#მოდა

პანდემიის გავლენა მოდის ინდუსტრიაზე: არის თუ არა ციფრული ჩვენებები მოდის მომავალი?

გაზიარება:

მოდის კვირეულების ციებ-ცხელება დასასრულს მიუახლოვდა და მოდით ვაღიაროთ, რამდენად გასაოცარი, შთამბეჭდავი და კრეატიული ჩვენებების მომსწრენი გავხდით ყველანი ერთად. ჩიხში შესულმა მოდის ინდუსტრიამ, მსოფლიო პანდემიის პირობებშიც კი იპოვა საუკეთესო გამოსავალი და თითქმის სრულიად, ციფრულ ჩვენებებზე გადავიდა.

რასაკვირველია, ამ ერთმა შეხედვით პატარა ცვლილებამ თან უამრავი სიახლე და გენიალური აზრიც დაბადა და მოდის გულშემატკივრები მედიასთან ერთად ინდუსტრიის მომავალზე ალაპარაკდნენ - არის კი ციფრული ფორმატი მისი მომავალი? ამას დრო აუცილებლად გვაჩვენებს, მანამ კი მოდის კვირეულების ფავორიტ ჩვენებს გადავავლოთ თვალი და ერთად აღმოვაჩინოთ ფავორიტი სილუეტები, ტრენდები და ტენდენციები.

Louis Vuitton FW21

ახალი კოლექციის შექმნისას, დიზაინერმა ვირჯილ აბლოამ შთაგონებისთვის, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული მხატვრის ფორნასეტის ნამუშევრებს მიმართა და მისი კვალი ჩვენებას უდავოდ ეტყობოდა. 

ვირჯილ აბლოამ საოცრად ფერადი კოლექცია წარადგინა, სადაც განსაკუთრებული ადგილი დიდი ზომის - ოვერსაიზ მოსაცმელებს, ჯინსის შარვლებსა და კაბებს ეკავათ. მთელი ჩვენება ფორნასეტის შავ-თეთრი ნამუშევრების იდეალურ კონტრასტს წარმოადგენდა.

Chanel AW21

„მე მიყვარს კონტრასტი, საკმაოდ ვრცელი კოლექციისთვის პატარა სივრცე შევარჩიე. არ ვიცი, შესაძლოა იმ დროის გამოძახილია რომელშიც ახლა ვცხოვრობთ და მეც მინდოდა რაიმე მყუდრო, ცხოვრებისეული მეჩვენებინა. წარმომედგინა, როგორ ემზადებიან მოდელები თავად ჩვენებისთვის, როგორ დადიან კულისებში და ისინჯავენ სამოსს. მახსენდებოდა ის დრო, რომელზეც კარლი მიყვებოდა, მაშინ მოდელები მაკიაჟსაც კი თავიანთი ხელით იკეთებდნენ“ - აცხადებს Chanel-ის კრეატიული დირექტორი ვირჯინია ვიარდი 2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის შესახებ.

DIOR AW21

2021 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის ჩვენებისას, მარია გრაცია კიურიმ ჯადოსნურ სამყაროში გვამოგზაურა, უფრო სწორად სიმბოლოების სამყაროში, რომელიც აღსავსეა სიძლიერის, ქალურობისა და თავდაჯერებულობის ნიშნებით. კოლექციაში განსაკუთრებულ ადგილს ზღაპრული კაბები იკავებენ, კუბოკრულ სამეულებთან ერთად.

GIVENCHY AW21

„მრავალი თვალსაზრისით, ეს კოლექცია ორ სამყაროს შორის კონტრასტს წარმოადგენს. ის შეეხება რთულ პერიოდში საკუთარი თავის შეცნობას, რომელიც გულწრფელობით უფრო აიხსნება ვიდრე სტრატეგიით. ჩვენ გვსურს სიზუსტის, ელეგანტურობისა და ექსტრავაგანტულობის აღმოჩენა, როგორც ჩაცმულობაში, აგრეთვე გარეგნობაში. მოდა კი გვეხმარება შევიგრძნოთ და დავუკავშირდეთ ჩვენს საწყისს, ის მუსიკას ჰგავს, რომელიც შეგვიძლია ვატაროთ“ - მეთიუ მ. უილიამსი, Givenchy-ს კრეატიული დირექტორი.

Chloe AW21

გაბრიელა ჰერსთმა Chloe-ის 2021 წლის შემოდგომზა/ზამთრის კოლექცია იმ დღეს წარადგინა, როდესაც გაბი აგიონი დაიბადა. გაბიდან - გაბიმდე, ორი ამბიციური ქალის ისტორია, რომელიც თანამედროვეობისა და ქალურობის ზეიმს წარმოადგენენ. ახალი კოლექციის ხილვა საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ Chloe ნამდვილად კარგ ხელშია, მისი შექმნისას შემოქმედებითი ხელმძღვანელის მთავარი შთაგონება მარადიულობა და სიკეთისადმი ერთგულება გახლდათ.

Isabel Marant AW21

ხედვა წარსულში თუ მომავლისკენ მიმართული პროექცია? - Isabel Marant-ის შემოდგომა/ზამთრის კოლექცია იდუმალებითაა მოცული, გამოხატული სილუეტებისა და მკაფიო ფერების ფონზე. ახალ კოლექციაში ლიბერტარიანელის სულისკვეთება, რომელიც ჯენის ჯოპლინისა თუ ჯიმი ჰენდრიქსით არის გამოხატული, 90-იანების სუბკულტურას ერწყმის და რაღაც სრულიად ახალსა და ორიგინალურს ქმნის.

ზევით