭიერი ადამიანით შეგვიძლია დავიკვეხნოთ. მდიდარი ვართ მუსიკოსებით, სპორტსმენებით, მეცნიერებით და მსოფლიოს ამ ნიჭს ვუზიარებთ. თაკო ნაცვლიშვილი, დემნა გვასალია, ქეთი მელუა, ზაზა ფაჩულია, ხატია ბუნიათიშვილი - მსოფლიომ ჩვენი ქვეყნის შესახებ მეტწილად მათი დამსახურებით იცის. ქვეყანა სადაც გამორჩეულად ნიჭიერი ადამიანები იბადებიან! TheDiary მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართველების ტოპ ხუთეულს წარმოგიდგენთ.

დემნა გვასალია

სოხუმში დაბადებული ქართველი დიზაინერი დღეს მსოფლიო მოდას ტენდენციებს კარნახობს, ხოლო მის რეზიუმეში ისეთი საკულტო ბრენდების სახელებს ამოიკითხავთ, როგორებიცაა Balenciaga, Maison Margiela, Marc Jacobs, Louis Vuitton...

დემნა გვასალია

 

მძიმე 1990-იან წლებში, საქართველოში გატარებული ბავშვობა, ღრმად აღიბეჭდა დიზაინერის კოლექციებში.

„ეს ტრავმის მიღება და მისი შემოქმედებად გადაქცევაა“

დემნა გვასალია

მსოფლიოში ყველაზე ცნობილი თანამედროვე ქართველი დიზაინერის, დემნა გვასალიას ბრენდის VETEMENTS-ის გაზაფხული-ზაფხულის SS19 კოლექციაში გალაკტიონ ტაბიძის ცნობილი სტროფები და სხვა ქართული წარწერები გამოჩნდა. ამ კოლექციით მან ბევრი ქართველის სათქმელი თქვა. ამავე კოლექციით დემნა გვასალიამ საქართველოს გაცნობა მსოფლიოს განსხვავებული გზით შესთავაზა: თითოეულ სამოსზე, რომელიც ქართველმა მოდელებმა წარმოადგინეს, QR-კოდი იყო დატანილი, რომელიც მომხმარებლებს საქართველოს უახლესი ისტორიის ამა თუ იმ ეტაპზე ამისამართებდა.

Vetements

ხატია ბუნიათიშვილი

მუსიკოსის ისტორია ლაჟვარდოვან აჭარაში დაიწყო. ზღვისპირას დაბადებული გოგონა თავიდანვე საოცარი მუსიკალური ნიჭით გამოირჩეოდა. საერთაშორისო წარმატება მაშინ დაიწყო, როდესაც გამოცდების ჩაბარება ვენის მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში გადაწყვიტა. ხატიას ნიჭი არავის გამოპარვია, მათ შორის არც საერთაშორისო კონკურსის ჟიურის. ბერლინის ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური ჯილდოს, Echo Klassik-ის დაჯილდოებაზე კი ის საუკეთესო დამწყებ პიანისტად აღიარეს.  მსოფლიო წარმატების მიუხედავად, პიანისტი ყველაზე კარგად თავს საქართველოში გრძნობს და აქ ჩატარებულ კონცერტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება. უხარია, როცა ქართველებისგან სიყვარულს გრძნობს და მზად არის, კიდევ ბევრჯერ გახდეს მათი სიამაყის მიზეზი.

მსოფლიოში ალბათ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ იმაზე ოცნება, რომ ბასტილიის აღების დღისადმი მიძღვნილი კონცერტის სცენაზე საპატიო სტუმრის სტატუსით წარდგნენ. აღსანიშნავი და საამაყოა ის ფაქტი, რომ მუსიკოსმა ამ შესაძლებლობაზე 2017 წელს უარი განაცხადა ვალერი გერგიევის გამო, რომელიც კონცერტს დირიჟორობდა.

ხატია ბუნიათიშვილი

„გერგიევი პუტინის პოლიტიკას უწევს პროპაგანდას და ჩემთვის მიუღებელია მასთან ერთად დაკვრა“

ქართველი პიანისტის თქმით, სცენაზე არასოდეს დადგება იმ ადამიანთან ერთად, რომელმაც ცხინვალში რუსეთის ჯარისთვის იდირიჟორა. ეს ალბათ ერთ-ერთი სანიმუშო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა დაიცვა შენი პატარა ქვეყნის ინტერესები მაშინ, როდესაც უზარმაზარი მსოფლიოს წინაშე დგახარ და ღირსებასა და პირად ინტერესებს შორის აკეთებ არჩევანს.

ხატია პიანიასტი

 

ქეთი მელუა

ქუთაისში დაბადებული ქართველი გოგონა, დღეს ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული არტისტია. მის ანგარიშზე 56 მუსიკალური ჯილდო, კონცერტის ერთი მილიონი გაყიდული ბილეთი და11 მილიონი გაყიდული დისკია.  ქეთი მელუა 20 მილიონიანი ქონებით გაერთიანებული სამეფოს უმდიდრესი ახალგაზრდების სიაშიც კი მოხვდა. მისი მუსიკალური წინსვლა, ბრიტანულ კონკურსში Stars Up Their Nose გაიმარჯვით დაიწყო, სადაც Badfinger-ის ცნობილი სიმღერა – Without You შეასრულა. შემდეგ კი ხელოვანთა სასწავლებელი იყო, სადაც მენეჯერმა და პროდიუსერმა, მაიკ ბეტსმა შეამჩნია და მომღერლის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.

katie melua

36 წლის მომღერალი, არაერთი პრესტიჟული პრიზის მფლობელია და „გინესის მსოფლიო რეკორდების“ წიგნშიც არის შესული, როგორც მომღერალი, რომელმაც კონცერტი ზღვის დონიდან ყველაზე ღრმა ადგილას გამართა. საუბარია ჩრდილოეთის ზღვაში, ზღვის დონიდან 303 მეტის სიღრმეზე მდებარე შახტაში ჩატარებულ კონცერტზე, რომელსაც მოგვიანებით დოკუმენტური ფილმი – Concert Under The Sea მიეძღვნა.

საზღვრებს გარეთ წარმატებას ბევრი აღწევს, მაგრამ ამ ისტორიაში მთავარი ისაა, რომ ქეთის წარმომავლობის შესახებ მთელმა მსოფლიომ იცის. მომღერალს თავისი ქართველობის ხაზგასმა არასოდეს ავიწყდება. ამის საუკეთესო მაგალითია სხვადასხვა საერთაშორისო კონცერტებზე მის მიერ შესრულებული ქართული სიმღერები და მთავარი – გორის ქალთა გუნდთან ერთად შექმნილი პროექტი, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა.

ქეთი მელუა

 

ზაზა ფაჩულია

1984 წელს საქართველოში დაბადებული სპორტსმენი 13 წლის ასაკში უკვე 2 მეტრზე მეტი სიმაღლის იყო და თინეიჯერობის წლებშივე თურქეთის პროფესიონალ კალათბურთელთა გუნდში თამაშობდა. ამას საქართველოს ნაკრების კაპიტნობა და დიდი საერთაშორისო წარმატებები მოჰყვა. ჯერ Orlando Magic, შემდეგ – Milwaukee Bucks და Atlanta Hawks, მოგვიანებით კი Dallas Mavericks, საიდანაც 2016 წელს Golden State Warriors-ში გადავიდა და გუნდთან ერთად NBA-ის ჩემპიონატი ორჯერ მოიგო.

zaza pachulia

დღეს, ალბათ აღარ არსებობს ქართველი, რომელსაც სოციალურ ქსელში #NBAVote Zaza Pachulia ერთხელ მაინც არ დაუწერია. ამ პატარა ქვეყნის გულშემატკივრებმა იმდენი მოახერხეს, რომ კალათბურთელი NBA-ის კონკურსის ათეულში შევიდა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავების მატჩში ვერ მოხვდა, ზაზა დღემდე ემოციებით და მადლიერებით იხსენებს იმ დროს, როცა გარშემო ყველა გაკვირვებული კითხულობდა, როგორ შეეძლოთ ამგვარი გულშემატკივრობა ასეთ პაწაწინა ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს.

ზაზა ფაჩულია

 

თაკო ნაცვლიშვილი

სააგენტო Next Management-ის მოდელი 14 წლის იყო, როცა პოდიუმზე პირველი ნაბიჯები გადადგა. საერთაშორისო ცხოვრება კი ჰონკონგში გადასვლითა და ELIT-თან თანამშრომლობით დაიწყო. როგორც იხსენებს, იქ ცხოვრება და მუშაობა ძალიან გაუჭირდა, თუმცა დროთა განმავლობაში, შინიდან შორს ყოფნას მიეჩვია და მარტოობით სიამოვნების მიღებაც ისწავლა.

თაკო ნაცვლიშვილი

შემდეგ იყო პარიზი და Versace-ს კასტინგი, სადაც თაკოს ოცნებები რეალობად იქცა. დღემდე ამბობს, რომ დონატელასთან შეხვედრა ყველაზე ამაღელვებელი და ემოციური მომენტია მისი ცხოვრებიდან...

თაკო ნაცვლიშვილის ვერსაჩე

"Hello Fashion TV, I’m Tako and you are watching Versace", – მიმართა მსოფლიოს ულამაზესმა ქართველმა გოგონამ და პოდიუმზე თავდაჯერებული ნაბიჯებით გავიდა. დღეს მისთვის უკვე სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა მოდის ისეთ სახლებთან თანამშრომლობა, როგორებიცაა: Dolce & Gabbana, Elie Saab, Christian Dior, Yohji Yamamoto, Zuhair Murad, Giorgio Armani.

 

ზევით