#ფსიქოლოგის კაბინეტი

ფსიქოკონსულტანტის მარტივი რჩევები

გაზიარება:

ჩვენ აღფრთოვანებული ვართ ადამიანებით, რომლებიც ნებისმიერ სიტუაციაში ახერხებენ სიმშვიდის, სულიერი წონასწორობისა და თვითკონტროლის შენარჩუნებას. ჩვენ ამას სიბრძნეს ვუწოდებთ და ვიმედოვნებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს თავადაც ასეთები გავხდებით. აღმოჩნდა, რომ ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის უნარზე განერიდოს ქცევის გარკვეულ ფორმებს, რომლებიც ხელის შემშლელები არიან ბედნიერებისა და წინსვლისკენ მიმავალ გზაზე.

როგორები არიან ასეთი ადამიანები?

• ისინი  არ აძლევენ სხვა ადამიანებს უფლებას ზემოქმედება იქონიონ მათზე;

თუ თქვენი თვითშეფასება და განწყობა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ გამოიყურებით სხვების ფონზე, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენი თავი თქვენ არ გეკუთვნით. ჭკვიანი ადამიანები არ აძლევენ სხვის აზრებს სიხარულის დაჩრდილვის საშუალებას. არა აქვს მნიშვნელობა, რას ფიქრობენ ან რას აკეთებენ სხვები, რადგან როგორი აზრიც არ უნდა ჰქონდეთ სხვებს თქვენს შესახებ მოცემულ მომენტში,ის ყოველთვის სუბიექტურია და არ ასახავს მდგომარეობის რეალურ ვითარებას.

• ისინი აპატიებენ და უშვებენ წყენას;

ემოციურად მომზადებული ადამიანები ადვილად აპატიებენ წყენას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი მას ივიწყებენ. შენდობა ნიშნავს უსიამოვნო სიტუაციის გაშვებასა და საკუთარ გზაზე სვლის გაგრძელებას. ჭკვიან ადამიანებს არ სურთ ჩაეფლონ სხვისი შეცდომებისგან გამოწვეულ შედეგებში, ამიტომ ისინი ჯერ აპატიებენ, შემდეგ კი უფრო მეტი ძალისხმევით მიმართავენ ზომებს მომავალში მსგავსი სიტუაციებისგან თავის დასაცავად.

• ისინი ტანკის წინააღმდეგ დანით არ მიიწევენ;

ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავის გაფრთხილება, რადგანაც ხვალ ახალი დღე და ახალი ბრძოლა ელით. კონფლიქტურ ვითარებაში ჩვენ ხშირად ვკარგავთ კონტროლს ემოციებზე და თავდაუზოგავად ვერთვებით ბრძოლაში, სადაც უკვე წინასწარ განწირულები ვართ დამარცხებისთვის. იმას, ვისაც თავისი ემოციების გაგებისა და მართვის უნარი აქვს, შეუძლია შეაფასოს, როდის უნდა ჩაერთოს ბრძოლაში და როდის გაერიდოს.

• ისინი წარსულით არ ცხოვრობენ;

ჭკვიანმა ადამიანებმა იციან, რომ წარმატება მეტწილად დამოკიდებულია წაგების მიღებისა და გზის შემდგომი გაგრძელების უნარზე. ეს კი ძნელად შესაძლებელია, თუ ებღაუჭებით ჩადენილ შეცდომებს. როდესაც წარსულით ცხოვრობთ, ის თქვენი აწმყო ხდება და  გართმევთ მომავალს.

• ისინი პრობლემებზე ფოკუსირებას არ ახდენენ;

თქვენი ემოციური მდგომარეობა პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, თუ რას ფიქრობთ. როდესაც მთლიანად ფოკუსირებული ხართ მიმდინარე პრობლემებზე და უარყოფით ემოციებზე, სტრესში თავით ეშვებით. ჭკვიანმა და ემოციურად მომზადებულმა ადამიანებმა იციან, რომ არა პრობლემებზე, არამედ მათი გადაჭრის გზებზე ფიქრია საჭირო.

• ისინი არ ურთიერთობენ „მოწუწუნე“ადამიანებთან;

წუწუნისა და ჩივილის მოყვარული ხალხი მუდმივად თავისი პრობლემების გადაღეჭვაშია. თავი კარგად რომ იგრძნონ, მათ სჭირდებათ გულმოწყალე მსმენელები, რომლებიც შეიცოდებენ. ჯობია ასეთი ადამიანებისაგან თავი მოშორებით დაიჭიროთ, თორემ ისინი თავიანთ ნეგატივში ჩაგახრჩობენ.

წუწუნის დაუსრულებელი ნაკადის შეჩერების კარგი გზაა შეკითხვა, თუ როგორ აპირებს ადამიანი თავის პრობლემებთან გამკლავებას. მოწუწუნე ან გაჩუმდება, რადგანაც ის არანაირად არ აპირებს მათ გადაჭრას, ან ბოლოს და ბოლოს შეეცდება კონსტრუქციულ მსჯელობას.

• ისინი ბოროტებას გულში არ იდებენ;

უარყოფითი ემოციები, რომლებსაც სიბრაზის დროს განვიცდით, არის რეაქცია სტრესზე. როდესაც გარდაუვალი საფრთხე გვემუქრება, ასეთი ქცევა აუცილებელია ჩვენი გადარჩენისთვის. მაგრამ როდესაც ყველაფერი დამთავრებულია, გულში ჩადებული წყენა  მხოლოდ ზიანს გვაყენებს. დროთა განმავლობაში ამან შეიძლება ჯანმრთელობაზეც კი იმოქმედოს. ბოროტების გულში ჩადება ნიშნავს მუდმივ სტრესულ მდგომარეობაში ყოფნას.  ჭკვიანი ადამიანები კი ყველა ძალებით ცდილობენ მის თავიდან აცილებას.

• ისინი არ თანხმდებიან იმაზე, რაც ნამდვილად არ უნდათ;

ბევრ ჩვენგანს ძალიან უჭირს სიტყვა „არა” – ს მიღება. ეს არის მძლავრი ინსტრუმენტი, რომელიც ძალიან თამამად უნდა გამოიყენოთ. ახალი ვალდებულებების აღებაზე უარის თქმით საკუთარ თავს აძლევთ არსებული ვალდებულებების შესრულების საშუალებას.

რა თქმა უნდა ეს არ არის სრული ჩამონათვალი,  მაგრამ თუ თქვენ შეისწავლით თუნდაც აქ ჩამოთვლილი  დესტრუქციული ქცევების სიას,თავიდან აიცილებთ უსიამოვნებებს და საკუთარ თავს დიდ სამსახურს გაუწევთ.

ფსიქოკონსულტანტი და ნეირო ლინგვისტური პროგრამირების პრაქტიკოსი ნათია ფარქოსაძე. 

ზევით