#ცნობილები

ნობელის პრემიის ლაურეატი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა

გაზიარება:

გაეროს ყველაზე ახალგაზრდა მშვიდობის ელჩი, ნობელის პრემიის ლაურეატი, მწერალი და აქტივისტი მალალა იუსაფზაი დაქორწინდა. მისი რჩეული ასერ მალიკია. წყვილმა ბირმინგემში, ტრადიციულ ისლამურ ცერემონიაზე ოჯახის წევრების გარემოცვაში იქორწინა. სიახლე მალალამ მილიონობით გამომწერს Twitter-ის მეშვეობით გაუზიარა და ამცნო, რომ მის ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო.

დღეს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი დღეა, მე და ასერმა ვიქორწინეთ,  საზეიმო ღონისძიება ჩვენს ოჯახთან ერთად ნიკაჰს ცერემონიაზე აღვნიშნეთ - დაწერა მალალამ.

ასერ მალიკი Pakistan Cricket Board-ის მენეჯერის პოზიციას იკავებს ქალაქ ლაჰორში. რაც შეეხება მალალას, მან საზოგადოებას თავი ქალებისა და გოგოების განათლების საჯარო ადვოკატირებით გააცნო. მას შემდეგ, რაც 2008 წელს მალალას მშობლიური ქალაქი თალიბებმა დაიკავეს და გოგოებს სკოლაში სიარული აუკრძალეს, იუსაფზაი მაინც აგრძელებდა განათლების მიღებას. 2012 წელს, სკოლიდან მომავალი მალალა თალიბანის ნიღბიანმა შეიარაღებულმა პირმა თავში დაჭრა.

სამკურნალოდ, მალალას გადაყვანა სასწრაფოდ დიდ ბრიტანეთში გახდა აუცილებელი. სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილმა მალალამ აქტიურად განაგრძო თალიბების წინააღმდეგ ინტელექტუალური ბრძოლა; მანვე შექმნა საქველმოქმედო ორგანიზაცია „მალალას ფონდი გოგოების განათლებისთვის“ და მიიღო ფილოსოფიის, პოლიტიკისა და ეკონომიკის ხარისხი ოქსფორდის უნივერსიტეტში.

2014 წელს მალალა იუსაფზაიმ ისტორიაში ახალი ფურცლის წერა დაიწყო, როდესაც 17 წლისა ნობელის პრემიის ლაურეატის ყველაზე ახალგაზრდა მფლობელი გახდა. 

ზევით