ნუცა ბუზალაძე AMERICAN IDOL-ის საუკეთესო თორმეტეულშია

ნუცა ბუზალაძე მუსიკალური კარიერის ყველაზე დიდ ნაბიჯებს ამერიკაში დგამს და ამის მომსწრენი ყველანი ვართ. რამდენიმე საათის წინ, American Idol-ის Top 12-ეულის შერჩევისას, ქართველ მონაწილეს მიღებული ხმათა რაოდენობა არ ეყო შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, მიუხედავად ამისა, კონკურსის ვარსკვლავურმა ჟიურიმ, ორადგილიანი კვოტით, ნუცა ბუზალაძე საკუთარ რჩეულად დაასახელა და ამერიკელ მონაწილესთან ერთად მუსიკალური მეგაშოუს შემდეგ ფინალურ ეტაპზე გადაიყვანა.

ქვეყანაში, რომელშიც ნიჭი და შრომისმოყვარეობა ყოველთვის ფასდება და სხვა ფაქტორები მეორეხარისხოვანია, ქართველი მომღერალი საკუთარ ოცნებას იხდენს.

"ძალიან მადლიერი ვარ იმისთვის რომ დღეს აქ ვდგავარ, აქ ყოფნა და Top 20-ეულში მოხვედრა ჩემთვის უკვე ახდენილი ოცნების ტოლფასია, მე უბრალოდ უზომოდ მადლიერი ვარ" - განაცხადა ნუცამ თორმეტეულის შესარჩევი ტური საკუთარი გამოსვლის დაწყებამდე.

გასული ღამის ლაივ ჩვენებაზე, ნუცა ბუზალაძემ ჯენიფერ ჰადსონის And I Am Telling You შეასრულა ფილმიდან Dreamgirls, როგორც ჩანს ნუცამ ამჯერადაც გაითვალისწინა ქეითი პერის რჩევა და სცენაზე ნაკლები ბზინვარებით, თუმცა მეტი დიდებულებით გამოჩნდა, შედეგად კი ვიხილეთ ფეხზე წამომდგარი ჟიური და მასთან ერთად მთელი დარბაზი. 

ნუცა ბუზალაძე იმ მუსიკოსთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც კარგად იცნობენ საკუთარ ხმასა და შესაძლებლობებს, გამომდინარე აქედან, ჩვენ ყოველ მომდევნო ტურში ვხედავთ ნუცას გააზრებულ, წინასწარ ნაფიქრ და შესრულებულ პერფორმანსს.

ზევით