მარტოობა და განპირობებული გონება

mind blowing

ადამიანი, რომელიც მთლიანად მარტოა საკუთარ თავთან, 

უმანკოა და ეს უმანკოება ათავისუფლებს მის გონებას წუხილისაგან.

ჯიდუ კრიშნამურტი

როგორ დავიწყოთ საკუთარი თავის გაგება და დანახვა? როგორ შევისწავლოთ, დავაკვირდეთ და მივხვდეთ თუ რა ხდება სინამდვილეში ჩვენში? ოდესმე საკუთარ თავთან ცხოვრება გიცდიათ? 

ეს კი მაშინ არის შესაძლებელი, როდესაც მარტო რჩები და გონებაში ინდივიდუალური აზროვნების აქტი დგება, შენი გონება ემიჯნება სოციალურ და კოლექტიურ აზროვნებას და საზღვრებს მიღმა იწყებ ფიქრს, იმის იქეთ კი ჭეშმარიტი თავისუფლებაა და ამის განცდის დროს თვითონ ხარ ჩირაღდანი, რომელიც არასოდეს ქრება, ანათებს ადამიანებს, განიცდის სიხარულს, თვითკმაყოფილებასა და ბედნიერებას.

თქვენი სტრუქტურა სტატიკური არა არის, მუდმივად განახლებადია და ის არის სიცოცხლის წყარო, მაგრამ, ის ვერ იქნება ცოცხალი, თუ კი თქვენ მუდმივად საზოგადოების შეფასებების, განსჯისა და შეხედულებების ტყვეობაში იქნებით. იმისთვის, რომ დააკვირდეთ თქვენი გონებისა და გულის მოძრაობას, თავისუფალი გონება უნდა გქონდეთ, თავისუფალი ყოველგვარი მიჯაჭვულობისა და იდენტიფიკაციებისგან. შეგიძლიათ თუ არა მაშინ, როდესაც მთელს ამ ჭეშმარიტებას დაინახავთ და თვალს გაუსწორებთ, არა სიტყვების დონეზე არამედ რეფლექსიით, სპონტანურად და მსუბუქად შეცვალოთ იგი? მაგრამ აქ მეორე კითხვაც ისმის, როგორ შეიძლება თავისუფალი ხედვა გვქონდეს, როდესაც დაბადებიდან სიკვდილამდე ჩვენი გონების ფორმირება გარკვეული კულტურის მიერ ხდება? ასეულობით წლის განმავლობაში განპირობებული ვართ ნაციონალობით, კლასებით, ტრადიციებით, რელიგიით, ენით, აღზრდით, განათლებით, პროპაგანდით, საკვებით, რომელსაც მივირთმევთ, კლიმატით, რომელშიც ვცხოვრობთ, ოჯახით, სადაც ვიბადებით უკვე მოცემული სახელითა და გვარით და სხვა ბევრი გავლენით, რაც კი რამ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, ამიტომ ჩვენი რეაქცია თითოეულ პრობლემაზე უკვე განპირობებულია რაღაცით. თუ თქვენ განპირობებულობასა და საფრთხეს ერთდროულად ხედავთ, ისევე როგორც დაინახავდით უფსკლურს, ე.ი. თქვენ მოქმედებთ, ცვლით აზროვნების შაბლონებს და იმ რეალობას, რომელშიც თქვენი განპირობებული გონება იმყოფება. დანახვა და გაცნობიერება - არის მოქმედება.

გახსოვდეთ, რომ თქვენი ცნობიერება არ არის სხვის სერვერზე, იგი თქვენს შიგნითაა, თქვენს სხეულში, ამიტომ დააკვირდით, გაიაზრეთ და იპოვეთ საკუთარი ცხოვრება, გააცოცხლეთ დავიწყებული სურვილები, იცხოვრეთ საკუთარი შემოქმედებით და იმღერეთ საკუთარი სიმღერა, რომელიც მხოლოდ თქვენია და არავის სიმღერას არ ჰგავს,  რადგან ამ განპირობებული გონებისა და ფასადურობის მიღმა თქვენი პიროვნების საუკეთესო „მე“ და თქვენი ცხოვრების საუკეთესო სცენარი გელოდებათ.

ფსიქოკონსულტანტი ნათია ფარქოსაძე

ზევით