პოზიტიური ფიქრები და გზავნილები სამყაროს

ყველაზე რთული ადამიანის ცხოვრებაში ალბათ უსუსურობის და გაცდენილი შესაძლებლობების განცდაა, რომელიც ხშირ შემთხვევაში ეგზისტენციალური კრიზისის დროს მოდის და სწორედ აქ გეუფლება ცხოვრების შიში, შიში იმისა რასაც ვერ აკონტროლებ, რაც უხილავია და რაც შენს ხელთ არაა, რასაც თავად ვერ წყვეტ და რაც შენი შესაძლებლობების მიიღმაა, ესაა დაბადება და სიკვდილი, დანარჩენი შუალედი კი არის ჩვენი ბედის-წერა, როდესაც ადამიანი ყოველ დილით ფურცელზე წერს თავის ბიოგრაფიას, მთელი დღის განვავლობაში აკეთებს არჩევანს სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, კეთილსა და ბოროტს შორის, წარმატებასა და წარუმატებლობას შორის, აღმაფრენასა და დაცემას შორის, სიყვარულსა და სიძულვილს შორის, სიხარულსა და სევდა შორის, რწმენასა და უიმედობას შორის, სიმშვიდესა და ქაოსს შორის, რადგან ცხოვრება მუდმივი გადაწყვეტილებაა და მუდმივი ძალისხმევა დროში. ხშირ შემთხვევაში ადამიანის მთელი ენერგია მიდის რეალობასთან კამათსა და ჭიდაობაში, არადა უმნიშვნელოვანესია შეგვეძლოს საკუთარი თავის მიღება და მიღება იმისა რაც შენს გარშემო ხდება, რადგან სწორედ საკუთარი თავის მიღებიდან იწყება სამყაროს მიღება.

ამ კრიზისულ პერიოდში ადამიანმა გააცნობიერა, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოვმართოთ ჩვენი გონება პოზიტიური აზროვნებისკენ. ადამიანმა ისიც გააცნობიერა რომ იმისთვის, რომ აზროვნება პოზიტიურად გადავაწყოთ, პანდემია და ინფოდემია არ არის აუცილებელი. აღმოჩნდა, რომ ადამიანებს ეს ყოველთვის ჭირდებათ.

საქმე იმაშია, რომ ადამიანის ტვინი ჰიპერ შესაძლებლობების მქონე კომპიუტერია, ყველაზე ამოუცნობი და სრულყოფილი, რაც კი აქამდე შეუქმნიათ დედამიწაზე, ამგვარად ჩვენს გონებაში წარმოქმნილი  ფიქრები უნიკალურია და ქმნიან ჩვენ რეალობას.  პოზიტიური ფიქრი ადამიანის გუნება-განწყობილებას ამაღლებს და მისი ცხოვრების ხარისხსაც აუმჯობესებს. ეს არის უნარი, იპოვო დადებითი გამოსავალი და ოპტიმალური გადაჭრის გზები, რომელიც თავდაპირველად იწყება საკუთარი თავის და რეალობის  მიღებით. ზოგადად, პოზიტიური ჩარჩო მნიშვნელოვანია, როგორც წარსულთან მიმართებაში, ისე აწმყოსა და მომავალ დროსთან, რადგან პოზიტიური აზროვნება განვითარების და შემოქმედობითობის წინაპირობაა.

„ჩვენი წარსული არ უდრის ჩვენს მომავალს“, რადგან მნიშვნელოვანია არა ის თუ „საიდან მოვდივართ არამედ ის თუ საით მივდივართ“

ჩვენ წარსულში ვცხოვრობდით „იქ და იმჟამად“ და წარსულში დაშვებული შეცდომები უნდა ვაქციოთ გამოცდილებათ და გავაანალიზოთ რა გვასწავლა ამ შეცდომებმა, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბენეფიტი და გზავნილი წარსულიდან.

ადამიანს შეუძლია, რომ  საკუთარ თავს ასწავლოს პოზიტიური ფიქრი. აქ ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ პოზიტიური აზროვნების საფუძველში დევს მადლიერება. ნეირობიოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ მადლიერების დროს თავის ტვინში ნეირომედიატორულ დონეზე ხდება ცვლილებები. მადლიერება არ ნიშნავს იმას, რომ თუ რამე „ცუდი“ ხდება ან კრიზისია, ასეთ დრო არაადეკვატურები ვიყოთ, თუმცა არსებულ კრიზისში  თუ ჩვენ დავინახავთ გამოწვევას, რომლის შედეგადაც მე შეიძლება განვითარდე, მეტი ვისწავლო და ეს ყველაფერი გამოვიყენო იმისთვის, რომ მოვახდინო ჩემი პიროვნების აქტუალიზაცია, მაშინ შეიძლება ეს კრიზისი წამადგეს და ჩემთვის გახდეს პოზიტიური. მადლიერება, რომელიც პირდაპირ კავშირშია ადამიანის სულიერ მდგომარეობასთან, ფსიქოსომატურ მდგომარეობასთან და მის ბიოლოგიურ მდგომარეობასთანაც, იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ თავს უნდა ვასწავლოთ მადლობის თქმა დილით თვალების გახელისთანავე. ასევე მნიშვნელოვანია ბოდიშის მოხდის უნარი, რომელსაც საოცარი სიამოვნება და თავისუფლება მოაქვს. ყველა ემოცია, რომელიც მოცემული გვაქვს, გვჭირდება ადაპტაციისთვის, ფუნქციონირებისთვის, გადარჩენისთვის, განვითარებისთვის, ადამინებთა გარკვეულ ჯგუფებთან, სოციუმთან და საკუთარ ოჯახთან ურთიერთობისთვის. მთავარია, როგორ გამოვიყენებთ მას. თუ სევდის და აგრესიის გენერალიზაციას მოვახდენთ დეპრესიაში ჩავიგდებთ თავს და თუ სიხარულისას ბედნიერი ადამიანად ვიქცევით, ადამიანად რომელიც თავადაა „საკუთარი ცხოვრების რეჟისორი“.

და ბოლოს, არ დაგავიწყდეთ, რომ სამყაროში მოქმედებს ბუმერანგის პრინციპი. გაუგზავნეთ ყოველ დღე პოზიტიური გზავნილები, თქვენი დადებითი ემოციები, ღიმილი, ფერადი ოცნებები და მადლიერება სამყაროს და უკან მიიღებთ მომავლის რწმენას, იმედს, ახდენილ ოცნებებს და სიყვარულით განცდილ ბედნიერებას.

ნათია ფარქოსაძე, ფსიქოკონსულტანტი

ზევით