ოთხი თვის ნენე ცხადაძე მამას მუსიკალური კლიპის მთავარი გმირია

მომღერალი გიორგი ცხადაძე

სულ უფრო ხშირად ვხვდებით მამა-შვილის, დედა-შვილის მუსიკალურ კოლაბორაციებს. ერთ-ერთ სტატიაში მოგიყევით ბიონსესა და ბლუ აივის ერთობლივ სიმღერაზე, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ Grammy-ს ჯილდოზე იქნა ნომინირებული. ორი კვირის წინ კი  ქართველმა მსახიობმა, მომღერალმა და წარსულში ერისიონი მოცეკვავემ გიორგი ცხადაძემ ახალი კლიპის პრეზენტაცია გამართა, სადაც მისი პატარა ქალიშვილი ნენე მთავარი გმირის როლშია. ნენე არა მხოლოდ კლიპში მონაწილეობს, არამედ მუსიკალურადაც აფორმებს მამას მუსიკალურ კლიპს  „გიორგობის თვეს“.

როგორ გახდა ნენე კლიპის „გიორგობის თვე“ მთავარი გმირი?

გიორგი: ეს ამბავი მოხდა ძალიან შემთხვევით. სახლში მაქვს ხმის ჩამწერი მინი სტუდია და როცა ახალ სიმღერაზე ვმუშაობდი, ბავშვი მე მყავდა დატოვებული და თავისთვის ღუღუნებდა. თავიდან ვცდილობდი რომ გამერთო, რომ ჩუმად ყოფილიყო, მაგრამ პარალელურად ჩემი სიმღერა რომ ჩავრთე და ნენეს ღუღუნის ფონზე მოვუსმინე, მიხვდი რომ ეს იყო საუკეთესო მუსიკალური ამბავი. სატესტოდ იმ წამსვე ჩემი მიკროფონი მივუშვირე ნენეს და მისი ხმაც ჩავიწერე. ასე დაიბადა იდეა, რომელიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გახდა.  4 თვის ნენეს ღუღუნი დაგვრჩება სამახსოვროდ და ეს მაბედნიერებს.

 

როგორც თქვენს ფბ გვერდს ვადევნებთ თვალს, აქტიურად ხართ ჩართული თქვენი პატარის ცხოვრებაში...

გიორგი: ზოგადად ძალიან ვერიდებით და ვუფრთხილდებით ნენეს ვიდეოების და ფოტოების ატვირთვას, რადგან არ გვინდა ბავშვის პირადი ცხოვრების დიდი დოზით გასაჯაროება პირველ რიგში მისი უფლებების დასაცავად. მაგრამ რაც შეეხება ჩვენს ჩართულობას, თავიდან ფეხებამდე ნენეს ცხოვრებაში ვართ ჩართულები. არ მეგონა თუ ასე ვიტყოდი, მაგრამ მეც უმრავლესობაში აღმოვჩნდი და მათ შორის ჩემი ცხოვრებაც ორად გაიყო - ნენემდე და ნენს დაბადების შემდეგ.

სულ ვუმღერი, ვასმენინებ მუსიკას და პირველი ინსტრუმენტიც კი ვუყიდე - უკულელე

როგორი მამაა გიორგი?

სალომე: თანამედროვე მამაა. ეს შეფასება ალბათ ყველაზე ადეკვატურია.  უვლის, ბანს, ათამაშებს, ასწავლის, აძინებს, უმღერის, ასეირნებს (კვების გარდა ყველაფერს და შეიძლება ცოტა მეტსაც ვიდრე მე). ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბევრს კითხულობს, ეცნობა ახალ სამედიცინო ინფორმაციებს იმაზე, თუ როგორ დავეხმაროთ განვითარებაში ჩვენს ნენეს. ასე უბრალოდ ზეპირად რჩევებს არ ენდობა, პედიატრებსაც კი ამოწმებს ჩუმად.

გიორგი, თქვენი გზა მუსიკალურ კარიერამდე...

გიორგი: მუსიკამდე ვიყავი თეატრში, მაგრამ მუსიკაში ბავშვობიდან ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში იყო ერისიონი. 7 წლის ასაკში ვიყავი როცა მოვხდი ამ ანსამბლში და კლიპში „შატილის ასულო“, სადაც მამასთან ერთად გადამიღეს, მას შემდეგ ვმღერი. თუმცა სტუდენტობი დროს მქონდა ერთგვარი მუსიკალური პაუზა და უკვე პროექტით „მხოლოდ ქართული“ თითქოს თავიდან დავიწყე სიმღერა. პრინციპში, მუსიკით შეიძლება ბავშვობის მერე ბევრი არ მიცნობდა, მაგრამ ჩემს ცხოვრებაში სულ იყო. 

ისურვებდით თუ არა რომ, თქვენი გოგოც მუსიკოსი იყოს, თუ დედას კვალს გაყვეს?

გიორგი: ოოო, ვისურვებდი კი არა, ჩემი ერთ-ერთი ოცნებაა. ვერ წარმომიდგენია სხვანაირად და ჯერ კიდევ ნენეს მუცლად ყოფნის პერიოდიდან მოყოლებული ამაზე ვზრუნავ. სულ ვუმღერი, ვასმენინებ მუსიკას და პირველი ინსრტუმენტიც კი ვუყიდე - უკულელე. ახლა ჯერი ნენეზეა - იმედია გამახარებს.

გიორგი ცხადაძე

სალომე, როდის აპირებთ დაუბრუნდეთ აქტიურ ჟურნალისტიკას?

სალომე: ფორმულას ბიზნეს გადაცემაში „ბიზნესფორმულა“ დავიწყე სულ რაღაც ორი კვირაა მუშაობა. დავუბრუნდი სატელევიზიო ეთერებსაც და ნელ-ნელა ვაქტიურდები. ეს სფერო ჩემი მიმართულებაა უკვე ბოლო რამდენიმე წელია, ამიტომ თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მით უმეტეს, რომ მოვხვდი ზუსტად იმ გუნდში, სადაც ყოფნა მიხარია.

გიორგი, ხშირად გვანებივრებთ მსმენელს ახალი სიმღერებით, რას და როდის ველოდოთ მომავალში?

გიორგი: რამდენიემ სიმღერაზე ვმუშაობ და ზოგიერთი საახალწლოდ გამოვა. არის კიდევ ერთი იდეა, რომელიც მინდა განვახორციელო. ნენესთან დუეტი იყო ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთი დუეტი იქნება ასევე დასამახსოვრებელი. მოდი სიურპრიზად დავტოვებ პარტნიორის ვინაობას.

გიორგი ცხადაძე გიორგობის თვე

გიორგი, სალომე წელს თქვენი ახალი წელი განსხვავებული იქნება, მოგვიყევით საახალწლო გეგმებზე. როგორი ახალი წელი ექნება ნენეს.

ნენეს სახელზე ვიყიდეთ ძალიან დიდი ნაძვის ხე, არ ეტევა სახლში, მაგრამ არაუშავს. მთელი სახლი მოვრთეთ და ბავშვი ცოტა გავაგიჟეთ ამდენი ფერით და განათებით. აჟიტირებულია მთელი დღეები. ახლა ორივე აქტიურად ვმუშაობთ და ველოდებით დასვენების დღეებს, რომ მთელი დღე სახლში ვიყოთ ნენესთან ერთად. ესაა ჩვენი საახალწლო გეგმა და მგონია რომ ყველაზე თბილი 2021 გვექნება წელს.

ზევით