არსებობს მაგიური ძალა, რომელსაც სახელად იტალიის უსაზღვროდ სიყვარული ჰქვია, ძალა, რომლის წყალობითაც სიგიჟემდე გვიყვარს ამ დიდებული ქვეყნის კულტურა, გასაოცარი და მუდამ განსხვავებული არქიტექტურა, მზიანი სანაპიროები, ყოველთვის ხმამაღლა მოლაპარაკე ხალხი და უბრალოდ გარემო, რომელიც ყოველი მონახულებისას გვაბედნიერებს.

ახლა კი წარმოიდგინეთ მთელი 1 წელი და თითქმის 400 დღე ძველი იტალიის ხელახლა გამეორებისა და ახალი ადგილების აღმოჩენის გარეშე. მსოფლიო პანდემიამ მოგზაურობის მოყვარულებს საკმაოდ დიდი დაღი დაგვასვა და იმ რეალობაში, რომელშიც ადამიანები სიცოცხლისთვის იბრძვიან, იტალია კი კვლავინდებურად ჩაკეტილია, ისღა დაგვრჩენია ჩვენი რჩეული Instagram გვერდები მოვინახულოთ და სურვილი ფოტოებითა და ვიდოებით დავიკმაყოფილოთ.
@ItalySegreta
ItalySegreta გახლავთ გვერდი, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილია იტალიის ვინტაჟური ფოტოები, შთამაგონებელი კადრები და საიდუმლო ადგილებიც კი, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად უნდა მოინიშნოთ. გვერდს მარინა კაჩაპუოტი მართავს, კარანტინის პერიოდში მარინამ ჰეშთეგი #italyfromawindow შექმნა, რომლის წყალობითაც იტალიის დანახვა სხვადასხვა ფანჯრიდან შეგვიძლია.
@Issimo
იტალიის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სასტუმროების კრეატიულმა დირექტორმა, მარი-ლუიზა შიომ, გვერდი Issimo შექმნა და ერთ სივრცეში თავი იტალიის ღირსშესანიშნაობებს მოუყარა, რომელთა შორისაც აუცილებლად აღმოაჩენთ მოდური სამოსის კოლექციებს, აქსესუარებს, რეცეპტებს, კარგ იტალიურ ფილმებსა და რა თქმა უნდა საინტერესო ლოკაციებს.
@La Cucina Italiana
იტალიური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და ზღაპრული გემოებით გამოირჩევა ჩვენი რეცეპტორებისთვის. Instagram გვერდზე სახელწოდებით La Cucina Italiana, საშუალება გვეძლევა სპაგეტების, პომიდორისა და მოცარელას სალათის, უგემრიელესი პიცებისა და ტირამისუს რეცეპტებს გვეცნოთ.
@ElenaBraghieri
ფოტოგრაფი და მოგზაური ელენა ბრაგიერი პირად Instagram გვერდს მუდმივად ახალთახალი ფოტოებითა და მნიშვნელოვანი ლოკაციებით ამდიდრებს.
@Ig_italia
გვერდს იტალიელი ინსტაგრამერები ხელმძღვანელობენ და ქვეყნის მასშტაბით ყველაზე გასაოცარ ადგილებს გვაცნობენ.