#სპორტი

+2 ოლიმპიური ოქრო საქართველოსთვის

გაზიარება:

| ანნა მათიაშვილი |

გუშინდელ საღამომდე საქართველო პარიზის ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურის ერთადერთი ოქროს მედლით ასპარეზობდა. საათ-ნახევრის შუალედში კი მოჭიდავე გენო პეტრიაშვილმა და ძალოსანმა, ლაშა ტალახაძემ საფრანგეთში საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კიდევ ორჯერ ააჟღერეს. ამჟამად, ჩვენს ანგარიშზე სამი ოქროს, ორი ვერცხლის და ერთი ბრინჯაოს მედალია.

lasha talakhadze, paris 2024, olympics, ძალოსნობა, ოლიმპიადა, ლაშა ტალახაძე, ოლიმპიური ჩემპიონი
ფოტო: Sportstar

ლაშა ტალახაძის გამარჯვება არავის გაგვკვირვებია. შვიდგზის მსოფლიოსა და შვიდგზის ევროპის ჩემპიონს წლებია პირველობაში ვერავინ ეცილება. მის ანგარიშზე მედლების გარდა, არაერთი მსოფლიო რეკორდია. ლეგენდარული ძალოსანი ვიქტორ სანეევის შემდეგ ერთადერთი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც ოლიმპიადა სამჯერ მოიგო. პარიზში მან ტრავმით იასპარეზა, თუმცა მოწინააღმდეგეებს მაინც დამაჯერებლად სძლია. ატაცში 215 და აკვრაში 255 კილოგრამის აწევით მან ორჭიდის ჯამში 470 კგ დააფიქსირა და ოქროსათვის ბრძოლაში სომხეთისა და ბაჰრეინის წარმომადგენლები ჩამოიტოვა უკან.

“ასეთი ემოციები არცერთი გამარჯვებს შემდეგ არ მიმიღია და ჩემთვის ეს ყველაზე მეტად დასაფასებელია”, - განაცხადა 30 წლის ძალოსანმა.

გენო პეტრიაშვილი საქართველოს ისტორიაში მესამე სპორტსმენია, რომელსაც ოლიმპიადაზე ყველა სინჯის მედალი აქვს მოპოვებული. ამ მიღწევას იგი მსროლელ ნინო სალუქვაძესთან და ძიუდოისტ ლაშა შავდათუაშვილთან იზიარებს. ოლიმპიადის მაყურებლებს დარწმუნებული ვარ, კარგად გახსოვს 2021 წელს პეტრიაშვილის ტოკიოში წაგებული ფინალი. ბრძოლა, რომელსაც ქართველი იგებდა, ამერიკელმა მოწინააღმდეგემ ბოლო 7 წამში შემოატრიალა და თავის სასარგებლოდ დაასრულა. წაგებამ 30 წლის მოჭიდავესთან ერთად მთელ საქართველოს დაგვწყვიტა გული.

geno petriashvili, გენო პეტრიაშვილი ოლიმპიადა, პარიზი

რიოში მოპოვებული ბრინჯაოსა და ტოკიოში წაგებული ფინალის შემდეგ, გენო პეტრიაშვილმა მაინც შეძლო ოქროს მოპოვება და გუშინდელ ფინალში 23 წლის აზერბაიჯანელი მეტოქე, ამირ ზარე დაამარცხა. ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზარესა და პეტრიაშვილის ბოლო სამი შეხვედრა ჩვენი მოჭიდავის მარცხით დასრულდა. რა საკვირველია, არც აღნიშნული ბრძოლა ყოფილა მარტივი. გენომ რამდენიმე ეფექტური გდებით ანგარიში 10-1-მდე აიყვანა. ბოლო წუთებში კი მეზობელი ქვეყნის ათლეტმა ანგარიში 10-9-მდე ამოქაჩა. ბრძოლა უკანასკნელ წამებამდე დაძაბულობით იყო სავსე, თუმცა ქართველმა ფალავანმა თავი დაიცვა და ბოლო რამდენიმე წამს ოსტატურად გაუძლო. ბრინჯაოსა და ვერცხლის შემდეგ კი დამსახურებული ოქრო მიითვისა, რომელიც წლევანდელ ოლიმპიადაზე საქართველოსთვის მეხუთე მედალია.

“დავბრუნდი, თან მაგრად დავბრუნდი”, - განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა მოგების შემდეგ პირველ ინტერვიუში.

 

გენოს ისტორია საქართველოსთვის მის წარმატებებამდე იყო ცნობილი. იგი 2008 წლის ომში, 11 წლის ასაკში რუსებმა და სეპარატისტებმა ცხინვალის რეგიონიდან გაიტაცეს და 3 თვე ტყვეობაში დატოვეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, ამ ამბიდან ზუსტად 19 წლის შემდეგ, გენო პეტრიაშვილის ოლიმპიური ჩემპიონობა ქართული გამძლეობის დასტურია.

დღეს, 11 აგვისტოს, თავისუფალი სტილით მოჭიდავე გივი მაჭარაშვილი ფინალში იასპარეზებს. პარიზის ოლიმპიადას საქართველო 7 გარანტირებული მედლით დაასრულებს, ოქროს მოგების შემთხვევაში კი მედლების სიაში მე-18 ადგილას გადაინაცვლებს.

ზევით