ემოციური რეგულაცია

ემოციური რეგულაცია დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუმცა ემოციის რეგულაციაში არ იგულისხმება მისი რეპრესია, შეკავება, განდევნა, შეფარვა ან შენიღბვა. რეგულაციის ქვეშ იგულისხმება ემოციების გამოვლინება, სხვადასხვა გარემო პირობებში მისაღები გზით; სიტუაციის ადეკვატური შეფასება და რეაგირება, სხვისი ემოციის გაგება და და საკუთარი ქმედების სწორად წარმართვა.

ემოციურ  რეგულაციაში შედის ემპათია, როგორც სხვათა როლების ათვისების პროცესი და თანაგანცდის მეშვეობით სხვათა ემოციური ქმედებების საზრისთა ადეკვატური წვდომა. აქვე ემოციური რეგულაციის დროს მნიშვნელოვანია გამოვხატოთ ჩვენი ემოცია ისე, რომ არ დავაზიანოთ სხვისი ემოციები. ემოციური რეგულაცია ჩნდება დაბადებისთანავე, როდესაც ბავშვსა და დედას შორის ყალიბდება სანდო მიჯაჭვულობა, („სამყარო არის ის ადგილი, სადაც ჩემზე ზრუნავენ“), რომელიც არის პირველი ნაბიჯი ემოციური რეგულაციისკენ და რომელიც სწორად განვითარების შემთხვევაში გარკვეულ ასაკში სრულდება.

რატომაა დღევანდელი ადამიანი ასე უსიცოცხლო, უსიხარულო და ქაოტური? პასუხი მარტივია:

ადამიანს  არ აქვს ემოციური რეგულაციის უნარი, რომელსაც, ისევე როგორც ინტელექტს გაზრდა, აღზრდა და განვითარება სჭირდება

როგორ აღვზარდოთ ჩვენში  გრძნობები და როგორ ვარეგულიროთ ემოციები?

რა ასაკშიც არ უნდა იყოთ, ცოტა ხნით გაჩერდით და დააკვირდით გვერდიდან თქვენს თავს, რა გაღიზიანებთ, რა გაბრაზებთ, რა გიხარიათ და რა გაბედნიერებთ, სამყარო ისეა მოწყობილი რომ არ შეიძლება პასუხები სადმე გარეთ ვეძებოთ, პასუხები ყოველთვის ჩვენშია, უბრალოდ უნდა შევძლოთ გავაცნობიეროთ და დამკვირვებლის თვალით დავინახოთ ჩვენი ცხოვრება, რისგან შედგება თქვენი ფიქრების ნაკადი? რაზე ვფიქრობთ ყველაზე ხშირად? რადგან რისგანაც შედგება თქვენი ფიქრები, საბოლოო ჯამში იმისგან შედგება თქვენი ცხოვრებაც. როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ამაჟამად თქვენი მდგომარეობა, ეცადეთ, არ დაადანაშაულოთ ამაში გარე ძალები: პლანეტების განლაგება, სახელმწიფო, მშობლები, ბავშვობა – მენიუ ვრცელი და მოსაწყენია. იმ მომენტში, როცა იწყებთ გადაბრალებას სხვაზე, ძირს უთხრით საკუთარი გადაწყვეტილების უნარს შეცვალოთ რამე თქვენს ცხოვრებაში და გაურბიხართ პასუხისმგებლობას. ყავარჯნები და საყრდები არასდროსაა სხვაგან, ის ჩვენშია და ამის გაცნობიერებით იცვლება ცხოვრებაც.

დაბოლოს იცოდეთ, რომ ყველაზე დიდი საიდუმლოება ამ სამყაროში ადამიანია, თავისი ამბივალენტური ბუნებით, მასშია სიკეთეც და ბოროტებაც, სიყვარულიც და სიძულვილიც, ბედნიერებაც და უბედურებაც, ამიტომ გაბედე ის, რაზეც აქამდე ოცნებობდი და აირჩიე საუკეთესო საკუთარი თავისთვის, სიყვარული, სიკეთე, ბედნიერება, რომელიც ჩვევაა და თქვენივე ფიქრებით და გრძნობებით მართული რეჟიმია, ამ ყველაფრის მმართველი კი თავად თქვენ ბრძანდებით.

ნათია ფარქოსაძე, ფსიქოკონსულტანტი

ზევით