8 სატელევიზიო შოუ, რომელსაც აგვისტოში ველოდებით

აგვისტო კინოინდუსტრიისთვის ნაკლებად აქტიური თვეა, მომდევნო 30 დღის განმავლობაში სულ თითზე ჩამოსათვლელი ფილმები შეგვიძლია გიხსენოთ, რომლებსაც დიდ ეკრანებზე მივადევნებთ თვალს. თუმცა, საბედნიეროდ, სტრიმინგ სერვისებზე ყველაფერი პირიქითაა, Game of Thrones-ის პრიქველით დაწყებული Marvel-ის უახლესი სერიალით დამთავრებული, წინ ნამდვილად საინტერესო პრემიერები გველის და მათთვის სათანადოდ უნდა მოვემზადოთ.

Industry Season 2 (1-ელი აგვისტო, HBO)

HBO-ს 2020 წლის მოულოდნელი ჰიტი,  დიდი ხნის ნანატრი მეორე სეზონით დაბრუნდა. სერიალი კიდევ უფრო მეტ დრამას გვპირდება საინვესტიციო ბანკინგის რთულ და დაქსაქსულ სამყაროში. 

The Sandman (5 აგვისტო, Netflix)

ნეილ გეიმანის ცნობილი კომიქსი ამ თვეში ახალი ადაპტაციით დაგვიბრუნდება. ფანტასტიკის ჟანრის ბნელი სერიალის თითო ეპიზოდის გადაღება 15 მილიონი დოლარი დაჯდა და მასში Game of Thrones-ის მსახიობები გვენდოლინ კრისტი და ჩარლზ დენსი მონაწილეობენ.

A League of Their Own (12 აგვისტო, Prime Video)

კლასიკად ქცეული ორიგინალი ფილმის გამოსვლიდან 30 წლის შემდეგ, Amazon-მა A League of Their Own-ის 8 სერიისგან შემდგარი ადაპტაცია წარმოგვიდგინა. სერიალში მოქმედება 1940-იან წლებში ვითარდება და მოგვითხრობს ქალების ჯგუფის შესახებ, რომლებიც აპირებენ შექმნან ბეისბოლის გუნდი, მაშინ როდესაც მამაკაცი მოთამაშეები მეორე მსოფლიო ომში მსახურობენ.

Never Have I Ever Season 3 (12 აგვისტო, Netflix)

მინდი კალინგის პოპულარული საშუალო სკოლის კომედია, მესამე სეზონით, Netflix-ზე სწორედ აგვისტოში ბრუნდება და მიჰყვება მთავარი გმირის დევი ვიშვაკუმარის, ცხოვრებას და პირველი სასიყვარულო ურთიერთობის განვითარების ეტაპებს.

She-Hulk: Attorney at Law (17 აგვისტო, Disney+)

მარველის მზარდი სატელევიზიო ბიბლიოთეკის უახლეს შოუში ტატიანა მასლანი მონაწილეობს და ბრიუს ბანერის (ჰალკის) ბიძაშვილის ჯენიფერ უოლტერსის როლში მოგვევლინება. 9 ეპიზოდისგან შემდგარი სერიალი კომედიური ჟანრის იქნება და მოგვითხრობს ჯენიფერის მხიარული თავგადასავლების შესახებ, რომლებსაც მისი ახლად შეძენილი სუპერძალები იწვევენ.

House of the Dragon (21 აგვისტო, HBO)

Game of Thrones-ის ფინალური სერიის გამოსვლიდან თითქმის სამი წლის შემდეგ, HBO ლეგენდარული სერიალის პრიქველით გვიბრუნდება. House of the Dragon-ში მოქმედება ჩვენთვის ცნობილ სამეფო კარის თამაშებამდე 300 წლით ადრე ვითარდება და ტარგარიანების გვარის დაცემის ისტორიას გვიამბობს. თუკი სერიალის უკანასკნელ ტრეილერს შევავლებთ თვალს, დავრწმუნდებით, რომ მასში დრაკონების ნაკლებობას წამითაც არ ვიგრძნობთ.

The Patient (30 აგვისტო, FX, Hulu)

კრიტიკოსების მიერ ერთხმად აღიარებული The Americans-ის შემქმნელების ახალ პროდუქტს - The Patient-ს მაყურებელი 30 აგვისტოდან იხილავს. სერიული მკვლელის (დომნალ გლისონი) ტყვეობაში მყოფი თერაპევტი (სტივ ქარელი) ცდილობს თავი დაიხსნას მკვლელის მარწუხებიდან და მის გონებაში შეაღწიოს.

Andor (31 აგვისტო, Disney+)

შორს, ჩვენგან ძალიან შორს, გალაქტიკა ზრდას აგრძელებს, The Mandalorian-სა და Obi Wan Kenobi-ს წარმატების შემდეგ, ვარსკვლავური ომების სატელევიზიო სამყარო Andor-ით გრძელდება. 2016 წელს გამოსული Rogue One-ის პრიქველი კასიან ანდორის მოგზაურობაზე იქნება კონცენტრირებული.

ზევით