თეთრ სახლში პირველი საშობაო ნაძვის ხე მიიტანეს - სამზადისი იწყება!

გაზიარება:

ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო რეზიდენციაში საშობაო სამზადისი ოფიციალურად დაწყებულია. ქვეყნის პირველმა ლედიმ, ჯილ ბაიდენმა 2021 წლის სადღესასწაულო ნაძვის ხე დიდი პატივით უკვე მიიღო და წინ ყველაზე ამაღელვებელი სამზადისი და გრანდიოზული დეკორაციები გველის.

თეთრი სახლის საშობაოდ მორთვა საპრეზიდენტო რეზიდენციის ათწლეულების ტრადიციაა, რომელსაც საფუძველი 1889 წელს ჩაეყარა, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტმა ბენჯამინ ჰარისონმა ყვითელ ოთახში პირველი საშობაო ნაძვის ხე დადგა. 1961 წელს კი ჯეკი კენედიმ საშობაო თემატიკის დეკორაციებზე პირველად იზრუნა, რაც მას შემდეგ ყოველი პირველი ლედის მოვალეობად იქცა.

ჯონ და ჟალკლინ კენედები საშობაო ნაძვის ხის ფონზე, 1961 წელი

2021 წლის საშობაო ნაძვის ხე, რომელიც წელს თეთრი სახლის მთავარი მშვენება იქნება, ჯეფერსონიდან Beau Estes of Peak Farms-დან მიიღეს. წესისამებრ, თეთრი სახლის მთავარ მშვენებას ქვეყნის პირველი ლედი ჯილ ბაიდენი დახვდა. აღსანიშნავია, რომ ეს ჯილისთვის თეთრ სახლში პირველი შობაა და საზოგადოება მოუთმენლად ელოდება როგორ დეკორაციებზე გააკეთებს არჩევანს პირველი ლედი.

შეგახსენებთ, რომ 2020 წელს ამ მოვალეობას უკანასკნელად თავი მელანია ტრამპმა გაართვა. არა ერთი სკანდალისა და მითქმა-მოთქმის მიუხედავად, მელანიამ ჯადოსნური თემატიკა და თვალისმომჭრელი დეკორაციები წარმოგვიდგინა.

ზევით