2023 წლის „გრემის“ დაჯილდოების საუკეთესო მომენტები და საღამოს გამარჯვებულები

მუსიკალურ სამყაროში ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოების ცერემონია, გასულ ღამეს ლოს-ანჯელესში, Crypto.com Arena-ზე გაიმართა. რიგით 65-ე „გრემის“ დაჯილდოება, სიურპრიზებით, მნიშვნელოვანი მოვლენებითა და სახალისო მომენტებით იყო სავსე, რომლებმაც დღევანდელი დღის ყველაზე ხმაურიანი სიახლეები შექმნეს.

საღამოს ტრიუმფატორად, უდავოდ, ბიონსე მოგვევლინა, რომელმაც „გრემის“ ყველა დროის რეკორდი ხმაურიანად მოხსნა და მოგვევლინა პირველ შემსრულებლად, რომლის კარიერაც 88 ნომინაციას და 32 ჯილდოს აერთიანებს. საერთო ჯამში, გასულ ღამეს, ბიონსემ 4 ნომინაციაში გაიმარჯვა, მათ შორის იყო საუკეთესო საცეკვაო/ელექტრონული მუსიკის ალბომი Renaissance, საუკეთესო საცეკვაო ჩანაწერი Break My Soul, საუკეთესო ტრადიციული R&B შესრულება Plastic off the Sofa და საუკეთესო R&B სიმღერა Cuff It.

ბიონსესვე უწინასწარმეტყველებდნენ საღამოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან - წლის საუკეთესო ალბომის კატეგორიაში გამარჯვებასაც, თუმცა, ამ ნომინაციის პრიზი სახლში ჰარი სთაილსმა წაიღო, ალბომისთვის Harry's House. ჰარიმ, გასულ ღამეს Crypto.com Arena-ზეც მოიწყო სახლი, ჯერ წითელ ხალიჩაზე ფერადი, მბზინავი კომბინეზონით გამოჩნდა და რასაკვირველია ყველა ამ გამოჩენით აალაპარაკა, შემდეგ შეკრებილი საზოგადოების წინაშე ჰიტად ქცეული სიმღერა As It Was შეასრულა, ყოფილ შეყვარებულთან ტეილორ სვიფტთან ისაუბრა და სახლში „გრემის“ 2 ჯილდოთი დაბრუნდა.

65-ე „გრემის“ დაჯილდოების გამარჯვებულთა შორის იყო ადელიც, რომელიც პარტნიორის გაფრთხილების მიუხედავად, საუკეთესო პოპ სოლო შესრულების პრიზის მიღებისას სცენაზე ატირდა, მომღერალმა ეს გამარჯვება შვილს, ანჯელოს, მიუძღვნა. აქვე უნდა აღინიშნოს ის მნიშვნელოვანი მომენტიც, რომ ადელმა პრიზი ახალი საუკეთესო მეგობრისგან დუეინ The Rock ჯონსონისგან მიიღო, რომელიც მომღერალმა, საღამოზე, რამდენიმე წუთით ადრე გაიცნო და რომლის გაცნობასაც დიდხანს ოცნებობდა.

საუკეთესო პოპ ჯგუფის/დუეტის შესრულებისთვის ჯილდო სემ სმიტსა და კიმ პეტრასს გადაეცათ, ამ გამარჯვებით კიმი გახდა პირველი ტრანსგენდერი ქალი, რომელმაც ამ კატეგორიაში გაიმარჯვა. „უბრალოდ მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ტრანსგენდერ არტისტს, რომლებმაც კარი გააღეს, რათა ამაღამ აქ ვიდგე“ - განაცხადა კიმმა ჯილდოს მიღებისას.

საუკეთესო აუდიოწიგნის კატეგორიასი კი ვაიოლა დევისმა გაიმარჯვა, მემუარისთვის Finding Me. „ეს წიგნი 6 წლის ვაიოლას პატივსაცემად დავწერე, მისი ცხოვრების, სიხარულის, ტრამვისა და ყველაფრის პატივსაცემად რაც გამომივლია, ეს საოცარი მოგზაურობა იყო“ - განაცხადა მსახიობმა.

ზევით