ბედნიერება და აფირმაცია

ხუთი წუთით დაფიქრდით და გაიხსენეთ ის მომენტები თქვენს ცხოვრებაში, როდესაც თავი გიგრძვნიათ  ბედნიერად? ეს შეიძლება იყოს მყუდრო ვახშამი დიდ ოჯახთან ერთად, სამედიცინო  ანალიზის კარგი პასუხი, ვარჯიშის შემდეგ მოზღვავებული ენერგია და ჭარბად წარმოქმნილი  ბედნიერების ჰორმონები, გემრიელი ყავა მეგობრებთან სასიამოვნო საუბარის დროს, მედიტაცია ბუნების წიაღში, ლოცვა, ან საყვარელი ადამიანის მიერ მორთმეული გემრიელი დესერტი,  სამსახურში წარმატება, მოგზაურობის დროს ახალი ქალაქების აღმოჩენა და ხალხთან ურთიერთობა. ჩამოთვლა ძალიან შორს წაგვიყვანს, თუმცა თავი უფრო ხშირად რომ ვიგრძნოთ კარგად და ბედნიერების ხარისხი უფრო რომ  გავიუმჯობესოთ, ამისთვის არსებობს მარტივი სავარჯიშო, რომელიც ბევრმა ადამიანმა არ იცის.

როგორ ვიყოთ ბედნიერები?

პირველ რიგში ყოველ დილით მოახდინეთ აფირმაცია. აფირმაცია ეს არის წინადადებაში გამოხატული ემოციური აზრი, რომელიც ერთდროულად ქმნის, როგორც საერთო ემოციურ ფონს, ისე – ემოციურ ვექტორს, მიმართულებას. ვიზუალიზაციის და ემოციის გარეშე აფირმაციის წარმოთქმას აზრი არა აქვს, რადგან ემოცია, განცდა, გრძნობა აფირმაციის “საწვავია”. დაწერეთ და წარმოსთქვით დღეში რამოდენიმეჯერ თქვენთვის სასურველი ფრაზები, გამოხატეთ მადლიერება იმისთვის რაც გაქვთ, ვინც ხართ, როგორიც ხართ, თუმცა გახსოვდეთ, რომ აფირმაცია უნდა იწყებოდეს სიტყვით“მე”,“ჩემი“, „ჩვენი“. აფირმაციაში ზმნა უნდა გამოიყენოთ აწმყო დროში და არ უნდა იყოს არავითარი უარყოფა (“არ”, “ვერ” და ა. შ.).

მაგალითად:

• მე მადლიერი ვარ ღმერთის და ყველა ადამიანის;

• ჩემი ცხოვრების ყოველი დღე აღსავსეა საოცრებებით და მადლით;

• მე ვქმნი ჩემს მშვენიერ და იდეალურ ცხოვრებას;

• მე უკეთეს ვიმსახურებ და ყოველივე საუკეთესო ახლა მოდის ჩემთან;

• ჩემი ყველა სურვილი სწრაფად და იოლად სრულდება;

• ჩემი ტვინი წარმოადგენს ძლიერ მაგნიტს სარგებლიანი და ფულის მომტანი იდეებისთვის;

• მე მშვენიერი სამსახური და მშვენიერი კარიერული გზა მაქვს; და ა.შ.(დაწერეთ რაც გსურთ).

ყოველ დღე გადაწერეთ თქვენი ცხოვრების რუკა, მონიშნეთ და იპოვნეთ თქვენი ცხოვრების  მიმართულება, რომელიც თქვენი  ბედნიერების გზაზე დაგაყენებთ. ეს გზა ძალიან ინდივიდუალური, უნიკალური და მხოლო თქვენია. გახსოვდეთ, ბედნიერება არ არის მომავალში, ის არის აწმყოში, დღეს და ახალა თქვენს ცხოვრებაში. ეცადეთ იყოთ იქ სადაც თავს კარგად  და მშვიდად იგრძნობთ, ეცადეთ საღამო გაატაროთ ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენს ენერგეტიკულ ველში იმყოფებიან და სიყვარულს, სიმშვიდეს და სოცოცხლის ხალისს გჩუქნიან.  თავად შექმენით თქვენი დღეები,თქვენი კავშირები, თქვენი მიზნები და თქვენ თავად  გახდით თქვენი ცხოვრების სცენარისტი. 

და ბოლოს,  გახსოვდეთ, რომ ბედნიერება არასდროს არაა გზის ბოლოს ის თავად გზაა.

ნათია ფარქოსაძე, ფსიქოკონსულტანტი

ზევით