#საზოგადოება

მიწისძვრა თურქეთში: სად იყო ეპიცენტრი და რატომ იყო ის ასეთი დამანგრეველი?

გაზიარება:

ორშაბათს დილით, თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სირიის საზღვართან მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრას ამ მონაცემებით 5000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაზარალებულთა რაოდენობა კი 20000-ს აჭარბებს. 

მიწისძვრას, რომელიც ქალაქ გაზიანთეპთან ახლოს მოხდა, განმეორებით 40-მდე ბიძგი მოჰყვა - ერთ-ერთი მათგანი 6.8 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო. შუა დღის საათებში, ეპიცენტრში, კიდევ ერთი 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება, რის გამოც, სავარაუდოდ, დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობის ზრდაა მოსალოდნელი.

რატომ იყო სტიქია ასეთი მომაკვდინებელი?

ეს იყო საკმაოდ ძლიერი - 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა, რომელიც მაგნიტუდის შკალაზე კლასიფიცირებულია, როგორც დამანგრეველი. მიწისძვრა 100 კილომეტრის რღვევის ხაზის გასწვრივ განვითარდა, რამაც ეპიცენტრის ზონის მახლობლად მდებარე შენობებს სერიოზული ზიანი მიაყენა, რამდენიმე მათგანი მიწასთანაც კი გაასწორა.

როგორც პროფესორმა ჯოანა ფორე უოკერმა, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის რისკისა და კატასტროფების შემცირების ინსტიტუტის ხელმძღვანელმა განაცხადა: "ბოლო 10 წლის განმავლობაში, მხოლოდ 2 მიწისძვრა იყო ისეთივე მომაკვდინებელი, როგორიც 6 თებერვლის, 4 კი კიდევ უფრო ადრეულ ათწლეულში შეგვიძლია ვიპოვოთ".

თუმცა, როგორც დოქტორი კარმენ სოლანა, ვულკანოლოგიისა და რისკების კომუნიკაციის მკითხველი პორტსმუთის უნივერსიტეტში, ამტკიცებს, დამანგრეველი შედეგები მხოლოდ ტრემორის ძალით არ იყო გამოწვეული: "სამწუხაროდ, სამხრეთ თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მიმართ გამძლე შენობების რაოდენობა მცირეა. მომდევნო 24 საათი გადამწყვეტია გადარჩენილების მოსაძებნად. 48 საათის შემდეგ გადარჩენილთა რიცხვი საგრძნობლად შემცირდება“.

რამ გამოიწვია მიწისძვრა?

მიწისძვრა იმ ერთ-ერთ ბუნებრივ მოვლენათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც კაცობრიობას ოდითგანვე ახსოვს და იგი დედამიწის ფენების მუდმივი მოძრაობითაა გამოწვეული. ფირფიტები, რომლებიც ერთმანეთის გვერდით არიან განლაგებული, ხშირად ცდილობენ გადაადგილებას, უმეტეს შემთხვევაში ამ მოძრაობას გვერდით არსებული ფილები უშლიან ხელს, თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევებიც, რომლის დროსაც იმდენად ძლიერი წნევა წარმოიქმნება, რომ ფირფიტის აკეცვას იწვევს, რაც ჩვენთვის ზედაპირის მოძრაობით გამოიხატება.

6 თებერვალს მომხდარი მიწისძვრის მიზეზი არაბული ფირფიტა აღმოჩნდა, რომელიც ჩრდილოეთისკენ მოძრაობდა და ანატოლიის ფირფიტას ეწინააღმდეგებოდა.

როგორ იზომება მიწისძვრები?

მიწისძვრები იზომება მასშტაბით, რომელსაც მომენტის სიდიდის მასშტაბის სახელით ვიცნობთ და რომელმაც დღეისათვის მოძველებული და ნაკლებად ზუსტი - რიხტერის შკალა ჩაანაცვლა. მიწისძვრისთვის მიკუთვნებული რიცხვი წარმოადგენს რღვევის ხაზის გადაადგილებული მანძილისა და მისი გადაადგილების ძალის ერთობლიობას.

მიწისძვრების აღსარიცხად სეისმოგრაფი გამოიყენება, მისი სიძლიერის აღსაწერად კი ტალღების საერთო ენერგიას მაგნიტუდას და ბალებს ვიყენებთ.

2.5 ან მასზე ნაკლები მაგნიტუდის ბიძგები უმნიშვნელოა, მათ როგორც წესი ვერ ვგრძნობთ, თუმცა მათი გამოვლენა სეისმოგრაფითაა შესაძლებელი. 2.5-დან 5 ბალამდე მიწისძვრას ადამიანები ვგრძნობთ და ის შეიძლება მცირე ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს. თურქეთში დაფიქსირებული მიწისძვრა კი 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის გახდათ, რომელსაც სამწუხაროდ იმ ზიანის მოტანა შეუძლია, რომელიც გასულ დღეს თურქეთსა და სირიაში დაფიქსირდა.

ზევით