რუსეთში გალერეის თანამშრომელმა $1.3-მილიონიან ტილოს თვალები მიახატა

რუსეთში, ერთ-ერთ გალერეაში უჩვეულო ფაქტი დაფიქსირდა: დაცვის მოწყენილი თანამშრომელი, რომელმაც $1.3-მილიონად შეფასებული ნახატი დააზიანა, კერძოდ კი უსახო ფიგურებს თვალები მიახატა, სამსახურიდან პირველივე დღეს გაათავისუფლეს.

ანა ლეპორსკაიას ნახატი, სახელწოდებით „სამი ფიგურა“ 1932-1934 წლებში შეიქმნა. 75 მილიონ რუბლად ($1.3 მილიონი) შეფასებული ნახატი ეკატერინბურგში, ბორის ელცინის სახელობის ცენტრში იყო გამოფენილი. დაცვის თანამშრომელმა ნახატზე გამოსახულ ადამიანებს თვალები საკუთარი კალმით მიახატა.

„მისი (დაცვის თანამშრომლის) მოტივები ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია. ვიმედოვნებთ, რომ მან ეს გაუაზრებლად გააკეთა“ - აცხადებს ანა რეშეტკინა, გამოფენის კურატორი.

„საბედნიეროდ, ვანდალმა კალმით ძლიერი წნეხის გარეშე დახატა, რამაც ნახატის რელიეფს გამოუსწორებელი ზიანი არ მიაყენა“ - როგორც ბორის ელცინის სახელობის ცენტრის თანამშრომლები ამტკიცებენ, ვანდალიზმის კვალის ნახატიდან გაქრობა შესაძლებელია, რესტავრაცია კი ჯამში $4,600 დაჯდება.

ეს, რუსეთში ნახატის დაზიანების პირველი შემთხვევა ნამდვილად არ არის. 2019 წელს ტრეტიაკოვში მამაკაცს 2-წლიანი თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს, მას ბრალად ილია რეპინის „ივანე მრისხანეს“ ნახატის დაზიანება ედებოდა. ფერწერული ტილო 3 ადგილას იყო გახეული. „ივანე მრისხანე“ საუკუნის წინ, 1913 წელსაც დაზიანდა, როდესაც მას ფსიქიკურად დაავადებულმა ადამიანმა დანით 3 „ჭრილობა“ მიაყენა.

ზევით