საზაფხულო სანდლების ხუთი ტრენდი
ზაფხულის ტემპერატურის მატებასთან ერთად, ჰიდრატაცია, მზისგან დაცვა და კომფორტული სამოსი ჩვენი რუტინის თანაბრად აუცილებელი ნაწილი ხდება. ჩვენ დაგეხმარებით, შეარჩიოთ ზაფხულის ყველაზე ტრენდული და კომფორტული სანდლები.
| ნინა სიმსივე |
საქართველოს თითოეულ კუთხეში დასვენებას თავისი ხიბლი აქვს. ჩვენი ქვეყნის ბუნება მრავალფეროვანი მოგონებების დაგროვებაში წელიწადის ყველა სეზონზე გვეხმარება. თუ ჯერ არ იცით, სად დაისვენოთ საქართველოში და თან ზაფხულის სიცხესაც გაექცეთ, ჩვენ რამდენიმე განსხვავებული და დასამახსოვრებელი ადგილი შეგირჩიეთ.
ჰეშკილის ქოხები
თუ გსურთ, რეალობას გაექცეთ და არ იცით, სად, Google Maps-ში „ჰეშკილის ქოხები“ ჩაწერეთ და უბრალოდ გზას გაუყევით. მესტიიდან 7 კილომეტრში, ჰაწვალისკენ მიმავალ გზაზე საოჯახო სასტუმრო მდებარეობს, სადაც პატარა ქოხები ნომრებადაა გადაკეთებული. ქოხები ერთმანეთისგან განსხვავდება, მაგალითად, ერთი პირდაპირ ხეზეა აშენებული, ერთი კი ჰაერში ტრიალებს. სასტუმროდან სვანეთის მთები მოჩანს, ღამით კი იქაურობას ვარსკვლავებით მოჭედილი ცა გადმოჰყურებს.
აქვე შეძლებთ დააგემოვნოთ სვანური ტრადიციული კერძები, რომლებსაც თავად ამ დიდი ოჯახის დიასახლისი მოგიმზადებთ.
კერა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მრავალფუნქციური სივრცე „კერა“ გაიხსნა, რომელიც ქართული მასპინძლობის ტრადიციებისა და თანამედროვე დასვენების სინთეზია. „კერა“ ეთნოჯგუფი სასტუმროს, რესტორანსა და ეთნო მუზეუმს აერთიანებს. ეს გახლავთ საოჯახო მეურნეობა, რომელიც სტუმრებს საუკუნეების წინანდელ, რესტავრირებულ ოდა სახლებში ეპატიჟება.
სასტუმრო, იგივე „საცხოვრისი“, ტრადიციულ სტილშია მოწყობილი, სადაც სტუმარი თანამედროვე კომფორტთან შერწყმულ წარსულის გარემოს გრძნობს. კვების ობიექტი „სანადიმო“ კი ნატურალურ პროდუქტებზე დამზადებულ კერძებს შემოგთავაზებთ. ყველა პროდუქტი, რომლითაც ნადიმები მზადდება, იმავე სივრცეში, სათბურებშია გაზრდილი.
ეთნოჯგუფში შეხვდებით საოჯახო მარანსაც, სადაც ჩვენი 8000-წლიანი ღვინის ისტორია გრძელდება და ყველა სტუმარს სხვადასხვა ჯიშის ღვინის დაგემოვნების საშუალება აქვს.
ნაჰეი
„ნაჰეი“ ის ადგილია, სადაც სიმშვიდე სახლობს. ის გახლავთ სამეგრელოს პატარა თავშესაფარი სოფელ ბალდაში. თუ თქვენ ბუნებასთან შეხვედრა და თანაცხოვრება გსურთ, მაშინ „ნაჰეი“ აუცილებლად უნდა მოინახულოთ. სიმწვანეში ჩაფლული ხის კოტეჯი ჯამში 12 სტუმარს იტევს. ადგილზე შეძლებთ ნატურალური პროდუქტებით მომზადებული მეგრული კერძების დაგემოვნებასაც.
თუ მხოლოდ სიმშვიდეში ყოფნა არ გსურთ და თავგადასავლებს ეძებთ, „ნაჰეის“ კოტეჯიდან 20 მეტრში მდებარეობს კანიონი, სადაც ნავებით გასეირნება შეგიძლიათ. საშუალება გეძლევათ მოიწყოთ საცხენოსნო თუ სამანქანო ტურები და ბოლომდე შეიგრძნოთ მარტვილის სილამაზე.
გალილეო
„გალილეო“ აბასთუმანში, ტყეში ჩაფლული ხის ორი კოტეჯია, რომლებთანაც საავტომობილო გზა ბოლომდე არ მიდის და იქ მხოლოდ ფეხით, ტყის ბილიკის გავლით მოხვდებით. კოტეჯები კეთილმოწყობილია და შიგნით მაქსიმალური კომფორტი დაგხვდებათ, თუმცა ბუნებასთან სიახლოვეს მაინც შეინარჩუნებთ.
კოტეჯის ყველა სივრცე საშუალებას გაძლევთ, ხედებით დატკბეთ, ღამით კი საძინებლიდან ვარსკვლავების ყურებაში ჩაძინების ფუფუნებაც გაქვთ.
შატო მერე
კახეთის ერთ-ერთი კოლორიტული ადგილი გამორჩეული სტუმართმოყვარეობით, განსაკუთრებული ატმოსფეროთი და მასპინძლებითაა განთქმული. შატო მერეს ფანჯრებიდან კავკასიონის მთებისა და ალაზნის ველის ულამაზესი ხედები იშლება. სასტუმროს ძველებური, მეფური ინტერიერი, ასეთივე სამზარეულო და გამორჩეული ღვინო კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის.
დიდი ხანია ეს ქართული შატო ადგილობრივებისა და თბილისელების საყვარელ ადგილად იქცა. თუ ჰარმონიას ასეთ მცირე დეტალებში ეძებთ, მაშინ თქვენთვის ნამდვილ სამოთხეში გადაგამისამართებთ.