#სილამაზე #მოდა

CHANEL N°5: მე-20 საუკუნის სიმბოლო, თავისუფლების მანიფესტი და თანამედროვეობის ალეგორია 100 წლისაა

გაზიარება:

როდესაც Chanel-ზე ვიწყებთ ფიქრს, ჩვენ მთელი სხეულითა და შეგრძნებებით ვფიქრობთ: წარმოვიდგენთ მარგალიტის ყელსაბამის შეხებას ყელზე, პატარა შავი კაბის მორგებას, რომელიც ყველა ქალს აუცილებლად უნდა ჰქონდეს გარდერობში.

Chanel-ი ეს არის მოგზაურობა ბოჰემურ წვეულებაზე Place Vandome-ში, სადაც გაბრიელამ თავად პიკასო და სალვადორ დალი დაპატიჟა და ბოლოს აუცილებლად მივდივართ თავდაჯერებულობის, ფემინურობისა და ელეგანტურობის მომაჯადოებელ ნოტებამდე, სურნელამდე, რომელიც Chanel-ის ხელწერის საუკეთესო წარმომადგენელია - ყველა დროის, ყველაზე საკულტო სუნამო N°5 ძლევამოსილებისა და მარადიულობის 100 წლის იუბილეს აღნიშნავს.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მოდის სახლმა კერპად ქცეული სუნამოს Chanel N°5-ისთვის მიძღვნილი ფილმი გამოაქვეყნა, რომელიც საკულტო სუნამოს მოგზაურობის ისტორიას გვაცნობს. ყველაფერი კი 1920-იან წლებში იწყება, როდესაც მოდის რევოლუციის მოგზაურობაში, გაბრიელა შანელი კიდევ უფრო შორს გაიჭრა და პირვლი სუნამო წარადგინა, რომელიც თავისი შინაარსითაც რევოლუციული გახლდათ - N°5 იყო პირველი სუნამო, შექმნილი მხოლოდდამხოლოდ ქალებისთვის.

ათწლეულების განმავლობაში Chanel N°5 იქცა მუზად, გამოწვევად, შთაგონებად, N°5 სამყაროს კუბიზმის, დადაიზმისა და სიურეალიზმის აღმავლობის ხანაში მოევლინა და მათთან ერთად დაიწყო ახალ ენაზე საუბარი, სტერეოტიპების მსხვრევა და ჩარჩოების გარღვევა, Chanel-ის სურნელი გახდა თანამედროვეობის მანიფესტი, დამოუკიდებლობის სიმბოლო და თანამედროვე მითი.

Chanel N°5-ს ირჩევდნენ ყველა დროის ყველაზე კაშკაშა ქალები, მათ შორის მერილინ მონროც, რომლის სახელიც სამარადისოდ დაუკავშირდა N°5-ს, N°5-სა კი მერილინს. 

 ენდი უორჰოლის, ჰელმუნტ ნიუტონის, ირვინ პენისა და რიდლი სკოტის შთაგონების წყარო და MoMA-ს კოლექციის პირველი ექსპონატი 100 წლის იუბილეს ზეიმობს.

ზევით