#კინო

2022 წლის „ოსკარის” პრიზის 11 რეალური კანდიდატი - ფილმები, რომლებიც უნდა ნახოთ

გაზიარება:

2022 წლის 27 მარტს, „ოსკარის” დაჯილდოების ცერემონია 2 წლიანი ქაოსის შემდეგ, რომელიც მსოფლიო პანდემიამ გამოიწვია, განახლებული ძალებით დაგვიბრუნდება. ახლა, როდესაც ყველამ, მათ შორის რეჟისორებმა და მსახიობებმა კოვიდ 19-თან თანაარსებობა ისწავლეს, მოვლენებმა ახალი დინებით დაიწყო სვლა და ერთგვარი ჩავარდნის, პაუზისა და შესვენების შემდეგ შესაძლებლობა გვაქვს ბრწყინვალე კინემატოგრაფიული ნამუშევრებით დავტკბეთ.

წარმოგიდგენთ 2022 წლის „ოსკარის” დაჯილდოების 11 კანდიდატ ფილმს, რომლებიც წესით, მომავალი წლის ცერემონიას პრიზის გარეშე არაფრის დიდებით არ დატოვებენ:

The Lost Daughter

თამამი სარეჟისორო დებიუტისთვის მეგი ჯილენჰოლმა ელენა ფერანტეს შთამბეჭდავი ნოველის კინოადაპტაცია შემოგვთავაზა. The Lost Daughter ღრმა კინემატოგრაფიული მედიტაციაა დედობის სიხარულსა და ტანჯვაზე. ფილმში მთავარ როლებს ოლივია კოლმანი, ჯესი ბაკლი და დაკოტა ჯონსონი თამაშობენ.

The Power of the Dog

ჯეინ კემპიონის სასტიკი ვესტერნი რანჩოზე მცხოვრები ბენედიქტ კამბერბეჩის ისტორიას გვიამბობს, რომელიც ძმის ახალ ცოლს (კრისტენ დანსტი) ატერორებს. ფილმი მთელი სიმძაფრით გვიამბობს ისტორიას, რომლის მონაწილენიც მაყურებლები მალევე ვხდებით და დასრულებამდე ყველაფერს მთავარ გმირებთან ერთად განვიცდით. The Power of the Dog შესაძლოა გახდეს კინოაკადემიის ჯილდოს ისტორიაში მესამე ფილმი, ხოლო ჯეინი კი მესამე ქალი, რომელიც ოსკარის მთავარ ჯილდოს დაიმსახურებს.

Belfast

Toronto Film Festival-ზე მაყურებელთა პრიზის მოპოვების შემდეგ, კენეტ ბრანას ნახევრად ავტობიოგრაფიული ფილმი სახელის მოხვეჭას განაგრძობს და პოპულარობის ზრდასთან ერთად, Belfast ოსკარის პრეტენდენტთა სიაშიც კუთვნილ ადგილს იკავებს. ფილმში მთავარ როლებს ჯუდ ჰილი, კაიტრიონა ბალფი, ჯეიმი დორნანი, კიარან ჰინდსი და ჯუდი დენჩი ასრულებენ.

Dune

ალბათ არავის გაუკვირდება, თუ ვიტყვით, რომ დენი ვილნევის სამეცნიერო ფანტასტიკა Dune, ოსკარის პრეტენდენტთა შორისაა. ფილმის ვიზუალური ეფექტები საოცარი ოსტატობითაა შესრულებული, დიზაინი შთამბეჭდავია, კოსტიუმები კი უბრალოდ ფანტასტიკური. ამ ყველაფრის ფონზე კი, ოსკაროსანი ლეგენდის ჰანს ზიმერის მუსიკალური გაფორმება კიდევ უფრო მეტ მუხტსა და ბრწყინვალებას სძენს ფილმს.

King Richard

ფილმი ჩოგბურთის ლეგენდების, დები სერენა და ვენუს ვილიამსების წარმატების შთამბეჭდავი ისტორიაა და მასში მოყვანილია ათწლეულების წინ მომხდარი ამბები და ბიოგრაფიული ფაქტები, რომლებმაც დიდი როლი ითამაშეს ვილიამსების ბრწყინვალე ჩოგბურთელებად ჩამოყალიბებაში. ისტორიის ერთ-ერთი მთავარი გმირი - უილ სმიტი კი 15 წლის შემდეგ შესაძლოა კიდევ ერთხელ გახდეს დამსახურებული ჯილდოს მფლობელი.

Licorice Pizza

თუ კინოაკადემიას ვინმესთვის ოქროსფერი ქანდაკება მართებს, ეს უდავოდ რვა გზის ნომინანტი, პოლ თომას ანდერსონია. რეჟისორის ბოლო ნამუშევარმა კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა. რომანტიკული ფილმი, რომელიც თინეიჯერი ბიჭის სასიყვარულო გატაცების შესახებ გვიამბობს, პროგნოზებს და შეფასებებს თუ დავუჯერებთ, თითქმის საუკეთესო სცენარის მფლობელია. თუმცა, ვინ იცის როგორ განვითარდება მოვლენები, ეს ხომ ოსკარის დაჯილდოებაა.

Spencer

სანამ, პაბლო ლარეინის 1991 წლის საბედისწერო საშობაო დღეებმა და მისეულმა ხედვამ შესაძლოა აკადემიის ამომრჩევლები ორ ნაწილად გაყოს, წინ ვერავინ აღუდგება კრისტენ სტიუარტის საოცარ გარდასახვას პრინცესა დიანად. მის საშემსრულებლო მანერას, ინტერპრეტაციის ძალასა და სიზუსტეს სათანადო დაფასება აუცილებლად შეხვდება.

Nightmare Alley

გილერმო დელ ტორო დიდი წარმატების შემდეგ საკუთარი შედეგის გაუმჯობესებას აუცილებლად ეცდება. რეჟისორის უკანასკნელმა ნამუშევარმა The Shape of Water-მა 4 აკადემიის პრიზი დაიმსახურა, მათ შორის ერთ-ერთი საუკეთესო ფილმის კატეგორიაში ხვდა. ტოროს უახლესი ფილმი კიდევ უფრო ვარსკვლავური და შთამბეჭდავია. ბრედლი კუპერის, ქეით ბლანშეტის, რუნი მარას, უილიამ დეფოსა და რიჩარდ ჯენკინსის მონაწილეობით ფილმი პრიზის გარეშე არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს.

The Tragedy of Macbeth

დენზელ ვაშინგტონის, ფრენსის მაკდორმანდისა და ჯოელ კოენის სახელზე უკვე 10 ოსკარია. ამიტომ, სავსებით სავარაუდოა, რომ მათი ტრიო ახალი ფილმით კიდევ რამდენიმე აკადემიის პრიზს გამოკრავს ხელს. შექსპირისეული ამბიციებისა და ყოვლისმომცველი დანაშაულის შემზარავი, სტილიზებული სანახაობა ნისლში გაჟღენთილი და მოციმციმე შავ-თეთრ ფერებშია გადაღებული.

Parallel Mothers

ისტორიას დედები ქმნიან - მათ გარეშე ცივილიზაცია ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევდა წინ! პედრო ალმადოვარის ახალი, საოცრად დახვეწილი და მრავლისმთქმელი ფილმი Parallel Mothers პირველად ვენეციის 78-ე კინოფესტივალზე გამოჩნდა და კინოკრიტიკოსთა თუ მაყურებელთა სიმპათია ნახვისთანავე დაიმსახურა. ფილმში მთავარ როლებს პენელოპე კრუსი და მილენა სმიტი ასრულებენ.

CODA

2021 წლის დასაწყისში, სიან ჰედერის კინონამუშევარი, რომელიც სმენადაქვეითებული ოჯახის და მათი ერთადერთი ჯანმრთელი ქალიშვილის ისტორიას გვიამბობს, პირველი ფილმი გახდა, რომელმაც აშშ-ის დრამატულ კატეგორიაში ყველა პრიზი დაიმსახურა. Coda-ს გულშემატკივართა რაოდენობის გათვალისწინებით, ფილმს რეალური შანსი აქვს წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაში გამარჯვებისთვის იბრძოლოს.

ზევით