ვინ არის ლუპინი? ამ შეკითხვას პასუხი დეტექტივებმა Netflix-ის ახალ სერიალში უნდა გასცენ. 5 ეპიზოდიანი თრილერი პირველი ფრანგული სერიალია, რომელიც ამერიკულ სტრიმინგ პლატფორმაზე ტოპ 10 ნამუშევარს შორის მოხვდა. Lupin-ში მთავარ როლს Intouchables-ის ვარსკვლავი - ომარ შაი ასრულებს.

სერიალის სიუჟეტი მორის ლებლანკის ნაწარმოებიდან - „ჯენტლმენი ქურდი“ არის აღებული, ხოლო მისი მთავარი გმირი არსენ ლუპინი - ვირტუოზი მძარცველია. შეძლებული ოჯახის მიერ მამისთვის 25 წლის წინ მიყენებული ზიანის გამო, ასანე დიოპი მიზნად შურისძიებას ისახავს. ლუპინის ისტორიით შთაგონებული მამაკაცი ლუვრიდან ძვირადღირებული ყელსაბამის მოპარვას გეგმავს. პელეგრინების ოჯახმა წლების წინ ნათქვამი ტყუილის გამო პასუხი უნდა აგოს.
თუ ჯერ კიდევ არ ხართ დარწმუნებული იმაში, რომ სერიალის ნახვას აპირებთ, The Diary 5 მყარ მიზეზს შემოგთავაზებთ:
1.
სამსახიობო ოსტატობა

ომარ შაიმ თაყვანისმცემლების გულები ჯერ კიდევ 2011 წლის ფრანგული ფილმიდან Intouchables მოიპოვა. Netflix-ის ახალ სერიალში კი მთავარი პერსონაჟის მიმართ განსაკუთრებით თბილად სწორედ ფრანგი მსახიობის სამსახიობო ოსტატობის გამო განეწყობით.
2.
იმოგზაურეთ პარიზში

სერიალი საკუთარი სახლის სავარძლიდან ულამაზეს პარიზში გამოგზაურებთ. ცნობილი ფრანგული ქუჩებით დაწყებული, ლუვრით დამთავრებული, მაყურებელი უამრავ ცნობილ ლოკაციას იხილავს.
3.
უსამართლობა და სამართალი

დიახ, ასანე ფულს ძარცვით შოულობს, მაგრამ ამავე დანაშაულს სჩადის პელეგრინების ძლევანოსილი ოჯახი, რომელიც საუთარ გზაზე განურჩევლად ყველას ანადგურებს. ოჯახის ერთ-ერთი მსხვერპლი კეთილსინდისიერი სენეგალელი მძღოლია, რომელიც ცნობილი დინასტიის მიერ ნათქვამ ტყუილს ეწირება.
4.
ისტორიები, რომლებსაც სერიალის შემდეგ გაეცნობით

დაგვეთანხმებით, რომ კარგი სერიალის შემდეგ, რთულია რაღაც მსგავსი, ან უკეთესი იპოვნო. Lupin-ის 5 სერია კი თქვენი ინტერესის სფეროს კიდევ უფრო გაზრდის. ვირტუოზი მძარცველის შესახებ ძალიან ბევრი ისტორია არსებობს. ჯენტლმენი მძარცველი მკითხველმა ჯერ კიდევ 1905 წელს გაიცნო და მას შემდეგ ლებლანკის 39 ნოველაში გამოჩნდა. პერსონაჟი რამდენიმეჯერ შერლოკ ჰოლმსის ისტორიებშიც გვევლინება.
5.
სუნთქვაშემკვრელი მოულოდნელობა

ლუპინის 5 სერია ყბადაღებულს დაგტოვებთ. ბოლო ეპიზოდში განვითარებული მოვლენები კი ზაფხულამდე დღეებს დაგავთვლევინებთ. Netflix-მა უკვე დაადასტურა, რომ მეორე სეზონი 2021 წლის ზაფხულშ გამოვა, რომელშიც ასევე 5 ეპიზოდი იქნება.