#კინო

10 სერიალი ძლიერ ქალებზე, რომლის ნახვასაც გირჩევთ

გაზიარება:

ჩვენ, ყოველთვის ისეთი ფილმებისა და სატელევიზიო შოუების ძიების პროცესში ვართ, რომლებიც გაგვაძლიერებენ, განგვანათლებენ და შთაგვაგონებენ. ვეძებთ გამოგონილ თუ რეალურ ისტორიებს ქალებზე, რომლებმაც დაამსხვრიეს სტერეოტიპები, გადააბიჯეს სტიგმებს, შეცვალეს რეალობა და იბრძოლეს ხმამაღლა, ეს ქალები რამდენიმე საათის, დღისა თუ კვირის განმავლობაში ჩვენი უახლოესი მეგობრები და მასწავლებლები ხდებიან, ისინი უანგაროდ გვიზიარებენ პირად გამოცდილებებს და რასაკვირველია, ჩვენც დიდი სიამოვნებით ვისრუტავთ მათ.

დღეს წარმოგიდგენთ The Diary-ს რჩეულ 10 სერიალს ძლიერ ქალებზე, მათ პირად ისტორიებს, გამოცდილებებსა და თავგადასავლებს, რომლებიც თავს უცილობლად შეგაყვარებენ.

1. მოახლე

Netflix-ის 2021 წლის სენსაციად ქცეულ მინისერიალზე, ჩვენს ერთგულ მკითხველთან აქამდეც ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა ეს შთამაგონებელი, სევდიანი და საოცრად გმირული ისტორია ათეულის სათავეში ყოფნას რომ იმსახურებს, ეს ყველას კარგად მოგვეხსენება. მინისერიალი სტეფანი ლენდის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული და საკმაოდ მძიმე პირად ისტორიას გვიყვება ძალადობის მსხვერპლ მარტოხელა დედებზე, რომლებიც შვილ(ებ)ის ბედნიერებისთვის მზად არიან მთებიც კი გადადგან.

2. მისის ამერიკა

ისტორიული დრამა და ბრწყინვალე სამსახიობო შემადგენლობა, შეუდარებელი ქეით ბლანშეტი, რომელიც ფილის შლეფლაის ისტორიას გვიამბობს და 1970-იანი წლების ამერიკა, როდესაც ქალები თანაბარი უფლებებისთვის ბრძოლას ხმამაღლა იწყებენ.

3. საოცარი მისის მეიზელი

1950-იანი წლების ბოლო, მირიამ მიჯ მეიზელს აქვს ყველაფერი, რაზეც კი უოცნებია - იდეალური ქმარი, ორი შვილი და ელეგანტური ბინა ნიუ-იორკის ზემო ვესტ-საიდზე, თუმცა ერთ მშვენიერ დღესაც მირიამის ცხოვრება თავდაყირა დგება, სწორედ მაშინ იღება მისის მეიზელისთვის შესაძლებლობების კარი და მიჯიც მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ის ბრწყინვალე სთენდაფერია. ახლა მეიზელს ისღა დარჩენია, სამყაროში, რომელშიც სრულად მამაკაცები დომინირებენ საკუთარი ადგილი დაიმკვიდროს. სერიალის მთავარი გმირის ქარიზმა 4 სეზონის განმავლობაში, უდავოდ, მოგაჯადოებთ, რაც შეეხება მირიამის პიროვნულ ტემპორიტმს, ის საკმაოდ დამაჯერებელი და შთამაგონებელია.

4. რატომ კლავენ ქალები?

დევიდ უორენისა და მარკ ჩერის საერთო პროექტმა მზის სხივი 2019 წელს იხილა და მალევე უდიდესი პოპულარობა მოიპოვა. სხვადასხვა ეპოქაში, თუმც ერთსა და იმავე სახლში მცხოვრები 3 ქალის ისტორიამ მაყურებელს რიტორიკული შეკითხვა დაუსვა, მაინც რატომ კლავენ ქალები? და პასუხმაც არ დააყოვნა. სერიალში ბევრ საინტერესო თემას ეხება, ისეთებს, როგორებიცაა ღალატი, ტყუილი, მიმღებლობა თუ ამ ყოველივეს გარშემო არსებული სტიგმები.

5. ყველგან ხანძრის კერებია

2020 წელს გამოსულ მინისერიალში „ყველგან ხანძრის კერებია” მოქმედება პატარა ქალაქში შეიკერ-ჰაიტსში ვითარდება, საცხოვრებლად ალბათ ერთ-ერთ ყველაზე მშვიდ და მყუდრო ქალაქში, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი იდეალურადაა, ამ იდეალურობის მთავარი სხივი კი 4 შვილის დედა და წარმატებული იურისტის მეუღლე ელენა რიჩარდსონია. თუმცა, ერთ დღესაც შეიკერ-ჰაიტსში ხელოვანი მია უორენი გამოჩნდება ქალიშვილთან ერთად და ნელ-ნელა ფასადური იდეალურობის მიღმა რეალობას დაგვანახვებს.

სერიალი სელესტ ინგის ამავე სახელწოდების წიგნის მიხედვით არის გადაღებული.

6. მხევლის წიგნი

კანადელი მწერლის, მარგარეტ ეტვუდის 1985 წელს გამოქვეყნებული „მხევლის წიგნის” მიხედვით, ბრიუს მილერმა ამავე სახელწოდების სერიალი 2017 წელს გადაიღო. ანტიუტოპიურ სამყაროში მცხოვრები, სიტყვისა და არჩევანის თავისუფლების გარეშე დარჩენილი ქალები, რომელთა ინდივიდუალურობასაც წითელი კაბებისა და თეთრი თავსაფრების ქვეშ მალავენ დიდხანს არ გაჩუმდებიან და იმ უსამართლობას ვერაფრით შეეგუებიან, რომელიც თავს მოულოდნელად დაატყდათ. სერიალის მთავარი მეამბოხე ჯუნია, რიგითი მხევალი, რომელიც რელიგიური ფანატიზმის იმპერიას ბრძოლას უცხადებს.

7. ფლიბეგი

სატელევიზიო შოუების ისტორიაში ძნელად მოიძებნება ქალი პერსონაჟი, რომელიც ისე ფლობს საკუთარ ნაკლოვანებებს, შეცდომებსა და პატარ-პატარა ტრაგედიებს, როგორც ამას „ფლიბეგის” მთავარი გმირი ახერხებს ფიბი უოლერ-ბრიჯის მონაწილეობით. სერიალი იდეალურად წარმოაჩენს ქალის ცხოვრებისეულ დილემებს, ჩვენი ყოველდღიურობის კომპლექსურობასა და მხიარულებასაც, რომელიც ყოველგვარ სირთულეს ნაკლებად ემოციურსა და ტრაგიკულს ხდის.

8. ბასრი საგნები

არაჩვეულებრივი სამსახიობო შემადგენლობა და გილიან ფლინის ნოველის კიდევ ერთი მშვენიერი კინოადაპტაცია. დაქსაქსული სიუჟეტი, რომელიც აწმყოსა და წარსულში ერთდროულად გვამოგზაურებს, გაუხსნელი მკვლელობები და კომპლექსური ოჯახური ურთიერთობები - „ბასრ საგნებს” ყველაფერი აქვს, იმისათვის რომ ეკრანებთან მიგაჯაჭვოთ და ამაღელვებელ მოგზაურობაში ჩაგითრიოთ.

9. დაუჯერებელი

მძიმე, თუმცა საოცრად შთამბეჭდავ მინისერიალს საფუძვლად რეალური ისტორია უდევს. რა ხდება მაშინ, როდესაც გაუპატიურების მსხვერპლის არ სჯერათ და ბრალს ისტორიის გამოგონებასა თუ ყველაფრის წარმოდგენაში გდებენ? - „დაუჯერებელი” ისტორიაა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა ილაპარაკო სიმართლე მაშინაც კი, როდესაც შენი არავის სჯერა.

10. არაორთოდოქსი

ესტე 19 წლის ებრაელი გოგონაა, რომელიც უილიამსბურგის რაიონში, ულტრა ორთოდოქსულ საზოგადოებაში ცხოვრობს. ერთ დღესაც ესტე გადაწყვეტს უარი თქვას საკუთარ ბედზე, რომლებიც სხვების მიერაა დაწერილი და საკუთარი თავის უკეთ გასაცნობად და სურვილებისა და მისწრაფებების აღმოსაჩენად ბერლინში მიემგზავრება.

ზევით