სამოსი ქართველური ენებით - გაავრცელეთ ენის მრავალფეროვნება

გაზიარება:

„ჯოვანი მორა“ ქართულ ბაზარზე ახალი წამოწყებითა და საინტერესო მესიჯით გამოჩნდა, ბრენდის ოფიციალურ Facebook გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა, რომელიც ბრენდის ახალ პროექტს ტანსაცმლის ხაზს გვაცნობს ქართველური ენების საგანძურიდან ამოკრებილი სიტყვებითა და მათი განმარტებებით.

ირიათონი /მეგრული/ მარადიული; სამარადისო; უსასრულო; ის, რაც მუდამ იარსებებს.

ახალი ლიმიტირებული კოლექცია შევქმენი — სვანური, მეგრული და ლაზური ენების განძსაცავიდან საინტერესო სიტყვები ამოვარჩიე და მათ ჩვენს ყოველდღიურობაში დასამკვიდრებლად, სვიტრებსა და ჰუდებზე დავიტანე

ლილეკ /სვანური/ მიგნება - როდესაც შემთხვევით, ვარაუდით ან ძებნის შედეგად მიაკვლევ, იპოვი ვინმეს ან რამეს.

„ჯოვანი მორამ“ სულ რამდენიმე თვის წინ ეროვნული მრავალფეროვნების პროექტი წამოიწყო, რაც პირველ ყოვლისა, ქართველური ენების პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. პასტელური ფერებით შეფერილი და მეგრული, სვანური თუ ლაზური სიტყვებით მოპრინტული სამოსიც სწორედ ამ პროექტის ნაწილია.

მსქვანა /ლაზური/ სილამაზე; მშვენიერება.

თითოეული თქვენგანი, რომელიც ამ კოლექციის სამოსს მოირგებს, თავად გაავრცელებს მესიჯს ენობრივი მრავალფეროვნების მნიშვნელობის შესახებ

მალტარ /სვანური/ კაცთმოყვარე; ნაწარმოებია სიტყვა სიყვარულისგან - „ლილატ“. 

„ჯოვანი მორა“ ქართულ ბაზარზე წლების წინ, მამაკაცის აქსესუარებითა და საჩუქრებით გამოჩნდა, თუმცა ერთი იდეის გარშემო გაერთიანებულმა გუნდა, მალევე საკუთარი შეხედულებების გამოხატვა მნიშვნელოვან თემებზე საკუთარი ბრენდის წყალობით დაიწყო. ალბათ ყველას კარგად გვახსოვს პასპორტის ჩასადები, რომელიც მსოფლიოს საკმაოდ მარტივად უგზავნიდა მესიჯს იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყნა 20%-ით ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

პასპორტის ჩასადებს მალევე, ტრადიციული ქართული ქსოვილის პოპულარიზაცია მოჰყვა, ახლა კი კიდევ ერთი საინტერესო პროექტის მოწმენი გავხდით, ჰუდებსა და სვიტერებზე გადატანილი ქართველური ენების სიტყვებით.

ზევით