#კულტურა

ვარსკვლავები, რომლებიც ქორწინებას არ ცნობენ

გაზიარება:

სამაგალითო Hollywood-ური ოჯახები თითზეა ჩამოსათვლელი, თუმცა ქორწინების ინსტიტუტს ყველა მათგანი არ აღიარებს. მეტიც, იმ წყვილებიდან, რომლებსაც წლებია ეკრანებიდან ადევნებთ თვალყურს, ბევრი ქორწინებაში არასდროს ყოფილა. The Diary იმ ვარსკვლავების ჩამონათვალს გთავაზობთ, რომლებიც ქორწინების ინსტიტუტს არ ცნობენ. 

სარა სილვერმანი

სარა სილვერმანი, ჯიმი ქიმელი, ქორწინება

მსახიობი სარა სილვერმანი ყოველთვის ხმამაღლა აფიქსირებს საკუთარ პოზიციას ქორწინებასთან დაკავშირებით. ის ქორწინების ინსტიტუტს არ ცნობს და ამბობს, რომ დაქორწინებას არასდროს აპირებს. სილვერმანი წლების მანძილზე ხანგრძლივ ურთიერთობებში იმყოფებოდა ტელეწამყვან ჯიმი ქიმელთან და მოგვიანებით მაიკლ შინთან, თუმცა ამ ეტაპზე სარა არავის ხვდება.

ვანესა პარადი

ვანესა პარადი, ჯონი დეპი, ქორწინება

ფრანგი მოდელი და მსახიობი 10 წლის მანძილზე, არც მეტი არც ნაკლები ჯონი დეპის მუზა გახლდათ. წყვილს შვილებიც შეეძინა, თუმცა ისინი ოფიციალურად არ დაქორწინებულან. პარადიმ 2004 წლის ინტერვიუში სიტუაცია განმარტა:

ქორწინების მიმართ სკეპტიკურად ვართ განწყობილი. მის მნიშვნელობას არც ვაკნინებთ და არც ვადიდებთ. როდესაც 2 შვილი გყავს, ეს უკვე ქორწინებაა.

ჟაკლინ ბიზე

ჟაკლინ ბიზე, ქორწინება

ამ ლამაზმანმა ხანგრძლივი ურთიერთობების რეკორდი მოხსნა. ბიზე 2-ჯერ იმყოფებოდა 7 წლიან ურთიერთობაში, მისი ერთ-ერთი რომანი კი 14 წელიწადზე მეტი გაგრძელდა. შეიძლება ითქვას, რომ ინგლისელი მსახიობი სერიული მონოგამისტია, რომელიც ქორწინების ინსტიტუტს არაფრად აგდებს.

კორტნი კარდაშიანი

კორტნი კარდაშიანი, სკოტ დისიკი, ქორწინება

რეალითი შოუს ვარსკვლავისა და სკოტ დისიკის არეული ურთიერთობა უკვე 10 წელია გრძელდება. კარდაშიანს ყოფილი მეორე ნახევრისგან 3 შვილი ჰყავს, მაგრამ წყვილი ოფიციალურად არ დაქორწინებულა. ამჟამად ორივე მათგანს ახალი რჩეული ჰყავს, ხოლო შვილებს ერთობლივი ძალებით ზრდიან.

ალისონ ჯენი

ალისონ ჯენი, ქორწინება

მსახიობი არასდროს ყოფილა გათხოვილი და ამას კონკრეტული მიზეზი აქვს. ამერიკელი მსახიობი ცეცხლოვანი რომანების მოყვარულია.

მინდა მოთამაშე ვიყო. მინდა თავი სექსუალურად და სასურველად ვიგრძნო მანამ, სანამ ეს შემიძლია.

შონდა რაიმსი

შონდა რაიმსი, ქორწინება

სატელევიზიო ისტორიაში ყველაზე წარმატებული სამედიცინო შოუს შემქმნელი ქორწინების წინააღმდეგია. შონდა რაიმსი განმარტავს, რომ ქორწინება მას საკუთარი თავისთვის დაგეგმილი ცხოვრების შექმნაში ხელს შეუშლიდა, თუმცა სცენარისტს და პროდიუსერს 3 შვილი ჰყავს და დედის ამპლუაში თავს გადასარევად გრძნობს. კ

კრისტინ დევისი

კრისტინ დევისი, ქორწინება, შარლოტა

მიუხედავად იმისა, რომ Sex and the City-ში კრისტინ დევისის პერსონაჟი დროის უმეტეს ნაწილს იდეალური ქმრის ძიებაში ხარჯავს, რეალურ ცხოვრებაში მსახიობს ეს საჭიროება არასდროს ჰქონია. დევისმა გოგონა, სახელად ჯემა როუზი იშვილა და ამბობს, რომ მისი სიყვარულის გაზიარებას არავისთან აპირებს, თუ ჰორიზონტზე ვინმე ძალიან განსაკუთრებული არ გამოჩნდება.

ტაირა ბენკსი

ტაირა ბენკსი, ქორწინება

ტაირამ მოდელის, ტელეწამყვანის, თუ მსახიობის რანგში ძალიან საინტერესო ცხოვრება განვლო. Victoria’s Secret-ით დაწყებული, წრმატებული სატელევიზიო პროექტით - America's Next top model-ით დამთავრებული, ბენკსმა საკუთარი თავის რეალიზება უამრავ პროექტში მოახერხა. ბენკსი არასდროს დაქორწინებულა, თუმცა მეგობარი მამაკაცისგან ვაჟი გააჩინა. წყვილი ერთმანეთს 2017 წელს დაშორდა.

ნაომი უოტსი

ნაომი უოტსი, ქორწინება

ნაომი უოტსი წლების მანძილზე კოლეგასთან - ლივ შრაიბერთან ერთად ცხოვრობდა. წყვილი დაინიშნა კიდეც, მაგრამ ურთიერთობისთვის ოფიციალური სახე არ მიუციათ. ნაომი უოტსს და შრაიბერს ორი საერთო შვილიც ეყოლათ. წყვილის დაშორების შემდეგ უოტსი გამოტყდა, რომ ქორწინების იდეის წინააღმდეგი თავად არასდროს ყოფილა და რომ ეს მისი მეორე ნახევრის ახირება გახლდათ.

ელენა ბონემ კარტერი

ელენა ბონემ კარტერი, ტიმ ბარტონი, ქორწინება

ელენა ბონემ კარტერის და ტიმ ბარტონის რომანმა 12 წელიწადზე მეტი გასტანა. მსახიობმა და რეჟისორმა ერთმანეთი ფილმის - lanet of the Apes გადაღებებზე გაიცნეს. მათ ორი საერთო შვილიც ჰყავთ, თუმცა ქორწინებაზე არასდროს უფიქრიათ. წყვილი ერთმანეთს 2014 დაშორდა და დღემდე მეგობრებად რჩებიან.

ზევით