#კინო #საზოგადოება

9 ფილმი ძლიერი, გამორჩეული და ფენომენალური ქალების შესახებ

გაზიარება:

ქალი საოცრებაა! ეს აქსიომაა! თუმცა დროდადრო საკუთარ თავსაც უნდა შევახსენოთ, რამხელა პრივილეგია და ბედნიერებაა ქალად გაჩენა. ამჯერად The Diary იმ ფილმების ჩამონათვალს წარმოგიდგენთ, რომლებიც ქალების ფენომენალურ ხასიათს, სიმტკიცეს, ძალას, გონებას, თუ სხვა იმ მიზეზებს უსვამს, რის გამოც ჩვენი გენდერით უნდა ვიამაყოთ.

MULAN (1998)

დისნეის “პრინცესებისგან” განსხვავებით, მულანი თეთრ რაშზე ამხედრებულ უფლისწულს ნამდვილად არ ელის, მეტიც, აბჯარსაც თავად ისხამს და ცხენზე თავად ჯდება. 1998 წლის ანიმაციური ფილმი ერთი მამაცი გოგონას ისტორიას მოგვითხრობს, რომელიც ხანში შესული მამის დასაცავად ჩინეთის ჯარს მამაკაცის ფორმაში გადაცმული უერთდება, საბოლოოდ კი საკუთარ თავში იმხელა ძალას პოულობს, რომ ჰანის არმიას თავად ამარცხებს. დიახ, პატარა გოგონები ასეთი ისტორიებით უნდა აღვზარდოთ!

 

THE FIRST WIVES CLUB (1994)

რაც შეეხება დიდების კინოს, მეგობრობის, ქალური თანადგომის და ერთგულების ნათელი მაგალითი 1996 წლის ფილმი - The first wives club გახლავთ. მეგობრის გარდაცვალების შემდეგ, კოლეჯის ამხანაგები 30 წლიანი პაუზის შემდეგ იკრიბებიან და ხვდებიან, რომ თითოეული მათგანი ყოფილი ქმრების მხრიდან მოტყუებული, იმედ გაცრუებული, ან დამცირებულია, ამიტომ გამოსავალს შურისძიებაში პოულობენ.

 

MONA LISA SMILE (2003)

ფილმი 1950-იანი წლების ქალთა კოლეჯის შესახებ მოგვითხრობს, სადაც მუშაობას გამორჩეული მასწავლებელი იწყებს. ჯულია რობერტსის პერსონაჟი გენდერული თანასწორობისთვის აქტიურად იბრძვის და დიდ გავლენას ახდენს სტუდენტებზე, რომლებიც ნელ-ნელა ხვდებიან, რომ მათი მომავალი უბრალოდ ცოლის სტატუსს არ მოიცავს.

 

QUEEN OF KATWE (2016)

ქალი რეჟისორის მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი 10 წლის გოგონას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც კატვეში, უგანდაში ცხოვრობს. მას შემდეგ, რაც ფიონას ჭადრაკის თამაშის ნიჭი აღმოაჩნდება, მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება და სიღარიბიდან თავის დაღწევის შანსიც ჩნდება.

 

THE SECRET LIFE OF BEES (2008)

1964 წელს, ადამიანის უფლებათა მოძრაობის პერიოდში, 14 წლის ლილი მოძალადე მამას თავს აღმზრდელთან ერთად დააღწევს. ისინი თავს ბოუთრაიტის დებთან აფარებენ, სადაც ლილი ცხოვრებაში პირველად ხედავს, თუ რამხელა ძალა აქვს ქალების ერთიანობას.

 

THE HELP (2011)

60-იან წლებში ახალგაზრდა სკიტერი (ემა სთოუნი) მშობლიურ ქალაქში - მისისიპიში კოლეჯიდან ბრუნდება, სადაც მწერლის სტატუსით პირველი პროექტის მომზადებას ცდილობს. ის წიგნის წერას შავკანიანი მოსამსახურე ქალების შესახებ იწყებს, რომლებიც ქალაქის წარჩინებულ ოჯახებს მთელი ცხოვრებაა ემსახურებიან. სულისშემძვრელი ისტორია იმ ქალების შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც უსამართლობის მიუხედავად ღირსებას არასდროს კარგავენ.

 

ERIN BROCKOVICH (2000)

ფილმი, რომელმაც ჯულია რობერტსს პირველი ოსკარი მოუტანა, რეალურ ამბავს ეფუძნება. მარტოხელა დედა - ერინ ბროკოვიჩი ავტო საგზაო შემთხვევის შემდეგ მუშაობას საადვოკატო ფირმაში მდივნად იწყებს. მალე ის ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის გამომძიებელი ხდება და ასობით ოჯახის ცხოვრებას ცვლის.

 

HIDDEN FIGURES (2016)

კინოაკადემიის ჯილდოზე ნომინირებული ფილმი NASA-ს შიდა სამზარეულოში გვამოგზაურებს. ისტორია 1961 წელს ვითარდება და სამი აფრო-ამერიკელი ქალის შესახებ მოგვითხრობს, რომლებმაც აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ ადამიანის მთვარეზე გაშვებაში გადამწყვეტი როლი შეასრულეს. ამავდროულად ისინი რასობრივი სეგრეგაციისა და სამუშაო სივრცეში სექსიზმის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ.

 

BRAVE (2012)

საბედნიეროდ თანამედროვე ანიმაციური სამყარო პრინცესებს უფლისწულისა და კოცნის მოლოდინში აღარ წარმოგვიდგენს. 2012 წლის მულტფილმი შოტლანდიის მეფისა და დედოფლის ქალიშვილზე მოგვითხრობს, რომელიც მოჯადოებული დედის გადასარჩენად საკუთარ თავში ძალას პოულობს და ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ოჯახი ისევ გააერთიანოს.

 

ზევით