პირველი მედალი საქართველოს სახელზე: ტატო გრიგალაშვილმა ვერცხლი მოიპოვა

პარიზის ოლიმპიადაზე პირველი მედალი ტატო გრიგალაშვილმა, ძიუდოს ტურნირის მეოთხე დღეს მოიპოვა.

ტატო გრიგალაშვილი
ფოტო: პირველი არხი

პირველ შეჯიბრში მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა მეტოქე, მიჰაილ ლატისევი დამატებით დროში დაამარცხა. მოლდოველი სპორტსმენი აკრძალული ილეთის გამოყენების გამო ასპარეზობას გამოეთიშა. მერვედფინალში გრიგალაშვილმა ავსტრიის დროშით მოასპარეზე ვახიდ ბორჩაშვილი, მეოთხედფინალში კი ტაჯიკი სომონ მახმადბეკოვი დაამარცხა.

ტატო გრიგალაშვილი, ტაკანორი ნიგესე

ნახევარფინალში ტატომ სამხრეთ კორეელ ძიუდოისტს სძლია და ფინალის საგზური მოიპოვა. Champ de Mars არენაზე გამართულ ფინალში ქართველი ძიუდოისტი მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთან, იაპონელ ტაკანორი ნაგესესთან დამარცხდა. ძიუდოისტმა საქართველოს პირველი მედალი, ვერცხლი მოუტანა. ტატო გრიგალაშვილის ანგარიშზე ზედიზედ სამჯერ მოგებული მსოფლიო ჩემპიონატი და ევროპის სამგზის ჩემპიონის ტიტული იწერება.

"ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან, რა თქმა უნდა, მთელი გუნდი და მეც მზად ვიყავით ოქროსთვის. ოქროს მედლისთვის უნდა გვებრძოლა... თუმცა, საოცნებო მიზნამდე ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა," - განაცხადა ტატომ პირველ არხთან ინტერვიუში.

დღეს ტატამიზე ლაშა ბექაური გამოვა. ბექაური 90 კილოგრამ კატეგორიაში ასპარეზობის პირველ ეტაპზე ბულგარელ ივაილო ივანოვს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ტოკიოს ოლიმპიადაზე მოპოვებული რვა მედლიდან ნახევარი ქართველი ძიუდოისტების დამსახურებაა. საქართველოს დელეგაცია წელს ამ შედეგის გაუმჯობესებას ეცდება.

ზევით