10 წიგნი, რომელიც თოვლიან ამინდში უნდა წაიკითხოთ

ყველასათვის მოულოდნელად, დედაქალაქში  უკვე მეორედ გაგვითოვდა. დაგვეთანხმეით, რომ ეს იმ გამონაკლისი დღეების რიცხვს განეკუთვნება, როდესაც ყველას სახლში მყუდროდ ჯდომა და ფანჯარასთან, რაიმე სასიამოვნოს წაკითხვის სურვილი გვიჩნდება. მაშინ, რაღას ველოდებით?! გადადეთ ყველა საქმე და რაიმე სასიამოვნოს კითხვას შეუდექით, ჩვენ კი The Diary-ს რჩეულ 10 წიგნს წარმოგიდგენთ, რომლებიც თოვლიან ამინდს განსაკუთრებით უხდება.

1. უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში

ეს არის რომანი თავგანწირულ სიყვარულსა და სიძულვილზე, ღალატზე, ერთგულებასა და შურისძიებაზე, წარმატებასა და ბედნიერებაზე, ადამიანებზე, რომელთა სახეც „სუნთქავს – ის ჩაისუნთქავს და ამოისუნთქავს დროს“.

 

მილორად პავიჩი - უკანასკნელი სიყვარული კონსტანტინოპოლში

წაიკითხეთ აქ 

2. მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)

ცნობილი ქართველი რეჟისორის, თემურ ბაბლუანის „მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)“ სათავგადასავლო რომანია, რომელშიც აღწერილი ერთი თბილისელი ბიჭის დარდითა და ტკივილით სავსე ცხოვრების ამბავი ერთი ამოსუნთქვით იკითხება.

 

თემურ ბაბლუანი - მზე, მთვარე და პურის ყანა (მანუშაკა მელოდება)

წაიკითხეთ აქ 

3. ნადირობა ცხვარზე

"ნადირობა ცხვარზე" მურაკამისთვის ჩვეული ერთგვარი მისტიციზმით გაჯერებული წიგნია. გამართული სიუჟეტური ხაზი, მარტივი სიტყვები, მშვიდი თხრობა, განსაკუთრებული არაფერი... ეს ყველაფერი როგორღაც თავისთავად, იოლად აღიქმება, მაგრამ აი, სულ ორიოდე გვერდზე აღწერილი ფინალი, და... უცებ ქრება ყოველგვარი სიმარტივეც და უბრალოებაც.

 

ჰარუკი მურაკამი - ნადირობა ცხვარზე

წაიკითხეთ აქ 

4. სიყვარულის ორმოცი წესი

რომანი „სიყვარულის ორმოცი წესი“ ელიფ შაფაქის ინგლისურად დაწერილ მის სამ რომანთაგან ერთ-ერთია. სიუჟეტი კი შემდეგნაირად ვითარდება - თანამედროვე ამერიკელი ქალის ერთფეროვან ცხოვრებაში ქარიშხალივით შემოიჭრება ორი საოცარი და საოცნებო სამყარო: სიყვარული და... აღმოსავლეთი!

 

ელიფ შაფაქი - სიყვარულის ორმოცი წესი

 წაიკითხეთ აქ

5.სამხრეთული სპილო

„სამხრეთული სპილო“ ურბანული რომანია, რომელშიც მოქმედება ერთი დღის განმავლობაში ვითარდება. რეჟისორი, რომელიც კინოს აღარასოდეს გადაიღებს, თავის ბინას მეგობარს უთმობს იქ საყვარელ ქალთან შესახვედრად, თავად კი, დრო რომ გაიყვანოს, თბილისის ქუჩებში დაეხეტება.

 

არჩილ ქიქოძე - სამხრეთული სპილო

წაიკითხეთ აქ 

6. იისფერი

ელის უოკერის "იისფერში" მოქმედება ვითარდება ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ სოფელში. ორიგინალური ფორმითა და დიდი მწერლური ოსტატობითაა მოთხრობილი აფროამერიკელი ქალების მძიმე და წინააღმდეგობრივი ცხოვრება 1930-იან წლებში.

 

ელის უოკერი - იისფერი

წაიკითხეთ აქ 

7. წიგნი

"წიგნში" შედის სხვადასხვა ციკლის მოთხრობები. ამ მოთხრობებში მთელი ქართული ლიტერატურის ცნობილ პერსონაჟებს შეხვდებით. ოღონდ აქაური ლუარსაბ თათქარიძე ცოლის სიკვდილის შემდეგ ომში მიდის, ილია ჭავჭავაძე დოქტორ უოტსონს თარჯიმნობს, ვარსქენ პიტიახშის კუბოს მეფე ერეკლე და ვახტანგ გორგასალი ერთად მიჰყვებიან...

 

აკა მორჩილაძე - წიგნი

წაიკითხეთ აქ 

8. დედის რძე

თანამედროვე ლატვიელი მწერლის, ნორა იკსტენას „დედის რძე“ სულის შემძვრელი რომანია. სევდიანი და ამაღელვებელი, ლამაზი და მტკივნეული წიგნი შეულამაზებლად აღწერს, როგორია ცხოვრება საბჭოთა კავშირში, ან ნებისმიერი რეჟიმის პირობებში, რომელიც მარწუხებივით იმწყვდევს არა მხოლოდ ქვეყნების თავისუფლებას, არამედ ადამიანურ ურთიერთობებს.

 

ნორა იკსტენა - დედის რძე

წაიკითხეთ აქ 

9. ღმერთი სამსახურშია

დათო გორგილაძის მოთხრობების ყველა პერსონაჟი ხელშესახები და ნამდვილია. როგორც ფილმის საწყის ტიტრებში მიანიშნებენ ხოლმე – წიგნი რეალურ ამბებზეა დაფუძნებული, მაგრამ ავტორის ბრწყინვალე წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ეს რეალური ამბები ჩამთრევ თრილერად იქცევა, რომელიც ერთ ჩვეულებრივ კინოსეანსზე ნაკლებ დროში შეგიძლიათ წაიკითხოთ.

 

დათო გორგილაძე - ღმერთი სამსახურშია

წაიკითხეთ აქ 

10. ზარხუფი

„ზარხუფი“ ამერიკელი პოეტის, სილვია პლათის (1932-1963) ყველაზე ცნობილი პროზაული ტექსტია. რომანი, რომელიც დიდწილად ავტობიოგრაფიულია, 1963 წელს, ავტორის თვითმკვლელობამდე ერთი თვით ადრე გამოიცა ვიქტორია ლუკასის ფსევდონიმით.

 

სილვია პლათი -ზარხუფი

წაიკითხეთ აქ 

ზევით