#კინო

7 სერიალი, რომელმაც 2021 წელი შექმნა

გაზიარება:

მოდით ვაღიაროთ, 2021 წელი კინემატოგრაფიულად მდიდარი წელი იყო, რომელმაც არაერთი დაუვიწყარი ფილმი და სერიალი შემოგვთავაზა. თვეობით გადადებული პრემიერების ფონზე, ყველაზე დიდი მოლოდინის მქონე ფილმებმა თავი 2021 წელს მოიყარეს და ჩვენი აღფრთოვანება ყოველ ჯერზე მოახერხეს. რაც შეეხება სერიალებს, არც კი ვიცით საიდან დავიწყოთ საუბარი; ქეით უინსლეტის HBO-ს ახალ შოუში გამოჩენით, ნიკოლ კიდმანის ბრწყინვალე შესრულებით Nine Perfect Strangers-ში თუ Maid-ის სულისშემძვრელი ისტორიით.

უმჯობესი იქნება ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვეთ თითოეულ მათგანს და განვიხილოთ სერიალები, რომლებმაც 2021 წელი შექმნეს:

1. Scenes From a Marriage

Scenes From a Marriage - ინგმარ ბერგმანის კლასიკის თანამედროვე ადაპტაციის მიმართ ინტერესი, ჯერ კიდევ მისი შექმნის დღიდან დაიწყო. შეძლებდა თუ არა ლევი ბროუთი საკულტო სერიალისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებას და მისი თანამედროვე დეტალებით შემკობას - ამაში მდგომარეობდა მთავარი შეკითხვები. თუმცა, სერიალმა გამოსვლის დღიდან დაიმსახურა მოწონება. ჯესიკა ჩესტეინისა და ოსკარ აიზეკის უბადლო შესრულების მიღმა, მაყურებელმაც და კინო კრიტიკოსებმაც არა ერთი ხელმოსაჭიდი აღმოაჩინეს.

2. Mare of Easttown

HBO-ს ახალმა დრამამ მთავარ როლში ოსკაროსანი ქეით უინსლეტის მონაწილეობით, გამოსვლის დღიდან ჩაგვითრია და დიდი ამოცანის ამოხსნის მიღმა არაერთი დეტალით მიიპყრო ჩვენი ყურადღება. გამოძიება, რომელსაც პენსილვანიის სოფელში კვალდაკვალ მივყვებით, აღსავსეა ადამიანური ემოციებით და მოულოდნელი გადახვევებით, რაც სერიალს დიდ პლუსს სძენს.

3. Maid

სტეფანი ლენდის წიგნის, Maid-ის ეკრანიზაცია 2021 წლის ნამდვილ სენსაციად იქცა. Netflix-ის მინისერიალი, რომელიც მარტოხელა დედის ცხოვრებისეულ სიძნელეებზე, მანქანაში გათენებულ ღამეებზე, მძიმე სამუშაოსა და შიმშილზე გვიამბობს, ორმაგად ემოციური იმის გამოც აღმოჩნდა, რომ სტეფანი წიგნში პირად, შეულამაზებელ ისტორიას გვიამბობდა.

4. Nine Perfect Strangers

ავსტრალიელი მწერლის, ლიანა მორიარტის კიდევ ერთი წიგნის ეკრანიზაცია Big Little Lies შემქმნელებმა შემოგვთავაზეს. კიდევ ერთი დამაინტრიგებელი ისტორია და მთავარ როლში ოსკაროსანი მსახიობი, ნიკოლ კიდმანი - ის იდეალური ტანდემი აღმოჩნდა, რომლითაც ახალი სერიალი მაყურებელმა ერთიანად შეიყვარა.

5. Halston

1970-იანი წლების ამერიკა და ამ პერიოდში მოდის ინდუსტრიაში მთავარი მოქმედი გმირი, როი ჰალსტონ ფროვიკი გახდა Netflix-ის მინისერიალის შექმნის შთაგონება. უენ მაკგრეგორის მონაწილეობით მთავარ როლში, მაყურებელი ერთი დიდებული, კრეატიული და ეგოცენტრული დიზაინერის აღმავლობის მომსწრე გახდება. თუმცა, მაყურებელი იმთავითვე იხილავს ნარკოდამოკიდებულებისა და არასწორი სტრატეგიის ფასს და ჰალსტონის დაღმასვლას ინდუსტრიაში.

6. The Chair

სანდრა ოს მთავარ როლში ხილვა ყოველთვის იმედისმომცემი სხივია. ეს იმედი არც ახალ პროექტს გაუცრუებია ჩვენთვის. The Chair-ში, სანდრა პროფესორ ჯიუნ კიმის როლში მოგვევლინა, რომელიც პემბრუკის უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის პირველი ქალი წარმომადგენელი გახდა. ახალი პოსტის დაკავებით განცდილი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა, რადგან კიმს აკადემიურ გარემოში გაბატონებული სექსიზმის წინააღმდეგ წასვლა და ლიდერის რეპუტაციის მოპოვება მოუწია; თუმცა, გვენდეთ სანდრა ოს ბრძოლა ამჯერადაც დასამახსოვრებელია.

7. The Pursuit of Love

ნენსი მილტფორდის 1945 წელს გამოშვებული წიგნის მიხედვით გადაღებულ ეკრანიზაციაში მთავარ როლებს ლილი ჰეიმსი და ემილი ბიჩემი ასრულებენ. საუკეთესო მეგობრების ისტორია ერთი შეხედვით დამოუკიდებლად ვითარდება, თუმცა მსოფლიო ომის ფონზე მათი გზები არა ერთხელ იკვეთება. წინდახედული ფენისა და გამოუსწორებელი რომანტიკოსის, ლინდას ამბავი ყველაზე პირქუშ დღეებს გაგილამაზებთ.

ზევით