„აი ია ყვავილია“: შალვა ნიკვაშვილის პირველი პერსონალური გამოფენა საქართველოში

ღონისძიება, რომელიც აუცილებლად უნდა მოინიშნოთ: The Why Not Gallery 18 სექტემბერიდან ხელოვან შალვა ნიკვაშვილის პირველ პერსონალურ გამოფენას „აი ია ყვავილიას“ მასპინძლობს. პროფესიით მოდის დიზაინერი შალვა ნიკვაშვილი წარმოგვიდგენს გამოფენას, რომელშიც კოსტუმი და ზოგადად პერფორმატიულობა წამყვანი როლს თამაშობს, როგორც კამუფლაჟი, საკუთარი თავის დასაცავად, საკუთარ ტრავმებში ჩასაღრმავებლად.

„აი ია ყვავილია“ პირველი წინადადებაა, რაც სკოლაში ვისწავლე. ყველაზე ლამაზი წინადადება იყო, რაც კი ოდესმე გამიგია. შეიძლება ჩემი ცხოვრებაც მინდოდა ისეთი ლამაზი ყოფილიყო, როგორც ეს სიტყვები ერთად.

„ამ გამოფენას ბავშვობის მოგონებებს ვუძღვნი; სიყვარულს და სიძულვილს ჩემი ქვეყნისადმი, სადაც დავიბადე, რომელმაც გამამდიდრა, მაგრამ ამავდროულად გამანადგურა“- ვკითხულობთ შალვას ტექსტში.

გამოფენა იმდენად პერსონალურია, ხელოვანის დაბადების მოწმობის ორიგინალით იწყება და სავსეა პირადი სიმბოლიზმით, რომელიც შემდგომ უფრო ფართო, კულტურული რეფერენსებით იტვირთება. ერთგვარი პერვერსიული სასიყვარულო წერილი სამშობლოს, თანაბარი ბრაზით, აგრესიითა და სიყვარულით სწავლობს ტრადიციული, მასკულინური კულტურის მთავარ გამომხატველებს და თავდაყირა აყენებს მის ცენტრალურ სიმბოლიკას.

შალვა ნიკვაშვილის შესახებ...

შალვა ნიკვაშვილი მულტიმედია ხელოვანია, რომელიც იდენტობასა და მეხსიერების გარშემო მუშაობს, იკვლევს სილამაზის და მანიპულაციის საზღვრებს. იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიაში, დიზაინის ფაკულტეტზე და შემდეგ სწავლა განაგრძო ანტვერპენში, სამეფო სამხატვრო აკადემიაში ქანდაკების ფაკულტეტზე.

შალვას ნამუშევრები გამოფენილა ევროპის არაერთ გალერეასა თუ მუზეუმში, მათ შორის KW Institute for Contemporary Art-სა და Barbara Thumm Gallery-ში. მისი შემოქმედება გაშუქებულა ისეთ წამყვან სახელოვნებო პუბლიკაციებში როგორიცაა ID magazine, Vice, Metal Magazine და სხვა. 2021 წელს მან იმუშავა რეჟისორ კირილ სერებრენიკოვთან ერთად და დ.შოსტაკოვიჩის ოპერა ‘ცხვირი’-სთვის შექმნა ნიღბები. შალვა ამჟამად ცხოვრობს და მუშაობს ბელგიაში.

ზევით