ენ ჰეთევეი PRINCESS DIARIES-ის ტრილოგიით ბრუნდება

| ნინა სიმსივე |

Princess Diaries, პრინცესას დღიურები, ენ ჰეთვეი

გოგონებო, პრინცესას კაბები მოამზადეთ, დედოფალი მია თერმოპოლისი მალე ისევ ეწვევა თავის სამეფოს. უკვე დიდი ხანია ვიცით, „პრინცესას დღიურები“ ტრილოგიით ბრუნდება, თუმცა არ იყო ცნობილი ვიხილავდით თუ არა მასში ენ ჰეთევეის. რამდენიმე დღის წინ კი, მსახიობმა თავად გაგვიზიარა ემოციები მესამე ნაწილში მონაწილეობის შესახებ. ჯერჯერობით ბევრი დეტალი უცნობია, თუმცა დანამდვილებით ვიცით, რომ მესამე ნაწილზე Disney მუშაობს, ამიტომ მოლოდინები კვლავ დიდია. სანამ ფილმის შემქმნელები მეტ სიახლეებს გაგვიმჟღავნებენ, მოდით გავიხსენოთ თუ როგორ შეიქმნა ფილმი, რომელიც ყველა გოგონას საოცნებო ისტორიას გვიყვება.

Princess Diaries, პრინცესას დღიურები, ენ ჰეთვეი

ფილმი ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული, რომლის ავტორიც მეგ კაბოტი გახლავთ. ვერ ვიტყვით, რომ ფილმამდე წიგნი დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მეტიც, ავტორმა ეკრანიზაციისთვის მხოლოდ 4000 $ მიიღო. ფილმი კი მოულოდნელ კომერციულ წარმატებად იქცა და 165 მილიონ დოლარზე მეტი შემოსავალი მოიპოვა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

რთული წარმოსადგენია, მაგრამ ამ პროდუქტისგან დიდ წარმატებას არავინ მოელოდა, მათ შორის არც რეჟისორი, გარი მარშალი. საბედნიეროდ ყველაფერი პირიქით მოხდა და ფილმმა არნახულ წარმატებას მიაღწია. ცხადია, მთლიან გუნდთან ერთად ასეთი შედეგი ქასთის დიდი დამსახურებაცაა. ვთანხმდებით, ფილმის ნამდვილი ვარსკვლავი ენ ჰეთევეია. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჰოლივუდმა იგი პრინცესას დღიურებიდან გაიცნო და შეიყვარა. ეს მისი პირველი როლი იყო, თუ არ ჩავთვლით სატელევიზიო შოუს, რომელსაც ძალიან ცოტა მაყურებელი ჰყავდა და თითქმის არავინ იცის მასზე. ამიტომ თავად ენიც ამბობს, რომ პრინცესას დღიურები მისი პირველი ფილმი იყო, რომელმაც წარმატებისკენ გაუხსნა გზა.

„პრინცესას დღიურების“ შემდეგ ენ ჰეთევეი ყველაზე რეიტინგული მსახიობი გახდა. უკვე ყველამ იცოდა, რომ ენის როლზე დამტკიცება უტყუარად ნიშნავდა ფილმის წარმატებას.  კასტინგზე მიას როლზე იმ დროისთვის საკმაოდ გამოცდილი და ცნობილი მსახიობებიც კი იღებდნენ მონაწილეობას და რომ არა ენ ჰეთევეის ს ერთი სასაცილო შემთხვევა შეიძლებოდა სულ სხვა პრინცესა გვყოლოდა. კასტინგზე ენ ჰეთევეი იმდენად ნერვიულობდა, პრინცესას როლის მორგებისას შემთხვევით სკამიდან გადაყირავდა, სცენა იმდენად სასაცილო და ბუნებრივი გამოვიდა, ის ფილმშიც კი ჩასვეს.

anna hathway, ენ ჰეთვეი, პრინცესას დღიურები, princess diaries
ფოტო: მარიო სორენტი

გამორჩეული სილამაზის გარდა, ენის პიროვნული თვისებების დამსახურებაც დიდია რომ ეს პერსონაჟი შედგა ისეთი, რომ მაყურებელს ერთი ნახვით შეუყვარდა. ქასთის ყველა წევრი აღნიშნავდა, რომ გამოუცდელობის მიუხედავად ენ ჰეთევეისთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო. მისი შრომისმოყვარეობის, ხასიათის, ბუნებრიობის და ყველას მიმართ დადებითი დამოკიდებულების შემჩნევა ეკრანებზეც ძალიან მარტივია. მსახიობები და რეჟისორები მას თავიდანვე დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.

მიას გარდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა ფილმში დახვეწილი, საოცრად გემოვნებიანი და პატრიოტი დედოფალი -  ჯული ენდრიუსია. მსახიობი უკვე პენსიაზე იყო გასული, თუმცა გარისთან მუშაობის სურვილმა კვლავ დააბრუნა გადასაღებ მოედანზე, რაც თავის მხრივ დაეხმარა ფილმის პოპულარიზაციას.

ჯული ინტერვიუებში გამორჩეული ემოციებით აღნიშნავს, რომ ფილმში არმანის კოსტიუმები ეცვა და ნამდვილი ბრილიანტების გვირგვინს ატარებდა, რაც შესანიშნავი და ამაღელვებელი იყო.  

anna hathway, ენ ჰეთვეი, Julie Andrews, პრინცესას დღიურები, princess diaries,

ამ ორი შესანიშნავი ქალისგან შეიქმნა დედოფლისა და პრინცესას, საყვარელი ბებიასა და შვილიშვილის საუცხოო სახეები, რომლებმაც თავის მხრივ შექმნეს კიდევ ერთი ზღაპრული ამბავი. ეს შესანიშნავი ფილმი ზოგს კონკიას ამბავსაც მოაგონებს, ასევე ადარებენ მახინჯი იხვის ჭუკის ისტორიასაც. რეჟისორის თქმით სწორედ ეს ამბები გახდა მისთვის შთაგონების წყარო.

anna hathway, ენ ჰეთვეი, Julie Andrews, პრინცესას დღიურები, princess diaries,

ფილმი ხომ ერთ ამერიკელ, სკოლის მოსწავლე გოგონაზეა, რომელიც არაფრით გამორჩეული თინეიჯერია, მორიდებული, წყნარი და ხშირ შემთხვევაში ბულინგის მსხვერპლია. უეცრად მია გაიგებს რომ მამამისი მეფე იყო, თავად კი პრინცესაა და ცოტა ხანში მას სამეფოს მართვა მოუწევს. გოგონამ უნდა შეძლოს ჩვეულებრივი ამერიკელი თინეიჯერი გოგოს თვისებები დათმოს და ნამდვილ პრინცესად იქცეს. ამ პროცესის თანამონაწილენი ვართ მაყურებლებიც და თანდათან ვხედავთ თუ როგორ გარდაიქმნება მია მშვენიერ პრინცესად, რომელსაც ახლა უკვე ყველა ამჩნევს, მისი მშვიდი ცხოვრება სადღაც ქრება და სამეფო ინტრიგებისა და ბრძოლების თანამონაწილე ხდება. საბოლოოდ მშვენიერი პრინცესა ყველა წინაღობას გადალახავს და ტახტზე ადის. მესამე ნაწილში სავარაუდოდ მია თერმოპოლისის სამეფო უნდა ვიხილოთ და მისი მმართველობა შევაფასოთ.  წინასწარ ვერაფერს ვიტყვით, წინ ბევრი სიურპრიზი გველოდება. მანამდე კი შეგვიძლია კიდევ ერთხელ დავტკბეთ ამერიკელი კონკიას ისტორიით.

ზევით