NETFLIX-ი მარკესის მაგიურ რეალიზმს ეკრანზე აცოცხლებს

„გაივლის წლები და დახვრეტის მოლოდინში კედელთან მდგომი პოლკოვნიკი აურელიანო ბუენდია იმ შორეულ საღამოს გაიხსენებს, მამამისმა ყინულის სანახავად რომ წაიყვანა პირველად“, - ასე იწყება მაგიური რეალიზმის ბიბლიად წოდებული “მარტოობის ასი წელიწადი”, გაბრიელ გარსია მარკესის საკულტო რომანი, რომელმაც იმდროინდელი სამყარო შეარყია და მკითხველის სულზე წარუშლელი კვალი დატოვა.

"არილის" სტატიაში ავტორი ჰყვება, რომ თავად მარკესს უთქვამს, რომანის იდეა ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში გამიჩნდა, თუმცა ოცი წლის შემდეგ დავწერეო, იქამდე თურმე თხრობის ინტონაციის ძიებაში ყოფილა. ზუსტად ამოიკითხა თუ არა მარკესის თხრობის ინტონაცია ნეტფლიქსის გადამღებმა ჯგუფმა და იპოვა თუ არა საუკეთესო ხერხი, რომ ბუენდიების ყოფა ეკრანზე გაეცოცხლებინა, ამას 11 დეკემბერს გავიგებთ. “მარტოობის ასი წელიწადი” სერიალის სახით ორ 8 ეპიზოდიან სეზონად გამოვა. ბუენდიას ოჯახის ისტორიის მოყოლა ალექს გარსია ლოპესმა და ლაურა მორამ გაბედეს. პირველი რვა სერია Netflix-ზე მწერლის გარდაცვალებიდან ზუსტად 10 წლის თავზე გამოვა.

გაბრიელ გარსია მარკესი, მარტოობის ასი წელიწადი, მარტოობის ასი წელიწადის ეკრანიზაცია

"როგორც რეჟისორისა და კოლუმბიელისთვის, ამ პროექტზე მუშაობა დიდი პატივი და, ამავდროულად, გამოწვევა იყო. ისეთი რომანის ეკრანიზაცია, როგორიც “მარტოობის ასი წელიწადია” უდიდესი პასუხისმგებლობაა, ეს არის მცდელობა, დაიჭირო განსხვავება ლიტერატურასა და ეკრანულ ენას შორის და შეძლო  რომანის ის სილამაზე, პოეზია და სიღრმე გადმოსცე, რომელმაც მთელს მსოფლიოზე უდიდესი გავლენა იქონია”, - აღნიშნავს ლაურა მორა.

ნეტფლიქსმა ეკრანიზაციაზე მუშაობის უფლება 2019 წელს მოიპოვა. ფილმი უკვე შეფასდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური პროექტი ლათინური ამერიკის ისტორიაში. სერიალი კოლუმბიაშია გადაღებული სრულად, თავად გადაღების პროცესში კი მონაწილეობა გარსია მარკესის ოჯახმაც მიიღო. მარკესებისთვის მთავარი იყო ეკრანიზაციას რომანის ავთენტური ნარატიული ხაზიდან არ გადაეხვია.

გაბრიელ გარსია მარკესი, მარტოობის ასი წელიწადი, მარტოობის ასი წელიწადის ეკრანიზაცია
ფოტო: Netflix

წიგნი, რომელიც 1967 წელს გამოვიდა, 40-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. ამ წლების მანძილზე რომანის ათობით მილიონი ეგზემპლარია გაყიდული. 11 დეკემბერს კი, ის პერსონაჟები, რომლებიც ათეულობით წელია მკითხველის წარმოსახვაში ბუდობენ - გაცოცხლდებიან და ჩვენს თვალწინ, მისტიკურ ქალაქ მაკონდოში, ბუენდიას ოჯახის შვიდი თაობა დაიბადება.

საბედნიეროდ, ფილმი ესპანურენოვანმა რეჟისორებმა გადაიღეს და როგორც ინტერვიუებიდან ჩანს, შემოქმედებით ჯგუფს რომანის კულტურული მნიშვნელობა კარგად აქვს გააზრებული. კასტინგის პროცესში 10 000-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა და საბოლოოდ გუნდის 90%-ზე მეტი კოლუმბიელი მსახიობებისგან შედგება.

ფოტო: Mauro Gonzalex/ Neftlix

რეჟისორ გარსია ლოპესისთვის ეკრანიზაციაზე მუშაობა ინიციაციურ ელფერსაც ატარებდა. ლოპესმა მანამ, სანამ ფილმზე მუშაობას დათანხმდებოდა, რომანის ინგლისური და ესპანური ვერსიები ხელახლა წაიკითხა. "ეს არის ეპიკური რომანი, არა მხოლოდ თავისი შემოქმედებითობის გამო, არამედ იმ კულტურული პასუხისმგებლობის გამო, რომელიც გიჩნდება მაშინ, როცა მსოფლიოს მიერ შეყვარებული წიგნი უნდა გააცოცხლო".

გაბრიელ გარსია მარკესი, მარტოობის ასი წელიწადი, მარტოობის ასი წელიწადის ეკრანიზაცია
ფოტო: Netflix

გამომდინარე იქიდან, რომ მარკესის რომანი კოლუმბიურ კულტურაშია ჩაძირული, განსაკუთრებით რწმენისა და იმქვეყნიურ ცხოვრებაზე წარმოდგენების კუთხით, ერთი შეხედვით ფანტასმაგორიული მოვლენები და სიუჟეტის ელემენტები ყოფიერ მომენტებშია აღწერილი, რისი დანახვაც რეჟისორებისთვის, რომლებსაც მარკესის საზიარო კოლექტიური მეხსიერება გააჩნიათ, შედარებით მარტივია. ლაურა მორა იმასაც აღნიშნავს, რომ ყველაფერი რაც "მარტოობის ას წელიწადში" ხდება, მისი, როგორც კოლუმბიელის აღზრდის ნაწილი იყო.

გარსია ლოპესი არგენტინელია და მისი და მორას ერთობლივი მუშაობა კარგის მომასწავებელია, რადგან ლოპესს უნივერსალური სურათის დანახვა შეუძლია, იმ მეტაფორის აღქმა და გადმოცემა, რომელიც რომანში ცივილიზაციის ისტორიას ესადაგება. მორას კი, კოლუმბიური საზოგადოების ტრაგედიის პიროვნული გამოცდილებებიდან გადმოცემის ფუფუნება აქვს. შესაბამისად, რეჟისორები ერთმანეთს იდეალურად ავსებენ.

გაბრიელ გარსია მარკესი, მარტოობის ასი წელიწადი, მარტოობის ასი წელიწადის ეკრანიზაცია

მარკესი ამ რომანში ისეთ უნივერსალურ იდეებზე საუბრობს, როგორიცაა დაბადება და სიკვდილი, სიყვარული, სამოქალაქო ომი, გლოვა, ოჯახური ცხოვრება. ერთ-ერთ ინტერვიუში ავტორი ამბობს, რომ ხალხისგან "მარტოობის ას წელიწადზე" ასეთი რამ მოუსმენია: "ამბობენ, რომ რომანი ლათინური ამერიკის ხალხის პირად ცხოვრებაზეა, რომ საზოგადოების შიგნიდანაა დაწერილი. ეს ახსნა მაოცებს, იმიტომ, რომ თავდაპირველად ნაწარმოებისთვის „სახლის“ დარქმევას ვაპირებდი, მინდოდა, მთელი მოქმედება ერთ სახლში განვითარებულიყო. ეს აზრი მივატოვე. თუმცა, როგორც კი წიგნი ქალაქ მაკონდოში შედის, მის მიღმა აღარ იძვრის". ეს მარკესის მაგიის ნაწილია, მოქმედება მხოლოდ მაკონდოში ხდება, თუმცა მთელ სამყაროს მოიცავს. ამიტომაც, რეჟისორები შეეჭიდნენ რთულ საქმეს, რომ მოახერხონ და გამოიყენონ მარკესის უნარი - მისტიკა და უკიდურესად მიწიერი სამყარო შეაერთოს.

ფოტო: Mauro Gonzalex/ Neftlix

ქალაქი მაკონდო ანდებთან ახლოს, ქალაქ იბაგესთან აშენდა. იმის მიუხედავად, რომ შორსაა კარიბის ზღვის აუზიდან, რომანში აღწერილ ტოპოგრაფიას მაინც ასახავს და გადასაღები მოედანი, ანუ ახალგაშენებული ქალაქი, ადამიანურ მასშტაბებზეა გათვლილი. ავთენტურია ბუენდიას ჩალის სახლი, აფთიაქი, ბარი თუ ბაზარი. აურელიანო ბუენდიას როლს კლაუდიო კატანიო თამაშობს. ფილმის სცენარზე კი, ხოსე რივერამ, ნატალია სანტამ, კამილა ბრუხესმა, კამილა არიასმა და ალბატროს გონსალესმა იმუშავეს, სერიალის კომპოზიტორი კამილო სანარბია გახლავთ.

2024 წლის ზამთრის პირველ თვეს ლათინური ამერიკის კინოინდუსტრიისთვის ცენტრალური მომენტი დგება. არავინ დავობს, რომ "მარტოობის ასი წელიწადის" ეკრანიზაცია, როგორიც არ უნდა იყოს, ლათინური კინოს იდენტობის მარკერი გახდება.

რომანზე შეყვარებულ ხალხს ექნება საშუალება, მარკესის მზერის გავლით დაინახოს მაკონდოს მაგიური სახე. ყოველ შემთხვევაში, ასეთია ჩვენი მოლოდინი, რომელიც ნეტფლიქსისთვისაც და კინოხელოვნებისთვისაც უკეთესი იქნება თუ გამართლდება.

ზევით