ზაფხულის ცხელ დღეებში გაგრილების ერთ-ერთი საუკეთესო გზა გემრიელი ნაყინის დაგემოვნებაა. თბილისის სანაყინეები კი იმედს არავის გაგიცრუებთ. ჩვენს ქალაქში უამრავი ადგილია, სადაც ნაყინის გამორჩეულ გემოებს აღმოაჩენთ.
The Cone Culture
ეს სანაყინე ექსპერიმენტული და გამბედავი გემოებით გამოირჩევა – აქ საფერავის და აჯიკის ნაყინიც კი შეგიძლიათ დააგემოვნოთ. მათთვის, ვისთვისაც ჯანსაღი კვება მნიშვნელოვანია, მენიუში ვეგანური, უშაქრო და ნატურალური ინგრედიენტებით მომზადებული ნაყინებიც მოიძებნება. კლასიკური გემოების მოყვარულებს კი ხილის, ვანილისა თუ შოკოლადის ნაყინის ახალი ინტერპრეტაციები დაგხვდებათ. The Cone Culture სამ ლოკაციაზე — შევჩენკოს 5 ნომერში, ბაზარი ორბელიანზე და სითი მოლში მდებარეობს. ამ კვირას კი, მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალია დაგეგმილი და The Cone Culture-ის ნაყინების დაგემოვნება იქაც შეგეძლებათ.
Spaguletti Ice Cream
Spaguletti კი ნამდვილი თავგადასავალია ნაყინის მოყვარულებისთვის. აქ დაგხვდებათ ვაფლები, მილქშეიკები და სრულიად მოულოდნელი გემოებით შექმნილი ნაყინები — მაგალითად, ლურჯი ყველის, ევკალიპტის, პარმეზანის ან ჩიას მარცვლების ნაყინები. ნაყინი მზადდება ნულიდან, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებით და კონუსებიც ადგილზე ცხვება. განსაკუთრებით გამორჩეულია მათი სპაგეტის ფორმის ნაყინი, რომელიც ვიზუალურადაც და გემოვნურადაც სრულიად ახალი გამოცდილებაა.
Cumbo Pops
Cumbo Pops ქართული პოპსების ბრენდია, რომელიც სეზონური ხილისგან მსუბუქ popsicle-ებს ამზადებს. Cumbo Pops ფერად, ნატურალური პროდუქტებით დამზადებულ და უშაქრო პოპსებს გვთავაზობს, რომლებიც მანგოს, მარწყვის, კარამელის და კიდევ უამრავი განსხვავებული გემოების მატარებელია. პოპსები მზიურის პარკსა და სხვადასხვა მაღაზიებში, მაგალითად „მარი მარკეტში“ და „პრაქტიკა – ხალხის კაფეში“ შეგხვდებათ.

Luca Polare
თუ კლასიკური გემოების მოყვარული ხართ, Luca Polare შეუცვლელი ადგილია ნაყინის დასაგემოვნებლად. თანაც, დედაქალაქის, და არა მარტო თბილისის, თითქმის ყველა უბანში ერთი „ლუკა პოლარე“ მაინც შეგხვდებათ და ზაფხულის სიცხეს შეგიძლიათ გრილ სანაყინეში შეაფაროთ თავი.

Udabno
Udabno-ს მაღაზიაში კი შეგიძლიათ სხვა ადგილობრივი ნაწარმის გვერდით საინტერესო ნაყინებიც აღმოაჩინოთ. ამ სივრცეში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბუნებრივი ინგრედიენტების გამოყენებას, მათ შორის ნუშზე ან სხვა მცენარეულ პროდუქციაზე დამზადებულ ნაყინს. აქ გემოსთან ერთად ღირებულებებზეც ზრუნავენ და ორიენტირებულები არიან ეკოლოგიურად სუფთა წარმოებაზე, ასევე ადგილობრივი ფერმერების პროდუქტებსაც გვთავაზობენ.
Baskin Robbins
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაყინე ბრენდი უკვე წლებია თბილისშიც ფუნქციონირებს. Baskin Robbins სტანდარტულ მენიუს გვთავაზობს და წლებია ბევრისთვის შეუცვლელი ადგილია. იგი იდეალურია მათთვის, ვინც ექსპერიმენტებზე მეტად ნაცნობ და სტაბილურ გემოებს ანიჭებს უპირატესობას.
