რა უნდა ვიცოდეთ თბილისი პრაიდზე?

| ავტორი: ნანკა კიკალია |

ადამიანებს გვჩვევია ყველაფრის გაპროტესტება, განსაკუთრებით კი იმის, რაც არ გვესმის. არ მოგვწონდა და არ გვესმოდა, მაგალითად ქალების, განსაკუთრებით კი ქალების ჟღალი თმებით, ფუი ეშმაკს, დავსჯით, გამოვეკიდებით და კოცონზეც დავწვავთ! ფერადკანიანი მამაკაცებისა და ქალების, ღმერთმა ნუ შეგვახვედროს ალბინოს ბავშვს... თუმცა, საბედნიეროდ, ადამიანების მეტი ნაწილი ტოლერანტულია, იბრძვის სინათლისთვის, თავისუფლებისთვის, თანაბარი უფლებებისთვის. სწორედ ამის დამსახურებაა, რომ ეკრანის მეორე მხარეს, ამ წამს კლავიატურაზე მკაცრად აკაკუნებს ქალი ჟურნალისტი (ვინ იცის, ფერადკანიანი ან ჟღალითმიანი) და ცდილობს თქვენს ცნობიერებამდე მიიტანოს, რომ ადამიანად დაბადება საოცარი გამოცდილებაა და არავის არ აქვს ამ გამოცდილების შეზღუდვის უფლება!

მოკლედ, თბილისის ქუჩებში ხმაურია, პრაიდი იმართება. იქნებ მეტ ინფორმაციას რომ ვფლობდეთ, მეტად ინფორმირებული ვიყოთ, თუ რატომ არის საჭირო ღირსების მარში, იქნებ არც ისე შეგვეშინდეს იმ ადამიანების, რომლებსაც უბრალოდ სიყვარულის თავისუფლება სურთ.


ღირსების მარში მთელი ივნისი გრძელდება და მსოფლიოს მასშტაბით ტრადიციულად ტარდება აღლუმები, საპროტესტო გამოსვლები და ასევე დრამატული წარმოდგენები საზოგადოების იმ წევრების პატივსაცემად, რომლებიც შიდს ემსხვერპლნენ. იმისათვის, რომ LGBTQ საზოგადოებას ამ ყველაფრისთვის მიეღწია, პირდაპირი გაგებით ჯოჯოხეთი გამოიარა. გარეთ 21-ე საუკუნეა, ტექნოლოგიური აღმავლობის ხანა, მალე მარსის კოლონიზაციას მოვახდენთ და ზაფხულის სახლს, ძალიან მალე კოჯორში კი არა, არამედ რომელიმე, სიცოცხლის მატარებელ პლანეტაზე ავიშენებთ, ალბათ. და ამ ყველაფრის პარალელურად, ნუთუ აღარ დადგა ტოლერანტობის რევოლუციის დრო?

ცისარტყელები, ათასფერები

როგორც იცით, პრაიდის სიმბოლო ცისარტყელაა, არა, ის ცისარტყელა არა, რომელიც ბავშვებს წაართვეს. ცისარტყელა სიმბოლოა მრავალფეროვნების, როგორიც თავად სიცოცხლეა დაბადებიდან გარდაცვალებამდე - ფერადი, ინდივიდუალური და განსხვავებული.

გილბერტ ბეიკერი, 2003 წელი, სტოკჰოლმში, გიგანტურ დროშასთან

პრაიდის დროშა არტისტმა, გილბერტ ბეიკერმა შექმნა და თითოეულ ფერს საკუთარი განმარტება მისცა. ამ დროშამ ცვლილებები არაერთხელ განიცადა, მაგალითად 2021 წელს მას შავი ფერი დაემატა, როგორც Black lives matter სოლიდარობა, ყავისფერი, როგორც ინკლუზიურობის სიმბოლო და ღია ლურჯი და ვარდისფერი - ტრანს ადამიანების პატივსაცემად.

ივნისიც წაგვართვეს? რატომ აღნიშნავენ ღირსების მარშს ივნისში?

ლგბტ უფლებების მოძრაობას საფუძველი სტოუნუოლის ჯანყმა ჩაუყარა - ნიუ-იორკის პოლიციასა და გეი და ტრანსგენდერ ჯგუფებს შორის მომხდარმა სისხლიანი კონფლიქტების სერიამ, რომელიც 1969 წლის 28 ივნისს გამთენიისას დაიწყო და რამდენიმე დღე გაგრძელდა. ეს შეტაკება ჰომოსექსუალი და ტრანსგენდერი ხალხის ასეთი მრავალრიცხოვანი ერთობლივი წინააღმდეგობის პირველი შემთხვევა იყო. შეტაკება საკუთარ თავზე ნიუ-იორკის ბარმა Stonewall Inn იწია. კი, სისხლიც ბლომად დაიღვარა. რისთვის? სიყვარულის უფლებისთვის! თავისუფლებისთვის!

 

ეს ადგილი 2015 წელს ქალაქ ნიუ-იორკმა ისტორიულ ღირსშესანიშნაობად გამოაცხადა, ხოლო მოგვიანებით, 2016 წელს, ამერიკის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ეროვნული ძეგლის სიმბოლო მიანიჭა. ასე და ამგვარად იცვლება საზოგადოება... იქნებ ახლა ჩვენი დროა, არა, ქართველობას არავინ წაგვართმევს, პური ხომ არ არის ხელიდან აგვაცალონ, არა?!

წელს, ღირსების აღლუმს 51 წელი უსრულდება, პირველად ის 1970 წელს, აჯანყებიდან ერთი წლის თავზე ჩატარდა. თბილისში კი პრაიდი პირველად 2019 წელს გაიმართა.

ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ LGBTQ საზოგადოების მხარდასაჭერად?

1. დონაცია. ძალიან ბევრი ორგანიზაცია არსებობს მსოფლიოს ირგვლივ, რომელიც LGBTQ თემაზე ცნობიერების ამაღლებაზე მუშაობს, მათ შორის: The Human Rights Campaign, The Trevor Project, The Pride Fund to End Gun Violence, The National Center for Trans Equality, GLSEN, The National Queer and Trans Therapists of Color Network და Tbilisi Pride.

2. მონაწილეობა მიიღოთ აღლუმში, მხარი დაუჭიროთ LGBTQ საზოგადოებას.

3.  თუ ზედა ორი გეხამუშებათ, ისიც საკმარისი იქნება, გააცნობიეროთ და მიიღოთ ის ფაქტი, რომ ადამიანი თავისუფალი ინდივიდია და მისი არჩევანი მას ეკუთვნის და თქვენ არაფერი გაქვთ საერთო ამასთან!

ზევით