ბედნიერების ჰორმონის გავლენა ბედნიერებაზე

ბედნიერება

ფსიქოკონსულტანტი ნათია ფარქოსაძე The Diary-ს ამჯერად ბედნიერების ჰორმონზე და მის მნიშვნელობაზე ესაუბრა. თუ თავს გრძნობთ აღგზნებულად, ხართ ცუდ განწყობაზე, გაქვთ დაბალი თვითშეფასება, ძილთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ ეს სტატია თქვენთვისაა. 

ნ.ფ.: ბედნიერების ჰორმონი, იგივე სეროტონინი, ქიმიური ნივთიერებაა, რომლის გამომუშავებაც ნერვულ უჯრედებში ხდება და დიდ გავლენას ახდენს ჩვენს ხასიათსა და გუნება-განწყობაზე. სეროტონინის მნიშვნელოვანი  შემადგენელი ნაწილია ამინომჟავა ტრიპტოფანი, რომელსაც ორგანიზმი ძირითადად საკვებიდან იღებს.

 

ბედნიერების ჰორმონის გამომუშავებაზე დიდ გავლენას საკვების გარდა, მზის სინათლეც ახდენს

მზის სინათლეზე ტვინი გამოიმუშავებს სეროტონინს, რაც ადამიანს ეხმარება იყოს უფრო მშვიდი და კონცენტრირებული, სიბნელეში კი ტვინი გამოიმუშავებს მელატონინს, ჰორმონს, რომელიც გვეხმარება ძილში. მზის გარეშე სეროტონინის დონე მცირდება, რაც იწვევს სეზონურ დეპრესიას. სეროტონინის დაბალი დონე გამოიხატება შემდეგი სიმპტომებით:

• აგრესია

• გაღიზიანებადობა

• დაბალი თვითშეფასება

• ცუდი განწყობა

• ცუდი მეხსიერება

• ტკბილ საკვებზე მოთხოვნილების გაზრდა

• ძილთან დაკავშირებული პრობლემები

როგორ გავზარდოთ სეროტონინის დონე ორგანიზმში?

სეროტონინის მნიშვნელოვანი ნაწილის ამინომჟავა ტრიპტოფანის შემცველი საკვების მიღებით შევძლებთ ბედნიერების  ჰორმონის სეროტონინის გამომუშავებას. ასეთი საკვებია: კვერცხი, ხორცეული, თევზეული, ყველი, თხილი, კაკალი, მზესუმზირა, სოიო და ლობიო.

საკვებისა გარდა სეროტონინის დონის გაზრდა ორგანიზმში შესაძლოა :

• ფიზიკური აქტივობით - კვლევების თანახმად, რეგულარულ ვარჯიშს აქვს ანტიდეპრესიული გავლენა

• მზის სინათლით - მზის სინათლე სეზონური დეპრესიის მკურნალობის ცნობილი საშუალებაა.

• პოზიტიური განწყობით - კვლევების თანახმად, პოზიტიურად განწყობილ ადამიანებთან ურთიერთობა მნიშვნელოვნად ზრდის სეროტონინის დონეს.

• ნაწლავის ბაქტერიები - ბოჭკოვანი საკვები პროდუქტების მიღება წარმოქმნის ჯანმრთელ ნაწლავის ბაქტერიებს, რაც ასევე მონაწილეობს სეროტონინის დონის ზრდაში.

• სეროტონინის დონის დარეგულირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია  ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა კი ერთნაირად აუცილებელი ადამიანისთვის.

ზევით