#მუსიკა

SUPER BOWL 2022: გრანდიოზული შესვენების შოუ და ვარსკვლავთცვენა

გაზიარება:

13 თებერვალს, ამერიკული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საღამო, სუპერბოული გაიმართა და როგორც ყოველთვის, ამ ღონისძიების მიმართ ყველას ყურადღება იყო მიპყრობილი. გარდა იმისა, რომ ლოს-ანჯელესში დაძაბული ორთაბრძოლა მიმდინარეობდა რემსაა და ციცინატი ბენგალსს შორის, შესვენების გრანდიოზულმა შოუმ და სცენაზე გამოჩენილმა ვარსკვლავებმა ყველაფერი ორმაგად საინტერესო და ამაღელვებელი გახადეს.

ე.წ. Halftime Show-ს - შესვენების შოუს დროს სცენაზე დიდი ნოსტალგია დატრიალდა, რადგან 100 ათასმა მაყურებელმა სცენაზე და მილიონობით ეკრანებთან ერთ-ერთი დაუვიწყარი შოუ იხილა სუპერბოულის ისტორიაში. შარშანდელი იმედგაცრუების შემდეგ, ორგანიზატორებმა ძალები არ დაიშურეს, რათა მაყურებლისთვის პომპეზური შოუ ეჩუქებინათ და ეს იდეალურადაც გამოუვიდათ.

15 წუთის განმავლობაში, სუპერბოულის მოედანზე ჰიპ-ჰოპისა და R&B-ის უდიდესი ვარსკვლავები გაერთიანდნენ და სამყაროს ბრწყინვალე წუთები აჩუქეს.

შესვენების შოუ Dr. Dre-მ და Snoop Dogg-მა The Next Episode-ით გახსნეს და California Love-ით გააგრძელეს, მათ შემდეგ სცენაზე მოულოდნელად 50 Cent-იც გამოჩნდა, რომელმაც დაუვიწყარი In da Club შეასრულა. ამას მოჰყვა მერი ჯეი ბლიჯის ფანტასტიკური შესრულება, Kendrick Lamar-ის გამოსვლა და შოუს კულმინაცია - ემინემი, რომელმაც ლეგენდარული ჰიტი Lose Yourself შეასრულა. შესვენების შოუს დასასრულ ექვსივე გამომსვლელმა ერთად Still Dre იმღერა.

სუპერბოულის შესვენების შოუს ერთი დაუვიწყარი მომენტიც ახლდა, რეპერი სცენაზე ჩაიმუხლა, რითაც კოლინ კაპერნიკის ჟესტი გაიმეორა. კვოტერბეკმა კაპერნიკმა ამ საკულტო ჟესტს და პროტესტის ფორმას 2016 წელს მიმართა, როდესაც აშშ-ის ჰიმნის ჩართვისას ფეხზე წამოდგომაზე უარი განაცხადა და დაიჩოქა. კაპერნიკის მხრიდან ეს გახლდათ ამერიკაში რასობრივი უთანასწორობისა და პოლიციის სისასტიკის მოპყრობის წინააღმდეგ პროტესტის საშუალება.

პროტესტის ამ ფორმამ გულშემატკივართა შორის განხეთქილება გამოიწვია, დონალდ ტრამპის აღშფოთების შემდეგ კი კოლინ კაპერნიკი NFL-დან გაათავისუფლეს. მოვლენების მსგავსი განვითარების შემდეგ, სუპერბოულის შესვენების შოუს გამოსვლაზე არაერთმა ცნობილმა არტისტმა განაცხადა უარი, NFL-ში განაცხადეს, რომ მათ არ იცოდნენ ემინემის გეგმის შესახებ, რაშიც ეჭვი სულაც არ გვეპარება. ლეგენდარული რეპერი სცენაზე არსაიდან იშვიათად ჩნდება, თუმცა როდესაც ამას აკეთებს, მსოფლიოს სალაპარაკოს ძალიან დიდი ხნით უტოვებს.

ზევით